ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გა-მარ-ჯობა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2020


დებიუტი

მე ჰერმეტულად დახურული ჭურჭელი ვარ,
გარს მინა მაკრავს,
ყოველთვის,როცა უჰაერო სივრცეს ვგრძნობ სულში,
მე გამოვდივარ...
არასოდეს თქვა,ეს ეპოქა,ეს სამყოფელი,
ეს ხალხი,ზეცა,დედამიწა,ყველა და ყველა,
გზას მივუყვები და ბილიკს ვთელავ.
ვიღვიძებ მარტო - მზის იმედად დარჩენილი ვარ,
უფრო ზუსტად კი მისი სხივების,
მე არ დავრჩები ამ სიბნელეში,
მე ამ სიცოცხლეს გადავურჩები.
არ დავბრუნდები...
ხელები მტკივა,ლექსებმაც კი გადამიჩვიეს,
სიტყვას ვერ წერენ დასაღუპი ჩემი თითები,
მე ულექსებოდ დარჩენილი ქალი შემარქვეს,
არ დავბრუნდები...
ახლოა ცამდე,შენ კი უფრო შორი ხარ ჩემგან,
სისხლში გამჯდარი სიყვარულიც ამოვანთხიე
გულიდან,რადგან აღარაფერს ვიტოვებ ჩემში,
გთხოვ,მაპატიე.
ვაკუუმში ვარ,ვერ ვგრძნობ ხელებს,რომლითაც გწერდი,
ვერ ვგრძნობ სიმშვიდეს,(მარტოობა)გულაღმა ვწევარ,
ხელისცეცებით მოვალ შენთან,გულის კარებთან ავიტუზები
და გეტყვი: მე ვარ...
ტემპერატურა,არითმია,წნევა თუ ასთმა
არაფერია შედარებით,როგორც ახლა ვარ,
არ დაუჯერო აღარავის,მე მაინც მოვალ,
შენით ავად ვარ!
ჩემივე სულის ხვეულებში გზააბნეული,
ლაბირინთებში დაკარგული მგზავრივით უცხო,
მოვალ და ცრემლებს,შენთვის დაღვრილს,პეშვით მოგიტან,
მირონად იცხე.
ამ სიყვარულის,ამ სიტყვების,ყველაფერ ამის
შემდგომ და შემდეგ რა იქნება უფალმა უწყის,
მე სიკვდილივით მოულოდნელ შეგრძნებას ვგავარ,
თავიდან ვიწყებ!
დასასრულია აქ ახლომახლო,
მე ისევ ისე დახურული ჰერმეტულად - ჭურჭელში ვცხოვრობ,
კარის ღრიჭოდან შემოსული ჰაერი შენ ხარ,
ღრმად ჩაგისუნთქე,ფილტვი ავივსე და მერე მოვკვდი.
უჰაერობა გადავიტანე,
უშენობა კი დამღუპველია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები