ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო.
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2021


სიკვდილივით მშვენიერი.

ძარღვებდაჭიმულს საკუთარი გულისცემა მესმის.ვგრძნობ,როგორ მიტოკავს თითოეული ნერვი...
ის ბორგავს.
ვკანკალებ,თითებზე თბილი სითხე მაქვს,წვეთების იატაკზე დაცემის ხმაც კი ექოსავით ისმის ახლა.ვითვლი..1..2...3..
ის სისხლისგან იცლება.
ჩადენილისგან შეძრწუნებული ვდგავარ და ვუყურებ,ვუყურებ როგორ კვდება ჩემი ცხოვრების სიყვარული.სიყვარული,რომელიც თურმე დიდი ხანია აღარ ყოფილა ჩემი.სისხლის გუბეში წევს და სიცოცხლის ბოლო წამებს ებღაუჭება.
მე ისევ გაშეშებული და სანახაობით მონუსხული,პირველად ცხოვრებაში  ვიღაცის სიცოცხლის გამგებელი ვარ.დიახ,შემიძლია გადავწყვიტო იცოცხლებს თუ მოკვდება.და უეცრად დიად ძალას ვგრძნობ...
მას თეთრი,გრძელსახელოებიანი ჯემპრი აცვია.ჩემი გულმოდგინებით მოქსოვილი დაბადების დღის საჩუქარია.იმიტომ ვისწავლე ქსოვა,რომ მინდოდა,მთლიანად მე შემექმნა ის,რასაც ვაჩუქებდი.თუმცა ახლა ეს ჯემპრი სულ სხვა ფერია,ნახევრად წითელი,აქა-იქ შავიც კი.ალბათ,დიდი ტრაგედიაა ეს პერფექციონისტი ადამიანისთვის,მაგრამ ახლა სხვა უფრო დიდი ტრაგედიაც აქვს,ვგონებ.სახეზე მწუხარება აღბეჭდვია,ეს ის მწუხარებაა სიკვდილის მოახლოებისას რომ გეუფლება ხოლმე,ჰო და კიდევ სინანული,ან იქნებ ამის დანახვა მე მინდა,იქნებ მინდა რომ ნანობდეს ჩადენილს.იქნებ მინდა შემევედროს,რომ გადავარჩინო.
„-ნეტა რამდენი დარჩა?”,-ვფიქრობ გულში,მაგრამ ხმამაღლა ისევ ვერაფრის თქმას ვბედავ,ხმამაღალი ამ ოთახში მხოლოდ მისი ისევ სუნთქვა მგონია.
მე კარგი ადამიანი ვარ,სასტიკი არასდროს ვყოფილვარ.ცხოველისთვისაც კი ტკივილი არასდროს მიმიყენებია,ადამიანებს მანამდე კარგად აწონდაწონილი წინადადებებით ვესაუბრებოდი.
მაგრამ მაშინ ვინ კვდება ახლა ჩემს ფეხებთან?ვის ვკლავ?მხოლოდ სიყვარულს?მოგონებებს?თუ ამავდროულად იმ ადამიანსაც,ვისითაც ამდენი წელი ვცოცხლობდი?მგონი ორივეს ვკლავ,მაგრამ ვისი მოკვლა მინდა რეალურად?
მის თვალებში ვედრება ისევ არ ჩანს,სამწუხაროა...
უამრავი კითხვაა ჩემს გონებაში,მაგრამ პასუხები ძალიან რთული მოსაძებნია.მითუმეტეს მაშინ,როცა შენ თვალწინ შენი ქმარი ტანჯვისგან ტუჩებს იკვნეტს..ძალას ვეღარ ვგრძნობ,მხოლოდ დაბნეულობას...
ველოდები.
ველოდები რომ რაიმე ნიშანი მომცეს,მაგრამ ჯერ მხოლოდ საყვედურია მის მზერაში,ეს როგორ გაბედეო მეუბნება,არადა გამბედაობის მოკრებაც კი არ დამჭირვებია,მხოლოდ ის წარმოვიდგინე,როგორ ეხებოდა სხვა ქალს,სულ ეს იყო საყვარელო...
ჭრილობა გულთან ახლოს,მაგრამ არა გულში.
მერე თვალებში ჩაგუბებული ცრემლები მცვივა და გულამოსკვნით ვიწყებ ტირილს,ამ დროს ჩემკენ ხელს იშვერს და სწორედ ეს არის ვედრება იმისთვის,რომ გადავარჩინო. ნუთუ მართლა ნიშანს ველოდი,ნუთუ მართლა სასიკვდილოდ უნდა გამეწირა.ცხოველური სისწრაფით ვპოულობ ტელეფონს და სასწრაფოში ვრეკავ.
***
როცა პალატაში ვდგავარ და მის მშვიდ სახეს ვუყურებ,ვხვდები,რომ სიკვდილიც ისეთივე მშვენიერია,როგორც სიცოცხლე.რომ ხშირად იგი ახალი ცხოვრების დასაწყისი ხდება.ახალ სიცოცხლე შობს,ახალ ადამიანებს.
ეს ამბავი,შემთხვევითობას მიწერილი,წარსულს ჩაბარდება,მაგრამ ჩვენ ხომ ვეღარასდროს ვიქნებით ისეთივე ადამიანები,როგორც მანამდე.ისეთივე კარგები,ან ისეთივე ცუდები.ახლა ამ ოთახში ორი რადიკალურად შეცვლილი ადამიანი მწიფდება,ვისი ცხოვრება უკეთესობისკენ,ვისი უარესობისკენ შეიცვლება,ეს არცერთმა ვიცით,მაგრამ მთავარი ისაა, ვსუნთქავთ და აღარც სიკვდილის გვეშინია.მე შევძელი და მის კლანჭებს ერთი სიცოცხლე გამოვტაცე,ის კი საიქიოდან დაბრუნდა.
-სიკვდილი გავაცურეთ-დავიჩურჩულე და ბალიში გავუსწორე,მისი სახე ოდნავ შეირხა და ღიმილი აღებეჭდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები