 | ავტორი: თეონე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 ივნისი, 2021 |
რა იქნება, თუ გეტყვი, რომ მორფი აღარ აყუჩებს ტკივილებს? რომ დედამიწაზე ჯერ არ აღმოუჩენიათ ნივთიერება, ჩემი გონება ორი წუთით მაინც რომ გათიშოს, რომ სუნთქვა გახდეს შესაძლებელი. იქნებ სიკვდილი შვებაა? ვინ იცის. შენ კი არ მიშვებ. ვერ მივდივარ. მორფი არ მოქმედებს. მხოლოდ გულს მირევს ისტერიულად და თავბრუს მახვევს. მეტი არაფერი. ამატე რამდენიც გინდა, თავი არ მეთიშება. სხეული მიმძიმდება უბრალოდ და მერე საერთოდ ვეღარ ვინძრევი. ვერც შენს თითებს ვგრძნობ ბარძაყებზე, სხვათა შორის. სისხლს ვერ გამომადენ. ვერაფერს გადააერთებ. ყველა წამს ვიგრძნობ და მერე შენ შეგეშინდება. ამიტომ ჩერდები.
შემომხედე, რა. შემომხედე და მითხარი, რომ ერთადერთი, რასაც გრძნობ ახლა, ზიზღია. ზიზღი და არა სასოწარკვეთა. არც შიში. მხოლოდ ზიზღი. იცი, ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე ნამდვილი გრძნობა ზიზღია მაინც. იგრძენი რაღაც ნამდვილი, სანამ მაგ სკალპელს ვენებზე დაისვამ, ვერტიკალურად. და მერე შენი თვალების ჰორიზონტებში მზე ჩაესვენება და მე და შენ ზუსტად ერთდროულად გაგვიჩერდება გული. ისტერია შეწყდება.
მარწყვის ჩუპა-ჩუპსს ჭრიალა ქაღალდს ხმაურით აძრობ და თვალებში მიყურებ. მე ისევ შიშველი ვზივარ შენ პირისპირ საწოლზე, მოხრილ მუხლებზე და ვფიქრობ, რამდენი ხანია, ასე გრძელდება? ჩვენ არცერთ ოთახში არ გვიკიდია საათი და ორმაგი უარყოფებიც აზრს კარგავს, როცა ჩუპა-ჩუპსს ძალიან ფრთხილად იქცევ ტუჩებს შორის.
მე არ გაშორებ თვალს და ვხედავ, როგორ ცვივა შენს თვალებში ფანჯრის რაფებიდან ადამიანები ისე, რომ ეს არაფრით ჰგავს ტრაგედიას. უფრო რიტუალია. გაცოცხლების რიტუალი და თუ ყველაფერი წრეა, ეს ადამიანები კიდევ უთვალავჯერ დასახლდებიან შენს თვალებში და ამდენივეჯერ გადმოეშვებიან ფანჯრის რაფებიდან. გრძელი პალტოს კალთები აუფრიალდებათ და ეს ყოველ ჯერზე ისევ იქნება უფრო მეტად ინსცენირება, ვიდრე ტრაგედია. უფრო რიტუალი, ვიდრე სიკვდილი და მერე ჩვენ ვისწავლით, რომ სიკვდილიც არაფერია, გარდა რიტუალისა.
ვისწავლით ზეპირად. ზუსტად ისე, როგორც ვიცით ერთმანეთის სხეულები და ამას არასდროს ვამბობთ. ვისწავლით ისე, რომ თვალდახუჭულებმა მოვყვეთ სინქრონში და ვიმეოროთ გაუჩერებლად: სიკვდილი არაფერია, გარდა რიტუალისა. არაფერი, გარდა რიტუალისა. ასე სიკვდილი თავისთავად დაკნინდება და მერე გაქრება. არავის სურს, უშინაარსო რიტუალად იქცეს. ეს ჩვენ განსაკუთრებით არ გვინდოდა არასდროს. ამიტომაც არ ვართ ახლა ერთად.
და მაინც, მაშინ როცა ხერხემლის მალებს ორი გაყინული თითით გადამითვლი, მე ჩემს ყველა ამოსუნთქვას შენი თითების მონაცვლეობას დავამთხვევ და წარმოვიდგენ, რომ ყოველ ჩასუნთქვაზე ერთ ვარსკვლავს გადავარჩენ ჩამოვარდნისგან. ასე ყველა ვარსკვლავი დარჩება ცაზე, ხელუხლებელი და ვერავის ალაგ-ალაგ ახდენილ ოცნებებს ვერ ჩამოიტანს დედამიწამდე. შენ გჯერა, რომ რამის გადარჩენა შემიძლია?
სინამდვილე მხოლოდ ის არის, რომ მორფი აღარაფერს აყუჩებს და სულ რომ თვალის გუგებში ჩამასხა პაწაწინა შპრიცებით, მაინც არაფერს მომიტანს გარდა თავბრუსხვევისა. მომეხმარე. ამაყენე ამ მაგიდიდან და გამიყვანე აქედან. აქ საშინლად ცივა და ეს ნათურებიც ისე ანათებს, თვალებს ვერ ვახელ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|