| ავტორი: ზეი15 ჟანრი: პროზა 20 აპრილი, 2021 |
ისევ ისე ჩვეულებრივად დაღამდა. სავარძლიდან წამოვდექიდა დასაძინებლად გავეშურე. ვიცი, ამ ღამესაც ფორიაქში დ ა თვალზე ძილმიუკარებლად გავათენებ … მციოდა, საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე და ძილზე ფიქრი დავიწყე. უცნაურია, არა?! ძილზე ვფიქრობ, რომ დავიძინო...რამდენადაც შემეძლო მოვდუნდი, გონების ფიქრებისგან გასუფთავება დავიწყე, მაგრამ ... ამაოდ! ალბათ, მსგავსი რამ თქვენც გამოგიცდიათ, რაც უფრო მეტად გინდა ფიქრებს თავი დააღწიო, მით უფრო გესევიან მაკედონელის ლაშქარივით. ყველაზე მეტად, წუხანდელი უსიამოვნება არ ამომდიოდა გონებიდან. ვფიქრობდი, გამოსავლის მიგნებას ვცდილობდი... თუმცა ეს უფრო წყლის ნაყვას ჰგავდა, კვანძის გახსნის ნაცვლად, ყველაფერი მით უფრო რომ იხლართება და იბურდება. ეს ღამეც ისევ ისე თეთრად გათენდა. ჩემდა გასაკვირად, გარიჟრაჟისას, როცა სამყარო იღვიძებს და მზე ღრუბლებს ლოყებს უფერადებს და სიყვარულით ეალერსება, მხოლოდ მაშინ ჩამთვლიმა… ,როგორც მზე აპობს ღამის სიბნელეს, ისე მოვიდა მამა ჩემთან, ჩემი სიზმრის საუფლოს სინათლე შეჰმატა, აფორიაქებული სული დარდების წყვდიადს გამოსტაცა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა... უწინდელივით მომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა. ჩავეხუტე, მინდოდა მისი სურნელი ღრმად ჩამესუნთქა, მისი გულის ცემა ძველებურად მომესმინა... უეცრად ტირილი წამსკდა , სიზმარშიც ვგრძნობდი, ჩემი ცრემლების სითბოსა და სიცხარეს... ვიგრძენი, ისიც აფორიაქდა და თვალები აემღვრა , არ უყვარდა ჩემს მუდამ მომღიმარ თვალებზე არამცთუ ცრემლების, ცრემლის ერთი პაწია მარცვლის დანახვაც. ნუ, ტირი, შენი ფორიაქის და წუხილის პასუხს მანდ იპოვი! - მითხრა და ძველებური, ანტიკვარული კარადის ერთ-ერთ ჩუქურთმაზე მიმანიშნა. უცებ ზარის გულისგამხეთქი ხმა გაისმა, მაღვიძარა ტუმბოზე პირუეტებს ასრულებდა. გაბრაზებულმა, რომ მამასთან საუბარი ვერ გავაგრძელე, საათს ისე ჩავარტყი ხელი, რომ იატაკზე ნამსხვრევებად გაიფანტა. ზეი, რა მოხდა? - ოთახში დედამ შემოიხედა, მაგრამ იატაკზე გაფანტული საათის ნამსხვრევებს რომ თვალი მოჰკრა, მოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა. თვალები ვერ გავუსწორე... ისევ არ გეძინა, არა?! - მიმიხვდა დედა. ჰო, ვერ დავიძინე... ღამით ტელეფონს ჩამოგართმევ... არა, დედა, ტელეფონი არაფერ შუაშია... ვნახოთ, ერთხელ მაინც ვცდი, იქნებ დაგეძინოს... მეწყინა. - მამას იქედანაც ესმის ჩემი - ჩავიბუზღუნე გულმოსულმა , კედლისკენ გადავბრუნდი და საბანში სახე ჩავმალე. - რაა??? - შეკრთა დედა და ადგილზე გაქვავდა. მე პასუხი არ გამიცია. ნელა მომიახლოვდა: - შენ იმის თქმა გინდა, რომ მამა შენთან მოდის ხოლმე?! - თავზე ხელი გადამისვა და ატირდა. მეც გული ამიჩუყდა, გადმოვბრუნდი და მტირალი დედიკო გულში ჩავიკარი. კი, დედიკო, მოდის ხოლმე, როცა ძალიან მიჭირს... ... და მე რატომ არ მეუბნები შენს გასაჭირზე? - მითხრა, მაგრამ ისე ხმადაბლა გამოუვიდა, რომ მივხვდი, რამაც შეაწუხა. საკუთარ ვარამში, ოჯახსა და საქმეებში ისე იყო ჩაფლული, გეგონება დარდს იმათში კლავდა, ამასობაში ჩვენი წილი ტკივილი მხედველობის მიღმა დარჩა. მაპატიე, შვილო!... არა, დედა, მე მაპატიე, მამიკოსთან ისე ახლოს ვიყავი, ისე გულახდილი, რომ შენთან საუბარი არ გამომდიოდა... დედას სიზმარზე მოვუყევი. უცებ ჩემი მზერა კამოდზე შეჩერდა, ჩუქურთმა, რომელზეც მამამ მიმითითა, არაბუნებრივად წინ გამოწეული ჩანდა. გიჟივით წამოვხტი, სკამი მივადგი და ორნამენტს ძლივს შევწვდი. ფიგურა ხელთ შემრჩა, მის უკან პატარა უჯრა აღმოჩნდა. დედა გაოცებული მომიახლოვდა. უჯრა გამოსწია და შიგ წერილები აღმოჩნდა. დედას და მამას შეყვარებულობის დროინდელი და მამიკოს მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გამოგზავნილი წერილები აღმოჩნდა. რამდენიმე ფოტოც იდო, დედას და მამს მოსწავლეობის დროინდელი. დედას თვალები ტკივილისა და სიხარულის ნარევი ცრემლებით ჰქონდა სავსე: - ზეი, ეს მართლა მამა გითხრა სიზმარში?! ჰო, თავი დავუქნიე, არანაკლებ გაოგნებულმა. იცი, სულ ამ წერილებსა და ფოტოებზე ვეკითხებოდი, ის კი მპასუხობდა: - ქალო, რა ამოიჩემე ის წერილები, სიბერისთვის შემოვინახოთ, როცა მოვხუცდებით და შვილიშვილები გვეყოლება, მათ ვაჩვენებთ და მოვუყვებით ჩვენი საოცარი სიყვარულის ისტორიას... არ დაგვცალდა... აღარც მახსოვდა, ახლა კი შენ იპოვე, საოცარია, ამით თანადგომა გამოგვიხატა, გაგვაძლიერა. კოლოფის ძირზე ერთი წერილი კიდევ იდო, უფრო სწორად ფარატინა ფურცელი, რომელიც ლამის იმ ხის ფერისვე იყო, როგორიც თავად კამოდი. ამიტომ უცებ ვერც შევნიშნეთ. დედამ ფრთხილად გადმოაბრუნა, ზედ მკრთალად, ქიმიური ფანქრით გაკეთებული წარწერა იყო: ,, მიყვარხარ, გაძლიერდი“... ეს... ეს...ჩემი ცხონებული მამათილის ხელწერაა... - დედას ენა მართლაც დაება. წარწერას ალაგ-ალაგ რაღაც წვეთები ეტყობოდა, რადგან ქიმიური ფანქრით ნაწერი გადადღაბნილი იყო... მერე ერთმანეთს შევხედეთ და ორივე მივხვდით, მამა საიდუმლოდ რატომ მალავდა ამ პატარა, უფერულ ფურცელს... ბაბუას წერილზე მამაჩემის ცრემლების ნაკვალევი იყო... მას შემდეგ თითქოს ჩვენი ძლიერი საყრდენი ეს ფარატინა ფურცელი გახდა. მიყვარხარ, გაძლიერდი...”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. როცა გიჭირს, საყვარელი ადამიანი იმ ქვეყნიდანაც გეხმარება... კორექტურა მოუხდებოდა :) როცა გიჭირს, საყვარელი ადამიანი იმ ქვეყნიდანაც გეხმარება... კორექტურა მოუხდებოდა :)
2. წამოვდექიდა დ ა თვალზე
მსგავსი კორექტურები შეგიძლიათ თქვენვე შეასწოროთ თქვენს პირად გვერდზე
მთლიანობაში თბილი ამბავია მე კი რამე უფრო კარგი მოთხრობა მინდა წავიკითხო კარგი სიუჟეტით წამოვდექიდა დ ა თვალზე
მსგავსი კორექტურები შეგიძლიათ თქვენვე შეასწოროთ თქვენს პირად გვერდზე
მთლიანობაში თბილი ამბავია მე კი რამე უფრო კარგი მოთხრობა მინდა წავიკითხო კარგი სიუჟეტით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|