ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2021


* * *

მეტს აღარ მოვწევ, გეფიცები, ბოლო ღერია,
გთხოვ, არ გაბრაზდე, ნუ ხარ ასე უკმაყოფილო,
მაინც რამდენი ხანია, რაც არ გვიმღერია,
გახსოვს, ძმობილო?
დაჯექი, თვალი გადავავლოთ შავ-თეთრ ფოტოებს,
აღბეჭდილია ფრაგმენტებად ჩვენი ბავშვობა...
გახსოვს, იმ ზამთარს, მუხლებამდე როგორ მოთოვა,
როგორ ვაშრობდით
შარვლებს-ბუხართან, გარეთ ყოფნის სურვილის გარდა,
არ გვქონდა ფიქრი, ძაღლებივით როგორ ვცქმუტავდით,
გავიზარდეთ და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,
აღარც ბუხართან
დავკიდებთ აწი საშობაოდ ჭრელ-ჭრულა წინდებს,
აღარც ბებიას დავუმალავთ იმ ჩხირებს-საქსოვს...
გახსოვს, მუხლამდე რომ მოთოვა, ძმობილო, იმ დღეს?
ვიცი, რომ გახსოვს...
რამდენს ვჩხუბობდით უმიზეზოდ, მამაძაღლს, ციგანს,
გვეძახდა ზოგი, ჩვენც ვეძახდით, განა ვაკლებდით?
შუაღამისას რომ მოვპარეთ მეზობელს ციგა,
შემდეგ ძაღლების
გაბმული ყეფის შეგვეშინდა, თავქუდმოგლეჯით
მოვქუსლეთ, არც კი გვიფიქრია უკან მოხედვა,
წამიც და სახლის უსაშველო სიმყუდროვეში
ვიყავით, გახსოვს? იმ დღეებზე რამე მოყევი...
...
მე გავჩუმდები.
...
ამ ერთსაც მოვწევ, გეფიცები, ბოლო ღერია,
გთხოვ, არ გაბრაზდე, ნუ ხარ ასე უკმაყოფილო,
მაინც რამდენი ხანია, რაც არ გვიმღერია,
გახსოვს, ძმობილო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები