ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2021


გადავიფიქრე



ბავშვობის ციდან მოწყვეტილმა ვარსკვლავმა,
ბევრი იარა თუ ცოტა იარა,
სიბერეში წამომეწია და ზედ თეთრ თმაზე
ლურჯად ამიელვარდა.
ზემოდან სხვანაირი ჩანდიო მითხრა,
ამდენ ამბებსაც არ მოველოდი,
შენგან მოყოლილს.
არც ფიქრებს - ობობას ქსლად რომ ქცეულან და მოსდებიან შენს სხეულსა და სულს.
ბავშვობის მიწიდან ამოზრდილმა ბაბუაწვერამ იფრინა, იფრინა
და სწორედ მაშინ წამომეწია
ამ ცხოვრებას რომ ზურგი ვაქციე.
ზღაპარს მომიყვა, როგორ ქროდა სუსხიან ქარში,
როგორ მოისწრაფოდა ჩემსკენ,
რომ მოესწრო და ეჩურჩულა: მახსოვხარ ბავშვი.
ბავშვობის აკვანთან ჩაცუცქულმა ანგელოზებმა შეიფრთხიალეს  და რომ ვნებდებოდი,
ქვემოთ დაშვება ხსნად რომ მიმაჩნდა,
ფანჯარას მოაკაკუნეს და მოდი ვცადოთო, ალბათ იფიქრეს,
აკვანთან ნამღერი გაახსენდათ და ის იგალობეს.
გამოუვიდათ, გადავიფიქრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები