| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 30 ივლისი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, სიშორემ მეტად გაამჟღავნა, გვიყვარს ერთურთი, სამი ღამეა ვერ ვიძინებ, დღეს ძლივს მოვეშვი, როგორც წლების წინ, შენი თმების სიახლოვეში, როცა თითებით, როგორც თევზი, მასში ვცურავდი, მახსოვს კედელზე რომ გვეკიდა დეგას სურათი, სხვადასხვა მხარეს ჰქონდათ მზერა ქალს და მამაკაცს, ხშირად ვუცქერდით ჭიქა აბსენტს, როცა არაქათ- გამოცლილს თავი შენს კალთაში მედო ბავშვივით, ვაგლახ, დღეთაგან რომ დაგვირჩეს მხოლოდ ნახშირი, ან უარესი, ფერფლად იქცეს და ჩაინაცროს, იმ დღეთა მსგავსი, ნეტავ მეტი რაღა ვინატრო? შეგრძნებას უწევს ხსოვნისათვის ქედის მოდრეკა, წყალს წაუღია პისარო და ტულუზ-ლოტრეკი, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, სიშორემ მეტად გაამჟღავნა, გვიყვარს ერთურთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|