| ავტორი: აკირა ჟანრი: პროზა 16 ივნისი, 2021 |
შემეში
ლეხემმა არ იცოდა, რაზე ისაუბრეს ავაკირის უხუცესებმა და შემეშმა. შედეგი ის იყო, რომ ქალაქზე გავლის უფლება მისცეს, საომარი აღჭურვილობის და ცხენების დატოვების სანაცვლოდ. ფასი მაღალი არ იყო და ლეხემსაც სწორედ ეს აფიქრებდა. უბარი ავაკირთან შეხვედრის შემდეგ მისალმებისას უკვე თავს უკრავდა შემეშს. ლეხემი მთავარ კარავში დაბრუნდა, ბრძანება გასცა, კარვები აეკეცათ, მარაგი მოემზადებინათ, აქლემები შეეკაზმათ, ცხენები და შეპირებული აღჭურვილობა შუამავლისთვის გადაეცათ და გამთენიისას ყველანი ერთად შეგროვილიყვნენ. თავად ამოწმებდა ყველა ჯგუფს და მათი წყლის მარაგს. თითოეულ წვეთს უნდა გაფრთხილებოდნენ. სამი დღის თავზე პირველი მსვლელობა გაუშვა უბარის წინამძღოლობით, რუკა გაატანა და დააბარა, ქალაქის შესასვლელში დალოდებოდნენ. შუადღის ქარი არწევდა ქვიშას. ლეხემმა სახე აიხვია. დიუნიდან უმზერდა ვიღაც, მასავით შებურული. „რა უთხრა შემეშმა ავაკირს ასეთი?’ ეკითხებოდა ლეხემი უბარს. „თქმით არაფერი, მხოლოდ - აჩვენა“-უბარი სისხლისფრად ამოგრიალებულ მზეს გასცქეროდა. „რა?!- ლეხემს ჩაეცინა. „იმ ქვეყნიდან დაბრუნების გზა“-უბარს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, - წყლის ერთი ყლუპი, სიცოცხლის დასაბრუნებლად, წყლის უკანასკნელი ყლუპი. ლეხემი უნდობლად იჩეჩავდა მხრებს, ვერაფერი გაეგო. კანი აეწვა, ვერ მიხვდა, მზისაგან თუ დაჟინებული მზერისგან. უკან ყველაზე დიდი ჯგუფი ედგა, ბავშვებით სავსე, ქვიშისფერი სახიდან იმედიანი თვალებით უმზერდნენ. შეტრიალდა, აქლემების საპალნეები შეამოწმა. ქალი დიუნიდან მისკენ დაიძრა. ორივე უხმოდ მიყვებოდა მომთაბარეთა ბოლო ნაწილს.
ავაკირი
ქალაქი უშნოდ ნაგები და პირქუში იყო. შემეშს საკუთარი სამლოცველოების გალავნების გარეთ თითქმის არაფერი ენახა. თვითონაც ბავშვი იყო ტაძარმა რომ შეიფარა და მისგან უმაღლესი ქურუმი გამოზარდა. ტაძარი იყო ის ადგილი, რომელიც ქვის კედლებით იფარავდა გარესამყაროსგან. ახლა ესმოდა ლეხემის სახეზე ყველა ნაოჭის ენა. ახლა სწავლობდა მისი თვალებით ხედვას. თითქმის არ ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან. შემეში ავადმყოფებსა და მოხუცებს აქცცევდა ყურადღებას, ჭრილობებს უხვევდა ან ნაყენს უმზადებდა და გზადაგზა ბალახეულს ფქვავდა. ლეხემი ცდილობდა გადაადგილება სწრაფი და უსაფრთხო ყოფილიყო, მის ხალხსა და ადგილობრივებს შორის ზედმეტი კონტაქტი არ შემდგარიყო. უდაბნოს დანახვა ისე გაუხარდათ, თითქოს სახლს დაუბრუნდნენ. ავაკირი ორ დღეში, მთლად მშივრებმა გამოიარეს. უდაბნოში ისევ კარვები გაშალეს და საკვების მარაგიც გაიხსნა. ისეთი ქანცგაწყვეტილები იყვნენ, მზის ჩასვლისთანავე დაეძინათ. ლეხემი ფხიზლობდა. რუკაზე ცვლილებები შეჰქონდა. -ქარივით გადაადგილდები,-ჰაერს გაეპასუხა- ვერავინ გაიგებს, საიდან დაუბერავ. შემეშმა საბურავი შემოიხსნა და შავი, ხშირი თმის დაშლას შეუდგა. არ ჩქარობდა. ნაწნავიდან ნელ-ნელა აძრობდა თითოეულ ღერს, თავისუფლებას უბრუნებდა. ქამარიც შემოიხსნა და მისთვის განკუთვნილ უხეშ მაგიდაზე დადო. კაბის გახდასაც აპირებდა, ლეხემმა რომ შეაჩერა. -ღამე ცივა, ძალიანაც ნუ გაუთამამდები. ქალმა დაბნეულად შეხედა. საწოლისკენ გააპარა მზერა. -მე ხელს არ შეგიძლი, -ლეხემი რუკას დაუბრუნდა, -აქ მოვრჩები და სხვა კარავში გადავალ. შემეშს სახე მოექცა. სანამ ქალაქს გაივლიდნენ, ლეხემს მის გვერდით, ქვეშაგებზე ეძინა, თუმცა დაპირებისამებრ, არ ეხებოდა. ქალი თავის მუქარას უკან ვერ წაიღებდა, მაგრამ მისი კარვიდან გაშვებაც არ სურდა. წამოდგა, ტილო დაასველა, გაწურა და ლეხემისკენ გადაინაცვლა. თმა დაუშალა და კისერზე ცივი ტილო შემოახვია. გრძნობდა მისი სხეულის დაძაბულობას. კისერი და მხრები დაუზილა, ტუნიკი მოაცილა და ქამარიც შემოხსნა. ლეხემი ემორჩილებოდა, თუმცა ზედმეტად მშვიდად. შემეშს კი სუნთქვა უხშირდებოდა და წონასწორობას ძლივს იკავებდა. ტილო წყალში დააბრუნა და ლეხემთან მიბრუნდა. მის მუხლებთან ჩაიჩოქა და მისი სახე ხელებში მოიქცია. კაცი უყურებდა, მშვიდად, თუმცა მის თვალებს ძველებური სხივი დაბრუნებოდა, თითქოს დასცინოდა და თან აქეზებდა კიდევ. შემეში მის ტუჩებს ფრთხილად შეეხო. კაცი მაშინაც რომ არ გაინძრა, ქალმა უკან დაიწია და მრისხანებით შეაცქერდა. ლეხემმა გაწევისას ხელზე წასტაცა ხელი. -რა იყო, რამ შეგაშინა, - სახე ახლოს მიუტანა, თითქოს მისი აზრების წაკითხვას ცდილობდა. შემეშმა თავის დაღწევა სცადა. -რა უგულო ხარ! ლეხემს გაეცინა, ხელი გაუშვა,მაგრამ სხეულით კიდევ უფრო გადაიხარა მისკენ. -კარგად დაფიქრდი,-წაიჩურჩულა, -ცოტაც და ამ კარავიდან ვეღარ გაფრინდები. შემეში მიხვდა, რომ მის გაჩაღებულ ცეცხლს ეთამაშებოდნენ. გამბედაობა მოიკრიბა და ლეხემის ტუჩებს კვლავ თავისი შეახო. კაცმა მძლავრად მიზიდა და ხელში აიტაცა. იმ ღამეს კარავში სიცივეს ფეხი არ დაუდგავს.
ლეხემი
ზღვის ხიდების გავლის შემდეგ ლეხემს ხალხის დასახლება ახალ მიწაზე უნდოდა. წინ გაგზავნილი მაძიებლები ამბობდნენ, ნაყოფიერი მიწების ამბავი გვესმის და იქაური ხალხიც მაინცდამაინც ძლიერი მეომრებით არ სახლობსო. ლეხემი ანთებული მიმოდიოდა ხალხში და გადაადგილებას აჩქარებდა, დრო მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის გარბოდა. შემეში ლეხემს აღარ სცილდებოდა. ღამეს ერთად ატარებდნენ, დღე კი საქმეს ინაწილებდნენ, ფიზიკურადაც ერთმანეთს დაემსგავსნენ - შემეში გამუქდა, მისი გაცრეცილი სახე უდაბნოს ქარმა შთანთქა. ხილვა ორივეს გაუჯდა - ცის ხიდებს გადაივლიდნენ და სახლს დაუბრუნდებოდნენ, ან თავად შექმნიდნენ, დიუნსა და დიუნს შორის აღარ მოუწევდათ ცხოვრება. ტომის ნაცვლად მხოლოდ ერთმანეთზე იქნებოდნენ პასუხისმგებელნი. შემეშის მიმართ საერთო განწყობაც რომ შეიცვალა, ის მაინც რამდენიმე მტრულ მზერას ყოველთვის გრძნობდა, ეჭვი ჰქონდა რატომაც და ქალთა მზერა ყოველ საღამოს კარავში მიჰყვებოდა. ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია. დილის ცაზე მირაჟი აირეკლა, სადღაც ლურჯ-მწვანე წყლები მოჩანდა. შემეში იმედით გასცქეროდა ჰორიზონტს. ხეტიალი რამდენიმე კვირასღა გასტანდა. მეომრები უკვე წინა ხაზზე ეწყობოდნენ. შემეში თავის აქლებს ბანდა ნაკბენ ფეხს. უდაბნო საშიში იყო. ოაზისთან დაბანაკებამ ცოტახანს აცალათ გონზე მოსვლა. ლეხემი არ გამოსულა, მათთვის კარავში მიჰქონდათ საკვები და აშკარა იყო, დილით განცხრომას მიეცა. შემეში საქმეს მორჩა, წყლის მათარაც აავსო, თავსაბურავს იცვლიდა, არვია რომ მოვარდა. ლეხემი კვდებოდა. შემეშს მუხლი მოეკვეთა. ვერ მიხვდა, როგორ გაჩნდა კარავში. ლეხემი გვერდულად იწვა ფარდაგზე, ბალიში თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და ხელები მუცელზე მოეკრუნჩხა. ტუჩის კიდეზე სისხლი გამოჟონოდა. სახე ტკივილისგან შეშლილ ნიღბად ქცეოდა. უბარი და ტომის უხუცესი მკურნალი ედგნენ თავზე. -მორიელმა უკბინა- თქვა არვიამ. შემეშმა მკურნალს გახედა. მან უღონოდ გააქნია თავი. ლეხემმა ამოხედა, გაფითრებულ სახეზე ღიმილი გაუკრთა, მისკენ აკანკალებული ხელი გამოიწოდა. -სიცოცხლე გმართებს,-ამოილუღლუღა, გაცინება სცადა მაგრამ მხოლოდ მოგუდული სტვენა აღმოხდა. შემეშმა არვიას შეხედა. -შენს ტანსაცმელში თავსაბურავს დებდა, ტომის კურთხევის ნიშანს,-მოიღუშა ქალი-შიგნით მორიელი დახვდა. შემეშმა ცივად ახედა უბარს, მან თავი დაუკრა და კარვის მიღმა გაუჩინარდა. მკურნალსა და არვიასაც ანიშნა, გადითო. ლეხემთან მიჩოჩდა და ხელზე ხელი მოუჭირა. -ვიცოდი, ეს დღე მოვიდოდა,-წაიჩურჩულა ლეხემმა,-ამიტომაც მოვედი შენთან. ისინი სახლში შენ უნდა მიიყვანო...ახლა შენ ხარ...სარ-მილჰამა! შემეშს ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე, თავი შეიკავა, დაიხარა და ლეხემს გახურებულ შუბლზე აკოცა. -იქნებ, როდესმე კიდევ მიპოვო,-ლეხემი მის მიღმა უყურებდა სივრცეს,-იქნებ, ოდესმე, ისევ მიცნო! მზერა გაეყინა და სახე ქვად ექცა. შემეში მის სხეულს დაემხო და მისი ამომსკდარი მოთქმა ლეხემის უსიცოცხლო მკერდს შეასკდა. აღარ იპოვებოდა განსხვავებდა ტაძრის ცივ იატაკსა და ლეხემის სხეულს შორის. მზის ჩასვლისას წამოდგა, თავმოხდილი გავიდა გარეთ. შავი თმა სამ გრძელ ნაწნავად ჩამოეშალა და ხელზე ლეხემის სამაჯურები აესხა. გარეთ ჩირაღდნებით ელოდნენ. უბარს წინ ქალი დაეყენებინა, ხმელი ნაკვთებით. შემეშმა თვალებში შეხედა მათი კარვის მხევალს. წამით გაურკვევლობამ გადაურბინა და მერე ყველაფერი დალაგდა. მხევალმა ზიზღით დაბრიცა ტუჩები. -შენ რატომ არ მოკვდი-კბილებში გამოსცრა. შემეში ერთხანს დუმდა, მერე ხმა ამოიღო. -ტომის სახელით განაჩენს გიცხადებ, სასხელი სისხლისთვის უცვლელია - მოკვეთა და უდაბნოში დარჩენა. -შენ უფლება არა გაქვს, - ქალმა გაიბრძოლა. -მე ტომის წინამძღოლი ვარ, -მახვილივით გაკვეთა ჰაერი შემეშის ხმამ,-ახლახანს სიცოცხლე შეგინარჩუნე. ქალს სახის ყველა ნაკვთი უთრთოდა. კარგად იცოდა,უდაბნოში დარჩენა რასაც ნიშნავდა. -დაკრძალვის გამთენიისას შევასრულებთ, -განაცხადა შემეშმა,-ჩვენ მის სხეულს ყოვლისმომცველ ქვიშას დავუბრუნებთ. მიტრიალებულს უბარი აედევნა. -ხალხს რა ვუთხრა, დედა შემეშ?! საით მივდივართ? -საითაც ყოველთვის მივდიოდით,-უპასუხა ქალმა,-სახლისკენ. უბარმა თავი დაუკრა და პატივისცემის ნიშნად ხელი გულზე დაიდო. შემეშმა მადლიერებით გაუღიმა და კარავში შებრუნდა. გამთენიისას ცეცხლის ალი აჰყვა მზეს.
დომენიკი
-აქ არაფერია,-გადავეცი კიმს, - გენერალი არც ისე მენდობა, საკუთარი დოკუმენტები რომ ამ სახლში შეინახოს. -კარგად მოძებნე - არ ნებდებოდა კიმი,- სახლის მოგონებებმა მაინც მოგცეს მოტივაცია. წავიღრინე. მაინც როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში?! -არც არავინ ცხოვრობს აქ ერთი მზარეულისა და გენერლის შეშლილი შვილის გარდა.-დავიწუწუნე. -როგორ მდგომარეობაშია?!-მკითხა რომ გამახსენდა გუშინ რომ წიგნს ჩემთან ერთად მოკუნტული კითხულობდა, გამეცინა. -მშვენივრად გრძნობს თავს. -დომენიკ...-კიმმა პაუზა გააკეთა, ნეტავ ისევ თავის ეკრანს თუ შესცქეროდა, ან იქნებ, კარდინალის ნაცრისფერ სახეს -ეგ ბავშვი აქ უნდა მომიყვანო! -რა ჯანდაბად გინდა ერთი შეშლილი გოგო?-შევუღრინე. დუმილი ჩამოწვა. -ცნობისმოყვარეობა,- ავად წაისისინა კიმმა. -გამორიცხულია,-ვიუარე,-სახლიდან თითქმის არ გავდივართ, ამ დროსაც მძღოლი და დამატებითი დაცვა დაგყვება. -მოახერხებ რამეს,- მისი გამჭოლი მზერა ვიგრძენი.-მხოლოდ ღია სივრცეში გამოიყვანე, დანარჩენვს მე მივხედავ. პირამიდის თავზე, იცი სადაც მომძებნო.
ემანუელი გვერდით მეჯდა და რაღაცას ღიღინებდა. -ელი,ლამა, ელი, ენერ...- ნაბიჯ-ნაბიჯ მარცვლიდა, თითქოს მძივს კინძავდა. -თერაპია როგორ მიდის? - ვკითხე. ვიზიტის დრო მოახლოვდა. -დახმარება-წამოიძახა. ბოლო დროს ენთუზიაზმით ისროდა სიტყვებს, თითქოს ცდილობდა ჩემს გამო ცოტა მეტად მოენდომებინა. ისედაც, შთაბეჭდილებდა მრჩებოდა, რომ მოხასიათებოდა, უპრობლემოდ გადააბავდა წინადადებებს. -მშვენიერია,-თავი დავაკანტურე,-და მაინც, რას მკურნალობ? -სტრესი,-ჩაილაპარაკა, - მამა წუხს...პოსტ-ტრავმატული... როგორც მის ფაილებს გავეცანი, ავიაკატასტროფამ დედ-მამა და და წაართვა, ხოლო თავად შვიდი წლის ასაკში თითქმის პარალიზებული დატოვა. გენერალმა აიღო მისი მეურვეობა და ამის შემდეგ ციხე-სიმაგრის გარეთ აღარ გაუშვია. -ქალაქი...-ამოიოხრა, თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა, ფანჯრისკენ გაიშვირა თითი. სხივი შემოვიდა. ფანჯარაში შავი ჩრდილი გაკრთა. -გარეთ, - სახე გადაუნათდა,-გა-თა-ვი-სუ-ფლე-ბა, დამარცვლა და თავადვე აღფრთოვანდა. -უფრო ბევრს ხედავ, ვიდრე ამბობ არა?-დავაკვირდი, თვითონაც გამომხედა. უხმოდ ვაკვირდებოდით ერთმანეთს, მე თითქოს ვეკითხებოდი როგორ ვახერხებდი ამ სახლში უპრობლემოდ დაძინებას, რატომ მომდიოდა ცრემლები ან რატომ მინდებოდა მასთან საუბარი, ის კი თითქოს ჩემს ყველაზე აბსურდულ ეჭვებს დამალობანას ეთამაშებოდა. -შენი აზრით, რა უნდა შენგან კარდინალს?-ხმამაღლა წამომცდა. ახლა უკვე ისე შემომხედა, თითქოს მითხრა, ნუთუ აქამდე ვერ მიხვდიო. ამოვიოხრე და სავარძელზე გადავწექი. არც კი მინდოდა იმის წარმოდგენა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
მარკო
თერაპევტი ამჯერად არ გამოგვგებებია. ემანუელი თავად შევიდა. მწვანე სავარძელზე ჩამოვჯექი. ჩემი ახალი ნაცნობი, მარკო ამჯერად აღარსად ჩანდა. ალბათ საბოლოოდ მიხვდა, გარეუბანში სეირონობა მისი შესაფერისი რომ არ იყო. თავი გადავწიე. კარდინალი და პირამიდა... ემანუელი და ლურჯი, წყალში ჩაძირული პლანეტა... ბურუსმა წამიღო, როდესაც ფიქრების ნისლი მეხდაცემული ხესავით გაიპო. ფეხზე წამოვვარდი. ემანუელი მეძახდა. ხმის გარეშე - ჩემს თავში მისი მოგუდული ყვირილი ყუმბარასავით ფეთქდებოდა. კაბინეტში გიჟივით შევვარდი. თერაპევტი სავარძელში გაშეშებული მისვენებულიყო. შუბლზე მხოლოდ მკრთალი წერტილი აჩნდა. ფანჯარას მივვარდი. კიბე შემდეგ სახურავზე გადადიოდა. ქურთუკი გავიხადე და კიბეზე გადავხტი. ვხედავდი ემანუელს გაცხარებით რომ მიარბენინებდა ვიღაც სახურავებზე. ჰაერი ყურთან მიზუზუნებდა. შეშლილივით მივდევდი. ცათამბჯენის სახურავზე ავარდნენ. იარაღი დავუმიზნე,მაგრამ ვერ ვესროდი - მოძრავი სამიზნის გამო ემანუელსაც საფრთხეს შევუქმნიდი. შეჩერდნენ - ნეონის შუქებმა თვალი მომჭრა. სახურავზე ვიდექით. მისი ფერადი თმა ქართან ერთად ირხეოდა - ემანუელი გვერდზე გაეწია და იარაღს უმიზნებდა. -ზედმეტად მალე მიხვდი, - ღრმად ამოიოხრა და გამიღიმა. მარკოს მდიდრული ტანსაცმელი უკვალოდ გამქრალიყო - მსუბუქად ეცვა და ხელში ლაზერული იარაღი ეჭირა. -თერაპევტს შენ ესროლე? - მისი გაშეშებული სახე გამახსენდა. -გიკვირს?! - ცალყბად გაეცინა - ვის ვის და შენ? ელიტურ მონადირეს?! ემანუელს გავხედე - მშვიდად იდგა, მაგრამ გაფართოებულ თვალებს არ მაცილებდა. -დაგიძახა, არა?! - წაიღრინა მარკომ, - უნდა მივმხვდარიყავი. დამიზნებული იარაღიდან სროლას არ ჩქარობდა - ან მის მოკვლას ერიდებოდა, ან დროს წელავდა დახმარების მოსვლამდე. შემეძლო სასწრაფო სიგნალი გამეშვა - კარდინალი მიპოვიდა. მანამდე მეც დრო უნდა მომეგო. -მარკო, გეყოფა! - ხელები ავწიე - გამოუშვი ბავშვი - მხოლოდ მის დასაბრუნებლად მოვედი, თერაპევტი არ მაიტერესებს. -იცი მაინც ვინ არის? - ემანუელს თავზე იარაღი მიაბჯინა, წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და მარკოს ხელი აუკანკალდა. შიშისგან ცახცახებდა. შეიკურთხა და იარაღს ხელი უფრო მოუჭირა. -ისინი უნდა დაიხოცონ, ყველანი, თუ პირამიდა ამ შეშლილებს ხელში ჩაიგდებს, მათ ხელში ყველანი ანდროიდებად ვიქცევით. მთელი სხეულით ემანუელისკენ შეტრიალდა. გოგო მოიხარა. სანამ გააზრებას მოვასწრებდი, მარკო შექანდა, წაბარბაცდა. წონასწორობადაკარგული გადაეშვა ავარდისფრებული შენობიდან. ემანუელმა დაიყვირა. მისმა ხმამ გამომაფხიზლა - იარაღიანი ხელი ისევ გაშეშებული მეჭირა. -მორჩა, მორჩა,-მაშინვე მივვარდი. თითებს იმტვრევდა მახეში გაბმული მხეცივით. -ახლავე სახლში დავბრუნდებით, - ვცადე დამემშვიდებინა. -არა! - საყელოში ჩამაფრინდა, - სახლი აღარ! გავიქცეთ! არ დამაბრუნო! ფეხზე წამოვაყენე. სად შემეძლო მისი წაყვანა თუ არა უკან. ან კიდევ გვქონდა შესაძლებლობა... თუმცა კარდინალთან ჩემი ნებით არ გამოვცხადდებოდი, მისი პირადი ხომალდი რომ არ დაშვებულიყო ჩვენს წინ. -ჩასხედით, - თავი გადმოყო შუშისთვალებამ. კიმი იყო.- საქალაქო პოლიცია თითქმის აქაა. მის თვალებს ვერაფერი გაექცეოდა. მითუმეტეს მის ხელს.
ემანუელი
-იპოვე რასაც ეძებდი?- პირამიდის საფეხურზე ემანუელი შედგა, - თუ კიდევ გესიზმრება? მოვტრიალდი. სმოგში ჩაძირულ ქალაქს გადაჰყურებდა. მისკენ მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ გავშეშდი, სხეული არ დამემორჩილა -არაფერია! - ღიმილით გამომხედა,- სახლიდან ასე შორს არასდროს ვყოფილვარ! აღარ მახსოვდა როგორი იყო გარესამყარო. სიარული გააგრძელა და გვერდზე რომ ამიარა, სიცივემ დამიარა, მზერა დამებინდა, თითქოს სულ სხვაგან, სხვა სამყაროს კიდეზე ვიდექი. მიღაც მიყურებდა, მეძახდა, სახელით მომმართავდა. -მადლობა ყველაფრისთვის,-ჩაილაპარაკა ემანუელმა,- აქ უნდა დაგემშვიდობო. უკან გამოვეკიდე, პირამიდის თავზე დავეწიე და ხელი ვტაცე. -ახლავე გამომყევი! - აქვე ხომალდები დგას, უკან უნდა დავბრუნდეთ, არც კი იცი, რა შეიძლება მოხდეს... -კაცი ვინც შენ გამოგაგზავნა, გაერთიანებული ფედერაციის ექსპერიმენტალური ჯგუფის წარმომადგენელია, მათი პროექტი - ახალი დანაყოფის შექმნისა, კრახი განიცადა. ამიტომ, ის ამჯობინებს ამ ექსპერიმენტის შედეგების მოსპობას, ვიდრე სხვის ხელში ჩავარდნას. ყველაფერი აშკარად წინასწარვე იცოდა. -შენც ამ ექსპერიმენტის შედეგი ხარ, - ვიცოდი რაც ელოდა ამ პირამიდის მიღმა -ო, არა! - გაიცინა -შეცდომა! მისმა თვალებმა ჩემს მიღმა გაიხედა. -მე პირველწყარო ვარ! გარეთ სპეცრაზმი გამოვიდა. -ყოველი შემთხვევისთვის...-გამომხედა ემანუელმა,- უდაბნოში გამყოლის გარეშე არ იხეტიალო...და ეცადე, ამ პირამიდისგან რაც შეიძლება შორს გაფრინე. -არ წახვიდე,-ჩახლეჩილი ხმით წამოვიძახე და მისკენ ხელი გავიწოდე. რკინის კარგის მიღმა მხოლოდ სიბნელე ელოდა. მხრები აიჩეჩა. რაღაცაზე ფიქრობდა. -ყველაფერი მხოლოდ დროებითია...და ყველაფერი უბრუნდება პირველწყაროს,-თითქოს ჰაერში ვიღაცას ელაპარაკებოდა,- ჩემი სახელი გახსოვდეს! კიდევ ერთი ნაბიჯიც და თითქოს სხვა სამყაროს მიღმა გაუჩინარდა. ვიდექი ასე გაშეშებული და ვიყურებდი დახშულ კარს, რომელიც ჩემთვის აღარასდროს გაიღებოდა. მზე წითლად კვდებოდა. მეგონა, რომ ჩემი ცხოვრების მიტოვებას მთხოვდა, როცა პირამიდისგან გაცლა მირჩია, მაგრამ როცა საჰაერო ხომალდი შეირყა და პირამიდა მზესთან ერთად სისხლისფერ ღრუბელში ჩაინთქა, მაშინ მივხვდი, პირაპირ გაფრთხილება რომ მომცა.
ბაზა
დანტემ დომენიკისკენ გადმოიწია. -შენ უფლება მიეცი, რომ იქ შესულიყო და...ყველაფერი მტვრად ექცია?! დომენიკმა თავი ჩაღუნა. -და შენ სინდისის ქენჯნით უდაბნოში დახეტიალობ...თუ გგონია, რომ როდისმე სიზმრისგან გამოიღვიძებ?-დანტეს ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე -ჭრილობაზე მარილს მაყრი,-ჩაილაპარაკა დომენიკმა დანტემ მხრები აიჩეჩა: -საკუთარ ჭრილობას თავად არ აცლი შეხორცებას. დომენიკი დუმდა. -მოგონებები,-ჩაილაპარაკა მან,-არასდროს იცი, ენდო თუ არა მათ, რადგან შესაძლოა, ისინი მხოლოდ სიზმარს წარმოადგენდნენ. დილით დატოვეს ბაზა. -არ ეტყვი თავის შვილზე?! - დანტეს გახედა დომენიკმა. დანტე მოიბუზა. -უკვე დიდი ხანია იცის! დომენიკმა ძვლისფერ ბაზას გამოხედა, ბერტი მხიარულად უქნევდათ ხელს. დანტე უკანმოუხედავად მიაპობდა ქვიშას.
დანტე
-ჩვენი გზები აქ იყოფა, - დანტემ ხომალდამდე მიაცილა და საბუთები მიაწოდა. -მადლობა ყველაფრისთვის,-დომენიკმა საბუთებს გადახედა,-საით აპირებ წასვლას? დანტემ მხრები აიჩეჩა. -სანამ კლიმატი თავს არ მომაბეზრებს აქ დავრჩები...მისმინე, დომენიკ, მართლა აპირებ კიდევ ხეტიალს? ამჯერად ვის ეძებ? -ჯერ არ ვიცი მაგრამ...-მზე ხომალდის ვერცხლისფერ კორპუსს ნელ-ნელა ეკიდებოდა,-ვიცი, რომ შევხვდები...მე მას აუცილებლად შევხვდები... -იქნებ ვერ იცნო?-ჩაილაპარაკა დანტემ -აუცილებლად ვიცნობ-დომენიკმა მზეს ახედა,-დოკუმენტებისთვის მადლობა. დომენიკმა ბარათს კიდევ ერთხელ დახედა. მისი ციფრული ფოტოს გადასწვრივ ყალბი იდენტობის დამადასტურებელი სახელი ანათებდა. ხელები გაუშეშდა და სუნთქვა შეეკრა. -დანტე!-გასძახა,-ეს...ეს რა არის?! -შენი დოკუმენტები,-პასუხი დაუბრუნა დანტემ,ზურგჩანთას ისწორებდა, ჩემიც შევცვალე, ცოტას მოგეხმარება, გადაადგილებისას. -აქ ჩემი სახელი წერია!- დომენიკი თვალს ვერ აცილებდა მანათობელ წარწერას,-ჩემი სახელი...ჩემი სახელია იმრა! დანტეს მზის სხივისგან თვალი მოეჭუტა და ღიმილით შემოსცქეროდა. -დანტე,-დომენიკს თვალები ცრემლებით ევსებოდა,-ვინ ხარ?! -აქამდე ვერ მიხვდი?!- გაეცინა დანტეს,-უდაბნოს გამყოლი ვარ! მგზავრებს ვაცილებ! უნდა წავიდე! იქნებ კვლავ შევხვდეთ, სხვა პლანეტაზე, სხვა უდაბნოში! დანტე შეტრიალდა და ხელი დაუქნია. სწრაფი ნაბიჯით, მხრების თავისუფალი რხევით მიდიოდა. დომენიკმა ჟანგისფერ ხომალდზე ააბიჯა. გამყოლს საბუთები მიაწოდა და თავისი ადგილისკენ ბურუსში ჩაძირული გაცურდა. გამომხმარმა გამყოლმა დომენიკს თვალი გააყოლა. ხელი აიქნია და შასმა ზანტად აიწია. ხომალდმა დაიგრუხუნა, ერთხანს ადგილზე იტრიალდა და შემდეგ ჟანგისფერ ცას შეერია. ადევნებული წითელი მზის სხივი უკან ჩამოიტოვა.
უდაბნოს ქვიშას შეურია ფეხი. თენდებოდა. ღრუბლები ჰორიზონტზე გაწოლილიყვნენ. დიუნებზე მოცოცავდა პლანეტის დატოვების წუთები. -კიდევ ერთი დღე, -დანტემ ცას ახედა-ჩემი ამქვეყნად არსებობის კიდევ ერთი დღე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ფორმაზე ეტყობა რომ ჟანრი არასწორად არის დაწერილი. Წაკითხვით გვიან წავიკითხავ ფორმაზე ეტყობა რომ ჟანრი არასწორად არის დაწერილი. Წაკითხვით გვიან წავიკითხავ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|