ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზურა ბანი
ჟანრი: პროზა
24 დეკემბერი, 2020


წიწამურის ტრაგედია

  წიწამურის ტრაგედია
  მცხეთის რაიონის უფროს გამომძიებელ ქაიხოსრო აკოფაშვილის ოთახში ტყემლის და მჟავე ღვინის სუნი იდგა. წინა დღის ნამთვრალევი ქაიხოსრო წუხანდელი სუფრის ნარჩენებს მიირთმევდა, რომელიც მისმა ძალუამ ქეიფის შემდეგ გამოატანა. ძალუას სახლი პოლიციის შენობასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მისი სახლი, ამიტომ მან გადაწყვიტა სამსახურში გამოეძინებინა და საგზალიც თან წამოიღო. მართალი რომ ვთქვათ სახლის სიშორე არაფერ შუაში არ იყო, რადგან მას შემდეგ რაც ქაიხოსროს ცოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მას სახლში გული მაინცდამაინც არ უწევდა.
    შუადღე გადაცილებული იყო, როდესაც მისი კაბინეტის კარები გაიღო და ოთახში მისი მოადგილე შემოვიდა - “უფროსო, მკვლელობაა, თან ორმაგი” - აღელვებულმა მოახსენა უფროსს.
ქაიხოსრომ დაღლილი თვალებით ახედა მოადგილეს. მკვლელობა თავის რაიონში, თან ორმაგი, თან იმ დღეს, სრულიად არ შედიოდა მის გეგმებში. - “სად?” - მოკლედ მიმართა მოადგილეს.
“საგურამოსთან უფროსო, შესასვლელში”
“გაემზადე, წავედით.” - ზლაზვნით წამოდგა ფეხზე ქაიხოსრო. ბიჭები წამოიყვანე და რაც საჭიროა ყველაფერი წამოიღე.

      მკვლელობის ადგილზე ცნობისმოყვარეები და მეგაზეთეები შეკრებილიყვნენ. ქაიხოსროს გამოჩენისთანავე ხალხს შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი დამწყები გამომძიებელი სერგო მაჭაშვილი გამოეყო და მასთან ახლოს მივიდა. “უფროსო, ისაა მკვდარი...და მისი დაცვა” - დაბნეულად თქვა მან.
“ვინ ისა?”
“ისა უფროსო” - ჩურჩულზე გადავიდა სერგო - “საზოგადო მოღვაწე რომაა… ისა...ილია ჭაჭავაძეა მოკლული.”
“ილია?” - შეშფოთებულმა ჩაილაპარაკა ქაიხოსრომ და გაიფიქრა “ რაღა ჩემს უბანში მოკლეს, მთელ საქართველოში დადიოდა და ბედი არ უნდა ყველაფერს?” . ქაიხოსრო მკვლელობის ადგილს მიუახლოვდა და მოადგილეს ანიშნა ხალხი მოაშორეო აქაურობას. დანაშაულის ადგილას ახლოს რომ მივიდა დაინახა რომ ვიღაც ქალი ძლიერ მოთქვამდა - “სადაც ჩემი მეუღლე, მეც იქ… მეც წამიყვანე ღმერთო!”. ამ სურათის ნახვამ ძალიან იმოქმედა ქაიხოსროზე. “ეს ვინაა, ცოლია?” - შეეკითხა მოადგილეს. “დიახ უფროსო, წინ გადადგომია თურმე მკვლელებს, არ ესროლოთო, მაგრამ იმებს იარაღის კონდახი ჩაუცხიათ მისთვის, მერე თავის დაცვიანათ ჩაუცხრილავთ ჭაჭავაძე.” - მოახსენა მოადგილემ.
  ქაიხოსროს უამრავი საზარელი მკვლელობა უნახავს, მაგრამ ყოველთვის დანაშაულის დროს ცოცხლად გადარჩენილები უფრო ეცოდებოდა. მისი მიზანი არასდროს ყოფილა საზოგადოების გადარჩენა. მას მხოლოდ მისი მცირე ნაწილის გადარჩენა ჰქონდა მიზნად. უფრო სწორედ მხოლოდ მასთან ახლოს მყოფი ხალხის გადარჩენა. უნივერსიტეტში ის იურისპუდენციას სწავლობდა,ოღონდ იურისპუდენციის მხოლოდ მცირე ნაწილს. კიდევ უფრო სწორად მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც გამოცდების ჩასაბარებლად ჭირდებოდა. თავდაპირველად ის სამსახურში მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის პოლიციის განყოფილებაში მიიღეს, შემდეგ დააწინაურეს და უკვე მცხეთის მთავარ პოლიციაში გადაიყვანეს. ალბათ კიდევ უფრო დაწინაურდებოდა რომ არა მისი ცოლის, ლიუდმილა პიტიახშ-სამსონოვას თვითმკვლელობა. ლიუდმილას სიკვდილმა ყველაფრის სურვილი დაუკარგა. ეხლაც დასცქეროდა ორ მიცვალებულს და ორივეში ლიუდმილას ხედავდა.
  “ქიუ, ქიუ!’ მოესმა მას უკნიდან. ასე მას მხოლოდ ერთი ადამიანი უძახდა - მისი თანაკურსელი დრეზდენის უნივერსიტეტიდან სხივი კვასხვაძე, რომელიც ამჟამად ვლადიმერ ბაში-აჩუკის სახელობის სპეცდანიშნულების ბატალიონს ხელმძღვანელობდა. ქიუ მას თანაკურსელებმა შეარქვეს, რადგანაც ქაიხოსრო ძნელი წარმოსათქმელი იყო გერმანელებისთვის და მისი სახელის პირველი ასო შეერქვა.
  “სხივი, შენ აქ რა გინდა ტო?’ - გაუკვირდა ქიუს სპეცრაზმელების დანახვა.
    “დაუძახე მთელ შენს განყოფილებას და სასწრაფოდ მოაშორე ყველა აქაურობას” - ენერგიულად მიმართა მას სხივმა.
    “რა იყო, რა ხდება?”
    “რა ხდება და არ იცი ვინ მოკლეს? არასამთავროების ლიდერია მოკლული!”
    “როგორ არ ვიცი კაცო, ჭაჭავაძე ვინ არ იცის” - უპასუხა ქიუმ და მერე ჩურჩულით უთხრა - “ეგ მაგათი ინფორმატორი არ იყო?”
    “არა რა ინფორმატორი, გააფრინე სულ? ინფორმატორი რომ არ იყო იმიტომაც მოკლეს და ეხლა ამაზე ერთი ამბავი რომ ატყდება, იმიტომაც გამომიშვეს მე აქეთ” - მიუგო სხივმა. “ მოწმეები არიან?”
ქიუმ სერგოს დაუძახა და იგივე კითხვა დაუსვა. სერგომ ვიღაც ორი ადგილობრივი მოიყვანა, რომლებმაც მკვლელობის პერიპეტიები მოყვეს. ქიუს მთელი ამ ისტორიიდან მხოლოდ ცოლის სიტყვები დაამახსოვრდა, რომელიც ილია ჭაჭავაძის ცოლს მკვლელებისთვის უთქვამს: - “სადაც ჩემი მეუღლე,მეც იქ.” სხივმა კიდევ რამოდენიმე შეკითხვა დაუსვა მოწმეებს და ისევ ქიუს მიუბრუნდა - “მკვლელებს თუ დავიჭერთ ას პროცენტიანი სიკვდილი აქვთ მისჯილი, ამიტომ ძნელი იქნება მაგათი პოვნა”. ქიუმ ქვემოდან ახედა სხივს და უთხრა - “ჩვენც ყველას სიკვდილი  გვაქვს მოსჯილი”. სხივმა გაკვირვებულმა გადმოხედა - “რა მოსჯილი, რეებს ბაზრობ?”.
“რა და როგორც კი დავიბადეთ მაშინვე სიკვდილი მოგვესაჯა, ოღონდ აღსრულება გვაქვს ყველას სხვადასხვა დროს დანიშნული, ზოგს ადრე, ზოგს გვიან.” - აუხსნა ქიუმ. “მაიცა თუ ძმა ხარ, რა დროს ეგენია, მიდი საქმეს მივხედოთ” - შეუბრუნა სხივმა და მანქანისკენ გასწია.
   
    ორი საათის შემდეგ ქიუ საკუთარ სახლში ტახტზე იჯდა და ტელევიზორს შესცქეროდა. ცენტრალურ არხზე სერიალ “300 არაგველის” ფინალური სერია უკვე მეხუთედ გადიოდა. მაგრამ მას აღარაფერი აინტერესებდა, თვალწინ სულ ახლახან მოკლული ილია ჭაჭავაძის მეუღლის სახე ედგა, განწირული ხმით რომ გაჰკიოდა: “სადაც ჩემი მეუღლე, მეც იქ” და უკვირდა რატომ თვითონ არ იყო ესეთ დღეში. ვინ იცის იმ საბედისწერო დღის შემდეგ რამდენჯერ წარმოუდგა თვალწინ მისი საყვარელი მეუღლის, ლიუდმილას სიცოცხლის უკანასკნელი წამები. ის თუ როგორ დაურეკა მობილურზე უკანასკნელად ლიუდმილამ როდესაც ის თავისი კორპუსის ეზოში მანქანას რეცხავდა, როგორ უთხრა ამომხედე აივანზეო, როგორ ახედა ეზოდან აივანზე გადმომდგარ მეუღლეს, როგორ უთხრა უკანასკნელად ლიუდმილამ მიყვარხარო და როგორ გადმოეშვა შურდულივით 22-ე სართულიდან თმებაშლილი მზეთუნახავი. “სადაც ჩემი მეუღლე, მეც იქ” - კვლავ ეს სიტყვები ამოუტივტივდა თავში ქიუს და მაგიდაზე მიგდებულ იარაღს გადახედა, მაგრამ საზარელი ფიქრი მაშინვე უკუაგდო და “სამასი არაგველის” ფინალურ კადრებს მიაცქერდა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც სამას არაგველთა მეთაური გოდერძი გოდერძაული მოღალატე გულბათააშვილს  თავზე ხმალს აღმართავდა და შემდეგ წიხლის კვრით ხრამში გადაუძახებდა. ამის შემხედვარე მისი ამალა დასჭექავდა “ერთი სამასისთვის,სამასი ერთისათვის, ერთი სამასისთვის, სამასი ერთისათვის…”. ქიუმ ახალი ლუდის ქილა გახსნა და ისევ ტელევიზორს მიაჩერდა. “ერთი სამასისთვის, სამასი ერთისთვის, ერთი სამასისთვის, ჩვენც იქ, სამასი  ერთისათვის, სადაც ჩვენი მეუღლე, ჩვენც იქ, სადაც ჩვენი მეუღლე, ჩვენც იქ…” ქიუს სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. მიხვდა, რომ უკვე მოლანდებები ეწყებოდა და აივანზე გავიდა. ცოტა ხანში დამშვიდდა და ისევ ოთახში შემოვიდა, პულტი აიღო და სასწრაფოდ სპორტულ არხზე გადართო. ინგლისის ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობდა, “ლივერპული” “არსენალს” მასპინძლობდა. მსაჯი შესაძლო პენალტის დანიშვნაზე ვიდეორეფერის გადაწყვეტილებას ელოდა. გულშემატკივრები “ლივერპულის” ჰიმნს მღეროდნენ: “იუ ნევერ ვოლკ ელოუნ”. ქიუ ლივერპულის გულშემატკივარი იყო და მათი ჰიმნის გაგონებაზე ტანში აჟრიალებდა. მან  ხმას ბოლომდე აუწია:”ვოლკ ონ, ვოლკ ონ, ჩვენც იქ, იუ ნევერ ვოლქ ელოუნ, სადაც ჩვენი მეუღლე, ჩვენც იქ” - მღეროდნენ ლივერპულის გულშემატკივრები. ქიუ კვირცხლად წამოხტა ტახტიდან და ტელევიზორს ფეხი კრა და გადმოაგდო სადგომიდან აბაზანაში შევარდა და თავი ცივ წყალს შეუშვირა. ცოტა ხნის შემდეგ თავი შეიმშრალა და ისავ აივანზე გავიდა. ზუსტად იმ ადგილზე დადგა საიდანაც ლიუდმილა გადმოხტა ერთი წლის წინ და ქვევით ჩაიხედა. თვალწინ წარმოუდგა ლიუდმილას უკანასკნელი კადრები, თუ როგორი საშინელი სისწრაფით უახლოვდებოდა ასფალტი მის სხეულს. უცებ ქარმა დაუბერა და მანაც საშინელი ფიქრები უკუაგდო. რაღაცნაირად მოუნდა ვიღაცისთვის მოეყოლა ეხ ყველაფერი, მაგრამ რომ დაფიქრდა მიხვდა რომ არავინ ყავდა ესეთი. ერთადერთი ვინც გაუგებდა ლიუდმილა იყო, თუმცა ლიუდმილა წიწამურის სასაფლაოს ცივ სამარეში იწვა. “თუმცა რატომ არა, წავალ და საფლავზე მოვუყვები ჩემს ლიუდმილას, მხოლოდ მას შეუძლია რომ გამიგოს”- გადაწყვიტა ქიუმ და მობილურით ტაქსი გამოიძახა. აივნიდან ოთახში შევიდა, იარაღი აიღო და ქუჩაში გავიდა.ტაქსი მალე მოვიდა. მანქანაში ჩაჯდომისას ტაქსის შოფერი ვიღაცას მიამგვანა, თუმცა ვერ გაიხსენა ვის და ცივად მიესალმა. “საით გაგიწევიათ ბატონო”- რაიონელის აქცენტით მიმართა მძღოლმა. “წიწამურის სასაფლაოზე ამიყვანე”. “ამ შუაღამეს ბატონო?” გაიკვირვა მძღოლმა. “ხო, ამიყვანე, შეკვეთაში ხომ გიწერია. ცოტა ხანი დამელოდე და მერე უკან ჩამომიყვანე, იქ კი არ ვაპირებ დარჩენას!” გაბრაზებულმა მიუგო ქიუმ და შუშაზე მიკრულ მძღოლის ლიცენზიას ჩააცქერდა. “მძღოლი ზვავი ფანასკერტ-ოღლი” ეწერა ლიცენზიაზე. “სადაურები ხართ ფანასკერტ-ოღლები?” შეეკითხა მძღოლს. “აბასთუმნიდან”. მეცნობა რაღაც ეგ გვარი”.- მიაცქერდა ქიუ მძღოლს. მძღოლმა არაფერი უპასუხა და მანქანა დაძრა.
  სასაფლაოზე სიწყნარე იყო. ქიუ მანქანიდან გადმოვიდა და ლიუდმილას საფლავისკენ გაემართა. მისი სასაფლაო იქვე შესასვლელთან იყო. მძღოლიც გადმოვიდა და უცნაურ მგზავრს თვალი გააყოლა. ქიუმ საფლავზე შესვლამდე იარაღი ამოიღო და საფლავის მოაჯირზე დადო, ლიუდმილას საშინლად არ უყვარდა იარაღი და ქიუც ყოველთვის ჯიბიდან იღებდა მას როცა ლიუდმილასთან ერთად  იყო. სასაფლაოს ირგვლივ დარგული ხეები ქარისგან უცნაურ ხმებს გამოცემდნენ. სავსე მთვარე იქაურობას დღესავით ანათებდა. ქიუმ ერთი კი ახედა ხეებს, მერე მუხლებზე დაიჩოქა და იმდღევანდელი ამბის მოყოლა დაუწყო საფლავის ქვაზე გამოსახულ ლიუდმილას სურათს. ამასობაში ტაქსის მძღოლი ფეხაკრეფით მიიპარა ლიუდმილას საფლავთან, ცოტა ხანი უსმინა ქიუს, მერე უხმაუროდ აიღო ქიუს იარაღი და საფეთქელთან მიადო. - “არ გაინძრე თორემ გაგაცივებ ადგილზე”. ქიუმ ხელები მაღლა აწია და ჩუმად იკითხა”ვინ ხარ ძმაო, ფული თუ გინდა უკანა ჯიბეში მიდევს, ამოიღე და წადი.”. ტაქსის შოფერმა ჩაიცინა “არ მინდა შენი ფული შე ნაბოზვარო, იცი ვინა ვარ? არ იცი.  წინასწარმეტყველი ვარ მე”. “რა წინასწარმეტყველი ხარ? ვინა ხარ, რეებს ბოდავ?” - გაუკვირდა ქიუს, თან გაიფიქრა რომ  რაც ეხლა ხდებოდა შეიძლება მის სასიკეთოთადაც კი ხდებოდა. ტაქსის მძღოლმა ჩაიცინა “თუ არა ვარ წინასწარმეტყველი ეხლავე ნახავ. გითხრა ერთ საათში რა მოხდება აქ?” “დავაი მითხარი”-უპასუხა ქიუმ. “რა და ჩემს დარეკილზე მოვარდება პოლიცია, გნახავენ რომ ცოლის საფლავზე აგდიხარ საფეთქელ გახვრეტილი, საკუთარი იარაღი გვერდზე გიგდია. მერე ჩემთან მოვლენ, ტაქსის აპლიკაციაში ნახავენ რომ გამოძახებაში წიწამურის სასაფლაო წერია დანიშნულების ადგილად. მეც  ვიტყვი რომ ტაქსში რომ იჯექი სულ ცოლის სახელს იმეორებდი გიჟივით, მანქანიდან რომ გადმოხვედი იარაღი ამოიღე, მე შემეშინდა და გადმოვხტი მანქანიდან. მერე სროლის ხმა გავიგე და პოლიციაში დავრეკე. ჰა, არა ვარ წინასწარმეტყველი?” - ცივად ჩაიცინა მძღოლმა. ქიუსაც გაეცინა “ეგ კარგი, მაგრამ ჩემი სიკვდილი რაში გინდა?” “რაში მინდა და ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გადევს ნამუსზე, ქაიხოსრო აკოფაშვილო”. “ვისი კაცო, საიდან მიცნობ?” გაიკვირვა ქიუმ. “რა მნიშვნელობა აქვს ამას, იმქვეყნად რომ წახვალ თუ რამე არსებობს მანდ იქ გეტყვიან. აქ კი ცოტა დრო გაქვს დარჩენილი, რამე სხვაზე იფიქრე ჯობია”. “მაიცა, რა გვარი ხარ? ფანასკერტ-ოღლი, ფანსკერტ-ოღლი, ღმერთო რა ნაცნობი გვარია.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მართალი ხარ. ერთი წინადადების თქმის დრო ხომ მაქვს?”- მუდარიანი თვალებით ამოხედა    ქიუმ. ”მიდი, მიდი, დროზე თორემ ცივა აქ,” ქიუმ ლიუმილას საფლავის ქვისკენ გაიხედა და დაიწყო: “სადაც ჩემი მეუღლე, მეც იქ. სადაც ჩემი მეუღლე მეც იქ! სადაც ჩემი მეუღ….”. “ბახ”- გაისმა იარაღის გასროლის ხმა.  ქიუს უსულო სხეული ყრუდ დაენარცხა მეუღლის საფლავზე.

                                                                    გამოსავალი.                                                                                                                ქაიხოსრო აკოფაშვილის ისტორია მცხეთის ფოლკლორში “წიწამურის ტრაგედიის” სახელით შევიდა. იქ სიყვარულის სადღეგრძელოს შესმისას დღემდე იხსენებენ ქაიხოსრო აკოფაშვილისა და ლიუდმილა პიტიახშ-სამსონოვას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას. წიწამურის მოსახლეობამ შეგროვებული თანხით პატარა ქანდაკებაც კი დადგა, ქაიხოსრო აკოფაშვილი საფეთქელთან მიდებული გულით და იქვე ჩამომჯდარი ლიუდმილა. ზვავი ფანაკერტ-ოღლი კი დღემდე ტაქსის მძღოლია და რამდენჯერაც  წიწამურის სასაფლაოსთან გაივლის თავისი პირველი შეყვარებულის სურათს ამოიღებს, რომელიც ოციოდე წლის წინ ავარიაში დაიღუპა. ილია ჭაჭავაძის მკვლელები დღესაც თავისუფლად ნავარდობენ. “სამასი არაგველის” დამდგმელებმა ახალი 9 სერიანი კინო გადაიღეს - “ხერხეულიძეები”. “ლივერპული” კი კვლავ ჩემპიონი გახდა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები