ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
1 დეკემბერი, 2020


დღიური (კინოსცენარი)

ნიკოლოზ ლეჟავა
კინოსცენარი

1. ტიპიური, საშინლად მოუწესრიგებელი, ერთოთახიანი ბინა. ბინის პატრონი, ოცდახუთი წლის ზაზა, კედელზე შავი პასტელით ეკლიან მავთულხლართს ხატავს. როცა ამ საქმეს დაასრულებს, დღიურში ჩაწერს.

ზაზა

1999 წლის 4 იანვარი.
ჩემ ბინაში ვერავინ ვერ შემოაღწევთ!

2. რამდენიმე დღის შემდეგ. იგივე ოთახი. ზაზა ომის ფოტოებს ათვალიერებს. ერთი მათგანი გამოარჩია - „ბეემპეზე” მომღიმარი მებრძოლი წამოწოლილა. ეს ფოტო კედელზე მიაკრა და გარშემო, ჩარჩოს მსგავსად, შავი პასტელით ხაზი შემოატარა. საწოლზე მიცვალებულის პოზაში წამოწვა და მთელს ტანსა და სახეზე, პლედი გადაიფარა. მალე, სპაზმური ხველა დაეწყო, წამოჯდა და ადიალის წიბო პირზე აიფარა. როცა ხვალამ გადაუარა, ამონახველს დახედა, სახე შეეცვალა... დღიური უხასიათოდ აიღო და ჩაწერა.

ზაზა
10 იანვარი.
ისევ სისხლი ამოვახველე...

ოთახში ცივა, პლედი შემოიფარა. მერე, ჟანგიან ღუმელში შეყარა ძველი ფეხსაცმელი, სადარბაზოს კარების წინ გაფენილი რეზინის ნაჭერი და წითელი ოყნა. ფანჯარაში გაიხედა იმ მხარეს, სადაც საკვამური მილი გადის - შავმა კვამლმა მთელი კორპუსი მოიცვა.

ზაზა
ერთი თქვენი დედაც...

იატაკს (პარკეტს) დააჩერდა და დღიურში ჩანაწერი მიამატა.
ზაზა
ანდერძი: იატაკი დაწვას თუ გადაურჩა, ჩემს საფლავს, ქვის ნაცვლად, პარკეტის ნაჭერი დაადეთ!

ისევ მიცვალებულის პოზაში გაიშხლართა და თავისი პანაშვიდი წარმოიდგინა.

3. რამდენიმე დღე გავიდა. ზაზა ოთახში ბოლთას სცემს. კოლოფიდან პასტელის ნატეხი აიღო და კედელზე დაწერა - „გავრეკე!” - დახედა პასტელს, მწვანე ფერისაა; გააგრძელა წერა. - „მწვანედ გავრეკე!” - მოისროლა მწვანე პასტელი და იღებს წითელს; ისევ წერს. - „წითლად გავრეკე!” - წითელ პასტელს ლურჯით ანაცვლებს. - „ლურჯად გავრეკე!” - ბოლოს, გადახედავს თავის „შემოქმედებას” და წამოიძახებს - „ეე, მართლა გავრეკე!”.

4. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა. იგივე ოთახი. ზაზამ დღიურში ჩაწერა.

ზაზა
26 იანვარი.
გავცოფდი... ძაღლების გამოფენაზე სიავეში პირველ ადგილს მომანიჭებენ!

დაიღრინა... მერე, გაეცინა და თავისთვის თქვა.

ზაზა

არ მეგონა, თუ დღეს ჩემს თავს გავაცინებდი.

5. რამდენიმე დღის შემდეგ. იგივე ოთახი. ზაზა ახლაც ომის ფოტოებს ათვალიერებს. ისევ სპაზმური ხველა აუტყდება. პირზე ცხვირსახოცი აიფარა. როცა ხველამ გადაუარა, დახედა ცხვირსახოცს და თქვა.

ზაზა
ისევ სისხლია...

მერე, დღიურში ჩაწერს.

2 თებერვალი.
მალე, ჩემი დაბადების დღე მოვა - არავის არ გელოდებით!

6. ათი დღის შემდეგ. ზაზა სახლშია. სამზარეულოში გადის. მაცივარს გამოაღებს, ცარიელია. საპურეს გახსნის, პურის ნაჭერს აიღებს, სადღაც ხახვს იპოვის და მიატანს; თან ფანჯარაში იყურება. ვიღაც ორი, მთვრალი ახალგაზრდა ხელიხელგადახვეული ქუჩას სიმღერით მიუყვება. ოთახში დაბრუნებული, დღიურში ჩანაწერს აკეთებს.

ზაზა
12 თებერვალი.
დღეს ჩემი დაბადების დღეა. დავიღალე ცხოვრებისაგან...

7. შემდეგი დღე. იგივე ოთახი. საღამოა. ზაზა საწოლზე მიცვალებულის პოზაში წევს, ჭერს მისჩერებია. წამოდგება და სამზარეულოში საკვების საძებნელად გადის. ვერ პოულობს, პურის ნატეხიც არ აქვს. ფანჯრიდან მიაჩერდება მინიმარკეტს. ქურთუკს მოიცვამს და სახლიდან გადის.

8. შედის მარკეტში. მარკეტის მფლობელი - თომა, სამოციოდე წლის მამაკაცი, თავადაა გამყიდველი, ერთი გოგო ჰყავს აყვანილი დამხმარედ (ელენე), ლამაზია. ზაზამ, ჯერ თომას გაუღიმა, შემდეგ, ელენეს.

ზაზა
ბატონო თომა, პური მინდა, ნისიად!

თომა
რამდენი?

ზაზა
რამდენი? (ენა დაება) ოთხი... ხუთი აჯობებს!

თომა
ალბათ, სტუმრები გყავს?

ზაზა
ხო, სტუმრები მყავს...

თომა
სხვას რას წაიღებ?

ზაზა
(მოულოდნელობისგან ისევ დაება ენა) ძეხვიც მინდა, ოღონდ, ნისიად...

თომა
ვიცი, რომ ნისიად, ეს ხომ უკვე მითხარი.

ზაზა
ხო, უკვე გითხარით... აი, ის, დიდი ნაჭერი!

ძეხვის გარდა, თომამ თავისი ინიციატივით ზაზას გადმოულაგა რამდენიმე კონსერვი, კარაქი, ყველი, შაქარი და ყავაც.

ზაზა
ერთი კვირის შემდეგ გადავიხდი ვალს!

თომა
კეთილი.

9. სახლში დაბრუნებული ზაზა გვარიანად დანაყრდა. მორჩენილი პროდუქტი კარადასა და მაცივარში დააბინავა. საწოლზე ისევ მიცვალებულის პოზაში დაწვა და ჭერს მიაჩერდა. მერე, სარკისკენ გაიხედა, რომელშიც მისი ანარეკლი ჩანდა და თავის თავს თითის გაშვერით უთხრა.

ზაზა
ერთი კვირის შემდეგ, როცა ვალის დაბრუნების დრო მოვა, რაღაც მოხდება - „ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი”! თუ მე არ მოვკვდი, იქნებ, თომა მოკვდეს! ან სულაც, წარღვნა იყოს და ყველანი ერთად დავიხოცებით!

საწოლიდან წამოდგა და დღიურში ჩაინიშნა:

ზაზა
13 თებერვალი.
წარღვნას ველოდები!

10. ერთი კვირა გავიდა. ზაზა სახლშია, სამზარეულოში საკვებს ეძებს, მგარამ ამაოდ; პურის ხმელი ნატეხიც ვერ მოიძია. ფანჯრიდან თომას მარკეტს მიაჩერდება. ოთახში შედის და დღიურში ჩაწერს.

ზაზა

20 თებერვალი.
წარღვნა არ მოხდა! არადა, მას მთელი ერთი კვირა ველოდი...

11. ქურთუკი მოიცვა და ქუჩაში გავიდა. მართალი კაცივით წელში გამართული შევიდა თომას მარკეტში.

ზაზა
ბატონო თომა, გამარჯობა! მე თქვენი ვალი მაქვს... შეგიძლიათ, კიდევ ერთი კვირა მადროვოთ? სამსახურს ვიწყებ, დიდი ხანია, ამ ადგილს ველოდებოდი... თუ პრობლემას არ წარმოადგენს თქვენთვის, ვალს ცოტას კიდევ დავამატებ და იქით კვირაში, დღეის სწორს, ყველაფერს ერთიანად გადაგიხდით!

თომა
კეთილი, იქით კვირას იყოს. დღეს რას წაიღებ?

ზაზა
პურს...

და სანამ დანარჩენს იტყოდა, თომამ თავისი ინიციატივით გადმოულაგა იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე პირველ დღეს მისცა - და გაუღიმა... ზაზამაც გაუღიმა თომას, ჯერ თომას და მერე, მის დამხმარე გოგოს.

12. სახლში დაბრუნებულმა დღიურს ორი სიტყვა მიამატა:

ზაზა

P.S. თომა გიჟია!

13. სხვა დღე. ოთახში, ზაზა წამოწოლილია და რადიოს უსმენს. ახალ ამბებში გადმოიცა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ გააფთრებით დაუპირისპირდა ერთიმეორეს - მიტინგი, დარბევა, გაფიცვა... განერვიულებული ზაზა წამოდგა, ბოლთის ცემას მოჰყვა, თან აყვირდა.

ზაზა
ხმაურით ცდილობენ ხმაურის ჩახშობას! ის, რაც მათ დემოკრატია ჰგონიათ, მალე ანარქიად იქცევა! ასპარეზზე ვინმე დესპოტი უნდა გამოჩნდეს - დააშოშმინებს ყველას! აი, ასე...

თითქოს შაშხანა უჭირავსო, მოძრაობით გამოხატა ის, რასაც იძახდა.

В перёд калы, назад кондах!  კიდევ: В перёд калы, назад кондах!  იქამდე, სანამ ქვეყანაში „ბრბოს” პოლიტიკოსობის ჟინი არ მოეშლება!
P.S.  ვბრძანებ: მთელი ქვეყნის მაშტაბით აიკრძალოს ადამიანთა ჯგუფური თავშეყრა, პოლიტიკაზე საუბარი და ფიქრი!
ბრძანებას ხელს ვაწერ: დესპოტი ზაზა.

14. სხვა დღე. ზაზამ დღიური გადაშალა და ჩაწერა.

ზაზა
2 მარტი.
საშინელი ომი იქნება!

დღიური განზე გადადო. წამოდგა, ბოლთის ცემას მოჰყვა. მერე, გაჩერდა და კედელზე გამოსახულ თავის ჩრდილს თითის გაშვერით მიმართა.

ზაზა

ვაი, იმას, ვინც არ იცის, ომი რა არის! ორმაგად ვაი იმას, ვისაც დასაკარგი აქვს რაიმე! მე გამიმართლა - ომიც მინახავს (აფხაზეთის ომში მოხალისედ წავედი...) და არც არაფერი მაქვს დასაკარგი! რა არის ომი? ომის შინაარსი სანგარში მწოლიარე „კარიფანის” სიტყვებშია მოქცეული - მან წამოიძახა: „რას წარმოვიდგენდი, ოდესმე ადამიანებზე თუ მომიწევდა ნადირობაო...” - კარიფანი, ომამდე საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო.

მერე, ამ გაშვერილი თითით, თითქოს პისტოლეტიაო, თავისი ჩრდილი მოკლა - „ბახ!”

15. რამოდენიმე დღის შემდეგ. ზაზა ქალაქში გადის. რომელიღაც სამხატვრო გალერეას ჩაუარა. მისი ყურადღება მიიქცია აფიშამ, რომელზეც უცნაური არსებაა გამოსახული - „პიროვნების გაბევრების ფაქტი გაორებულ და ერთაზრიან პირთა ფონზე”. შედის დარბაზში და ამ ნამუშევრის წინ ჩერდება. სხვა ნამუშევრებს ზერელედ შეავლებს თვალს. ხელების გაშლით, როგორღაც ცდის კიდეც, ნამუშევარზე აღბეჭდილი არსების ფორმა მიიღოს. დიდხანს მისჩერებია... დარბაზიდან გამოსული, აფიშას მალულად ჩამოხსნის, დააგორგოლავებს და სახლში მიაქვს. სახლში აფიშას კედელზე გააკრავს და კიდევ ერთხელ ცდის, ამ უცნაური არსების ფორმა მიიღოს. ბოლოს, თავისთვის იტყვის.

ზაზა
ეს ჩემი პორტრეტია!

საწოლზე ისევ მიცვალებულის პოზაში წვება; დასძენს.

ზაზა
ეჰ, დღეს რამდენი რამ დამრჩა დღიურში ჩასაწერი... დღიურის დედაც!

16. სხვა დღე. ოთახში, ზაზა დღიურის წერას აგრძელებს.

ზაზა
14 მარტი.
ისევ ფილოსოფიაზე ვფიქრობ - ენას მოვიჭრი! არა, ტვინს ამოვიჭრი!

17. შემდეგი დღე. ზაზა დღიურში ჩაწერს.

ზაზა

15 მარტი.
დამთავრდა ფილოსოფია - მე მშია!!!

18. ქუჩა, თომას მარკეტის სიახლოვეში. ზაზას მარკეტში შესვლისა მოერიდა, თუმცა ისე გაჩერდა, რომ თომას ის შეემჩნია. თომამ მოუხმო, მეგობრულად ხელი ჩამოართვა და ჯამრთელობის ამბავი ჰკითხა.

ზაზა
მახველებს, ისევ სისხლი ამოვახველე...

თომა
ზაზა, ჩემი უახლოესი მეგობარი, პროფესორი, ტუბდისპანსერში ექიმია; ზედ გადაგყვება, ფულასც არ გამოგართმევს; არ გადადო, ხვალვე მიდი; მე დავურეკავ მას...

ამ საუბარში, თომამ ზაზას დიდი პოლიეთილენის პარკი პროდუქტით გაუვსო; ერთი ბოთლი სამარკო ღვინოც აჩუქა და უთხრა, რომ არაფერზე ედარდა. უცებ, მაღაზიაში ასეთი უცნაური რამ მოხდა: თომას დამხმარე გოგომ საკუჭნაოს კარი შეაღო, ორპირი ქარი წარმოიშვა და თაროდან ერთი მცირე ზომის, სიფრიფანა ხატი გადმოაგდო; ხატი პირდაპირ პროდუქთით სავსე პარკში ჩავარდა. ზაზამ შეამჩნია ეს, ხატი პარკიდან ამოიღო და თომას გაუწოდა.

თომა
დაიტოვე...

19. სახლში დაბრუნებულმა ზაზამ ხატს ოთახში საკადრისი ადგილი მიუჩინა, შუშის კარადაში; პირჯვარიც გადაიწერა. დანაყრდა. წამოწვა და ხატს დაუწყო ყურება; როგორღაც გაუჭირდა თვალის გასწორება. მხარი იცვალა, იწრიალა, ვერა და ვერ მოისვენა. წამოდგა და ხატს რაღაც წიგნი ააფარა.

20. შემდეგი დღე, დილა. ზაზამ გაიღვიძა თუ არა, თვალი იმ ადგილისკენ გაექცა,  სადაც ხატი ეგულებოდა. მართალია, ის წიგნით იყო დაფარული, მაგრამ მისმა სიახლოვემ მაინც სიმშვიდე დაუკარგა. წამოდგა და ხატი სამზარეულოში გაიტანა; თაროზე ჩამოდო. ლოგინში ჩაწვა, მაგრამ ისევ მოუსვენრობამ შეიპყრო, აწრიალდა. წამოდგა, ჩაიცვა და ქუჩაში გავიდა. ბევრი იარა... სახლში უარერესად აღგზნებული დაბრუნდა. პირდაპირ სამზარეულოში შევიდა და ხატს ჩხუბი დაუწყო.

ზაზა
იცი, რას გეტყვი - ეს სახლი ჩემია! შენს გამო, სიცივეში გავედი... აქაურობა ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ - ვილანძღო, ვიგინო, ათასი სამარცხვინო საქციელი ჩავიდინო, თუნდაც, ნაგვის ვედრო ჩამოვიმხო თავზე! შენ ამაში ხელს მიშლი! ასე რომ უნდა დატოვო აქაურობა! არც თომა მჭირდება... გავყიდი ამ სახლს - კარგს ვჭამ და კარგს ვსვამ! მაინც ვკვდები...

ხატს ხელი წაატანა, რომ თომასთან წაეღო, მაგრამ რას ხედავს - ხატი ზეთშია დასველებული, შეიძლება ითქვას, ამოგუნგლული. გაოგნებული ყვირის.

ზაზა

საიდან?! ზეთი საერთოდ არ მაქვს სახლში! ეშმაკები ხომ მარბევდნენ, ახლა ანგელოზებიც თავს დამესხმიან!

ხატს პოლიეთილენის პარკში ათავსებს და თომასთან საჩხუბრად გარბის.

რაღაც ხნის შემდეგ, საკუთარი სახლის კარებში, რომელშიც გიჟივით გავარდა, აბსოლუტურად მშვიდი შედის. ხატს თავდაპირველ ადგილზე, ოთახში დააბრძანებს და დღიურში ჩანაწერს სტოვებს.

ზაზა
ეს მირონი ყოფილა...

21. ერთი თვის შემდეგ. ზაზას ოთახი. სუფრას უსხედან ზაზა და მისი ფრონტელი მეგობარი - დათო. მეგობარს სამხედრო, გახუნებული ქურთუკი მოუხურავს. ზაზა მას თავის უკანასკნელ ისტორიას უყვება.

ზაზა
მას მერე, რაც ხატმა მირონი გადმოიდინა, ადამიანებს დავუახლოვდი. გახმაურდა ამბავი მირონმდინარე ხატის შესახებ და მორწმუნეებმა ჩემთან სტუმრობა იწყეს. ძღვენი მოაქვთ - საჭმელ-სასმელი; ზოგმა ხატს ფულიც შესწირა. თუ მანამდე თომას კმაყოფაზე ვიყავი, ახლა ხატი იქცა ჩემ მარჩენლად.

დათომ ხატს მდუმარედ მიაპყრო მზერა...

ზაზა
გერმანიიდან რატომ დაბრუნდი?

დათო
გამომადეპორტეს... იქ კი არა, აქაც არავის ვუნდივართ - ცდილობ, მიეტმასნო საზოგადოებას, ნებისმიერ ხვრელში შეუძვრე, თუნდაც ტრაკში, მაგრამ მისთვის უცხო სხეული ხარ და თავისი თავიდან გამოგდევნის, როგორც განავალს!

დუმილი.

დათო
მახო მოვიგონოთ! „ბეემპეთი” რომ არ შემოჭრილიყო, ალყიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდით... იმ „ბეემპეშივე” ჩაიწვა!

ორივემ, კედელზე მიკრულ ფოტოს შეხედა, რომლიდანაც „ბეემპეზე” წამოწოლილი მახო იღიმებოდა.

ზაზა
გაუმარჯოს მახოს! მისი სიკვდილი უფრო შინაარსიანი გამოდგა, ვიდრე ჩვენი ცოცხლად დარჩენა...

დათო
სიკვდილზე ფიქრობ?

ზაზა
ამ ბოლო დროს აღარ, რაღაც შეიცვალა...

დათო
რა შეიცვალა?

ზაზა
ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი...

დათომ ისევ ის მდუმარე მზერა მიაპყრო ხატს.

დათო
მე მარტო ის ვიცი, რომ არსად არაა ჩემი ადგილი...


22.  ახალი დღე. ზაზა ექიმთან კაბინეტშია. ექიმს მისი ფილტვების რენტგენის ფირი უჭირავს და კიდევ, ანალიზების პასუხი.

ექიმი
საიდან მოიტანე, რომ ტუბერკულიოზი გჭირს?

ზაზა
ნახველს სისხლს ვაყოლებ! დაბალი სიცხეები მაქვს... ტუბერკულიოზით დაავადებული ცხოვრობდა ჩემთან, ოჯახში, მოკვდა...

ექიმი
სიცხე, ხველა, ადამიანებს პერიოდულად გვახასიათებს. რაც შეეხება
სისხლის ამოხველებას, ის სხვა მიზეზითაც ხდება... რამე რომ გჭირდეს, რენტგენზე გამოჩნდებოდა, ანალიზებშიც. მოკლედ, ჯანმრთელი კაცი ხარ! თომას მოკითხვა გადაეცი ჩემგან!


23. ორი კვირის შემდეგ. ზაზამ თომას მაღაზიაში მუშაობა დაიწყო, დამხმარე მუშაცაა, ხან გამყიდველიც. მაღაზიაში ორნი არიან - თომა და ზაზა. ელენე არ ჩანს.

ზაზა
ელენე არ ჩანს...

თომა
ნერვიულობ?

ზაზა
არა...

გაეღიმათ.

თომა
ელენე ავად გამხდარა... (წაიღიღინასავით) გრიპი სჭირს! მე, ის ტელეფონით მოვიკითხე, მაგრამ შენ, ტელეფონი რომ არ გაქვს, რა გეშველება?

ზაზა
მივალ და მოვინახულებ!

თომა
უნდა მიხვიდე და მოინახულო!

თომამ თაროდან ელენეს საყვარელი შოკოლადის ორი ფილა გადმოიღო.

თომა
ერთი შენი სახელით მიართვი, ერთი ჩემი.

ზაზა
არის უფროსო!

სამხედრო სალამი მისცა. გაეცინათ.

24. ზაზა ელენეს ბინას მიუახლოვდა, ზარი დარეკა. კარი ვიოლამ (ელენეს დედამ) გაუღო. უცხო  ადამიანის დანახვაზე შეცბა, ალბათ, გაზის ან დენის კონტროლიორი ეგონა. ზაზა გაეცნო.

ვიოლა
დაუსწრებლად გიცნობ, შვილო!

25. ლამის გულში ჩახუტებულმა სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა.

ვიოლა
ელენეს სიცხე აქვს, ჩაეძინა... გავაღვიძებ.

ხმაურზე ელენეს თვითონ გამოეღვიძა. სასტუმრო ოთახში გამოვიდა. გაუხარდა ზაზას დანახვა; თუმცა საძინებელში შებრუნება სცადა, რომ მოწესრიგებულიყო. არადა, ზაზას ასეთი უფრო მიმზიდველი ეჩვენა ელენე, რაც ვერ დამალა. ელენე ღიმილით დათანხმდა დარჩენილიყო... ზაზამ შოკოლადის ფილები გადასცა.

ელენე
ოოო...

ვიოლამ ისე დატოვა ოთახი, სახიდან ღიმილი არ გადასვლია; სამზარეულოს მიმართულებით გაუჩინარდა. გასულს, ელენემ კარები უხმოდ მიუხურა და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაეშვა. საკმაოდ ინტიმური ატმოსფერო ჩამოყალიბდა. ელენემ შოკოლადს ქაღალდი შემოაცალა, დაამტვრია და ზაზას გაუწოდა. ზაზამ მისი ხელის მტევანი ხელში მოიქცია და მოეფერა.

ელენე
არ გეშინია, გრიპი რომ გადაგდო?

ზაზა
თუ გრიპს გადამდებ, ხურდაში ტუბერკულიოზს დაგიბრუნებ!

გაეცინათ. ზაზამ თავს მისცა უფლება ელენესთვის ეკოცნა. ელენე არ აყვა, მაგრამ არც შეეწინააღმდეგა.

26. ბოლოს წინა კარი. სამშენებლო საქონლის მაღაზიაში ზაზა და ელენე შპალერს არჩევენ.

ზაზა
ელენ, აი, ეს ფერი მოუხდება ჩვენ სახლს!

ელენეს უცებ სახე შეეცვალა.

ზაზა
არ მოგეწონა?

ელენე
თავბრუ დამეხვა...

ზაზა
რატომ?

ელენე (ღიმილით)
ორსულობისგან.

ზაზა
აა...

ზაზამ აკოცა.

27. უკანასკნელი კადრი: ზაზა და ელენე კედელზე შპალერს აკრავენ - ეკლიანი მავთულხლართი გადაიფარა.

დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები