| ავტორი: მაგა ჟანრი: პროზა 13 აპრილი, 2021 |
სუპერმარკეტის სალაროსთან ნაკლებად მოვლილი ბავშვი მარტო იდგა. იდგა და საღეჭ რეზინებს დიდიგულისყურით ათვალიერებდა. ერთ ხელში ფუნთუშეულობით სავსე პოლიეთილენის პარკი ეჭირა... რატომ ვიფიქრე, რომ ეს ულუფები ძალიან ბევრი ადამიანისთვის ბევრი დროის განმავლობაში იყო გამიზნული, არ ვიცი. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა ესე არ მეფიქრა. ისეთი სცენა იყო, ტირილი რომ გინდა, თუმცა ვერ ახსნი. ხო, თუმცა არც ჰორმონებარეული და არც ცუდსამსახიობოუნარარეული გამოდიხარ. -ეს „კევია“ ?- Mentos-ს აჩვენებს მოლარეს, რომელიც უხასიათოდ, ცოტა გადაღლილად და ხელფასითუკმაყოფილოდ ატარებს საქონელს. - მგონი არაა.- ბურუსიდან გამოერკვა და ამოღერღა პასუხი. ფუნთუშებიანმა ბავშვმა ძებნა განაგრძო. ამასობაში მეც ვეღარ მოვითმინე და შენელებული სიჩუმე დავარღვიე. -იცი ეგენი კანფეტების მაგვარია ანუ საღეჭი რეზინი ნაკლებად.- ვთქვი და გავუღიმე, თან დავფიქრდი ეს პოზიტიური დისკრიმიანაციად არ მიიჩნიოს-მეთქი და შორეული სექციისკენ გავიხედე. - ეს ?- ისევ Mentos-ი იყო, ოღონდ სხვა შეფუთვით, სადაც შიგნით, როგორც ბებიაჩემი ამბობს ხოლმე „ნაჩინკა“ მოუჩანდა. -(ისევ გავუღიმე, რა მემართება). ხო, მგონი, ეგეც იგივეა, მაგრამ ცადე იქნებ მოგეწონოს. და აქაც გავუღიმე. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა. არც სასიამოვნო შეგრძნებამ ჩემში. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს პირბადეები გვეკეთა, მე მის ღიმილს ვხედავდი... უბრალოდ თვალებში ჩახედვისას ვიგრძენი, თანაც პატარების თვალები სულ სხვაა. და ალბათ დიდებიც ზემოდან კარგად ვხედავთ. სალაროს უნდა დავშორდე და ჯერ კიდევ არ მინდა ის მივატოვო. შეიძლება, ერთადერთი ვარ ვისაც მისი მიტოვება არ უნდა...ეს ფიქრი დღემდე არ მასვენებს, რა უნდა ?! Mentos-1,20 ლარი ღირებულა... (ოხ, ეს ინფლაცია, არადა უპატარავესი შეფუთვა იყო, დიდი არც აურჩევია ან უფრო ვერც). გონებაში ფული გადათვალა, ესეც მის თვალებში ამოვიკითხე. ელოდა, ელოდა რამდენი „დაუჯდებოდა“ გაუთვალისწინებელი სურვილის ასრულება და რაც მთავარია, შეძლებდა თუ არა საკუთარი თავის განებივრებას. წესით ამას დედა უნდა აკეთებდეს ანუ არჩევდეს საღეჭ რეზინს, ნახულობდეს ვარგისიანობის ვადას, შეეძლოს გადაწყვეტილების გაკეთებაში დახმარება და ფულის გადახდა. ზრუნავდეს მასზე და იცავდეს მოლარის სავარაუდო შეკითხვებით თავდასხმისგან. დედა ან მისი შემცვლელი. ვინმე მაინც და მაინც მე რატომ მომინდა ვინმეობა ? - ახლა არ მითხრა, ფული არ მაქსვ-ო...- მოლარეს ეს კითხვა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბავშვი ახლოდან შეათვალიერა და Mentos-იც გაატარა. თქვა თუ არა შტრიხკოდის შესამოწმებელი აპარატი უკან გაწია. დამბურძგლა. აი, ხელი აიღოო და ხელი დაიბანაო რომ ამბობენ რაღაც მაგდაგვარი მოხდა. მაგრამ ის ხელის დაბანა, რომელიც პილატემ ხალხის მიერ ბარაბას არჩევის და იესოს არ არჩევის შედეგად განახორციელა იდეურად სხვა იყო. თუმცა თუ კარგად ჩავუკვირდებით რაღაც ბმების და კავშირების გავლება მაინც შეგვეძლება. შორს წავედით, დავუბრუნდეთ სუპერმარკეტს. წავედით რა, მე წაგიყვანეთ, მე ბოდიში. სუპერმარკეტის ვითარების წამი წუთად იქცა, უხერხულმა სიტუაციამ ბაქანზე დიდხანს გაჩერების სახე მიიღო... არაფერი თქვა. უბრალოდ ფუნთუშეულობის შტრიხკოდი მიუტრიალა, თითქოს დამუნჯდა ან იქნებ მართლა დამუნჯდა... ისეთი სცენა იყო, აი, ბანალურად სასტიკი და გაცვეთილად მტკივნეული. მეც მეტკინა, ნიღბის მიღმა ღიმილი ჩამიბრუნდა, გული კი ნაღდად შემეკუმშა. - 4 ლარი და 70 თეთრი. გაისმა ხურდების ძებნის ხმა. ცოტა მომეშვა. ამოვისუნთქე და თან თითქოს რემარკის უმეტესი პერსონაჟისთვის დამახასიათებელი სისხლი ამოვაყოლე, ისე რომ დახველებაც არ დამჭირდა. არც ტუბერკულოზი. და არც რემარკის პერსონაჟობა. სწორედ ამ გრძნობებში ვარ და მომინდა დავრჩენილიყავი, მომინდა მასთან ვყოფილიყავი, როცა საკუთარი თავისთვის ვერ მიმიხედია... გავბრაზდი. საკუთარ თავზე, რომ არაფრის გაკეთება შემიძლია და მოლარეზე, რომელიც სტერეოტიპულად აზროვნებს და არცხვენს ადამიანის პრინციპებს. ხო, თუნდაც ჩემ წინაშე. ბრალდება ნივთის ყიდვისა ფულის არქონის შემთხვევაში, მეტად მძიმე გადასატანი იქნებოდა მორალური პრინციპებისა და შინაგანი წესების მქონე ადამიანისთვის. თუნდაც ბავშვისთვის. ის ხომ ყველაფრის მიუხედავად იღიმოდა. სინამდვილეში, უბრალოდ მინდოდა მოლარესაც გაეღიმა მისთვის. თუნდაც უხასიათო, დაღლილი, ხელფასითუკმაყოფილო ღიმილი ყოფილიყო. ვაღიარებ, ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უნიჭომსახიობობის ნიჭს გავამართლებდი. ხო, კიდე ტყუილსაც უწყინარს ვუწოდებდი ! -დედა არ ყავდა ? - დედა, ყველას არ ყავს დედა. - ვთქვი და ისევ მეტკინა, გინდ ბანალურობა დაარქვით გინდ გაცვეთილი აღწერა. ფაქტი ერთია და შეცვლაც არ მინდა ! ყველაფრის მიუხედავად ახლა ვზივარ და ვფიქრობ მოეწონა თუ არა Mentos-ი. არ მინდა იმედები გაუცრუოს ისე როგორც სხვებმა, ისე როგორც მე. უბრალოდ მინდა შეერგოს, როგორც არასდროს. და ეს არასდროს, არასდროს განმეორდეს უარყოფით კონტექსტში. და მაინც რისი გაკეთება შემეძლო/შემიძლია ?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეს არ იყო "პროზა", ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და მაინც, ეს იყო პროზა!
ეს არ იყო "პროზა", ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და მაინც, ეს იყო პროზა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|