 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 ივნისი, 2021 |
ერთხელ, ერთმა ადამიანმა ასეთი შეკითხვა დამისვა: ,,თეატრი უფრო გიყვარს თუ პოეზია?“ (13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი). ორივე ძალიან მიყვარს: თეატრიც და პოეზიაც, მაგრამ უპირატესობას მაინც თეატრს ვანიჭებ. სცენაზე დგომა, ცოცხლად თამაში და მაყურებლების ცოცხალი შეფასება მაინც სულ სხვაა!
რაც შეეხება პოეზიას, პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია.
სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.
ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!
ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!
გაუმარჯოს ლადო ასათიანის საქართველოს! გაუმარჯოს იმ ქართველ ქალს, რომელიც ლადო ასათიანის ლექსს მღეროდა ფანდურზე - 1989 წლის 9 აპრილს!
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
შეწირულთათვის
ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი ჩვენია, განა სხვისია! საქართველოა გარეჯი, ქართველთა ჯილაგისია!
ისევ მღერიან „ჩაკრულოს“, ფოლკლორი ჩვენი განძია, ბედნიერ მერმისს ნატრულობს თვით სულხან-საბას ტანძია.
მინდა მგოსნებმაც შემინდონ, თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე, ლოცვებში მოვიხსენიოთ თაყაიშვილი ექვთიმე.
ვკითხულობ იმათ ცხოვრებას, ვინც იყო ქვეყნის სინდისი... ერს მუდამ ემახსოვრება: ცხრა აპრილი და შინდისი.
მეც მტკივა ბერი თევდორე,- დუშმანმა ხმლით რომ აკუწა... ვარ იმის თანამედროვე, ვინც დააფასა ქაქუცა.
ქვეყნად ყველაზე მთავარი სამშობლოს სამსახურია, დავითიც მიყვარს, თამარიც, კოსტავაც, გამსახურდიაც.
მაოცებს ცოტნეს გმირობა, ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს, ვუქებ მამულიშვილობას ცხრა ძმას და სამას არაგველს.
აწ ქეთევანიც ვახსენოთ,- მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის... ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ, ამ მიწის სიყვარულისთვის.
ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს წყალობას შევსთხოვ ქართველი, ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს რომ არ ჩამიქრეს სანთელი.
ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში, თუმც ყველა ვერ ჩავატიე, შეწირულთათვის ტაძარში მე ღამეები ვათიე.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|