ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2021


ფინიკის სურა

ალიფ

დილის 9 საათზე განათლების სამინისტროში ყოფნა, როცა მშიერ-მწყურვალი ხარ, ღამენათევი და ანერვიულებული დიდი ვერაფერი სიამოვნებაა, შეგიძლიათ იმათ დაეკითხოთ, ვინც ჩემთან ერთად ამ დროს გასაუბრებაზე იმყოფებოდა, თუკი რომელიმეს იპოვით, თუ ვერ იპოვით, დიდად ნუ იჯავრებთ, მეც დამეჯერება რაღაცები, ამ დღეს თბილისი ტური მქონდა არაბ ტურისტებთან და 10-ზე უკვე უზარმაზარი ქალთა ჯგუფი მელოდა, ხელი რომ მომეხვია და ცხელ ქალაქში მომეტარებინა, თან მომეტყუებინა, დიდი ვერაფერი სიცხეა, თქვენს ხორშაკს ნამდვილად სჯობს ემირატებისას, სუნთქვას რომ გიკრავს და სული რომ გეხუთებათქო, ტყუილი მეჯავრება, მაგრამ სანუგეშოდ კიდევ არაუშავს, თითო ბოთლ წყალს დავურიგებდი ავტობუსში და ეგაა, შესაბამისად ყველაზე ადრე ადგილზე გამოცხადებული, რიგშიც პირველი ვიყავი და როცა დამიძახეს ცოტა ხელები ამიკანკალდა, ხელის კანკალს ვინ ჩივის, ზოგს ისეთები უკანკალებს, ხმა არ ამოეღება. ასეთი ტიპის გასაუბრებაზე განსაკუთრებული უნარების ჩვენება არაა საჭირო, საკმარისია ემოციებზე ითამაშო, ბევრგან მიმუშავია, ბევრი რჯულის ადამიანებთან, 30 ლარიანი ხელფასიც მქონია და 4000 ლარიანი, სხვათაშორის საქართველოში ცუდი ფული არაა, თვიდან თვემდე 2 თევზს და 1 ძაღლს კი არჩენ, თუ დიეტაზე ხარ, ამიტომ ზუსტად ვიცოდი რაც უნდა მეთქვა. სტიპენდია ქუვეითში სწავლის მსურველთათვის გამოცხადდა და დიდი წვალების და მეგობრების ხელის კვრებით ვიჯექი იმ სკამზე, სადაც 4 გამომცდელი, ვითომდა მართლა გამომცდელების თვალებით, ოდნავ რომ მოეჭუტათ მომჩერებოდნენ და ჩამჭრელ კითხვებს მისვამდნენ, C.V. როგორც ყველა სამუშაოზე აქაც ტყუილად მქონდა გამოგზავნილი, ყველაფერი მაინც თავიდან მომაყოლეს, ცოტა გავაბუქე და რაღაც ფაქტები დავმალე, დიდ წარმატებას ვერ მიაღწევთ პოსტ- საბჭოთა ქვეყანაში, თან მუქთა სტიპენდიის დათრევა თუ გინდა, თუკი აღიარებ რომ ჰაშიშს ეწეოდი ახლო აღმოსავლეთში, რაც იქ ჩვეულებრივი ამბავია, მოსული პონტია ძმებო, აქ კი ჰალსტუხიანი 2 ბიძა კაცი და 1 ახალგაზრდა თვალებბრიალა გოგონა, მორცხვი ღიმილით ვითომ რომ რაღაცას ინიშნავდა ჩემი პასუხების მერე და 1 ცოტა ჩასუქებული დეიდა ცდილობენ ვითომ კეთილგანწყობა გამოხატონ, ვითომ ანაღვლებ და ვითომ შენი მომავალი ხელში უჭირავთ, უნდა გაუჩეჩქვო კაცმა თავი, მაგრამ სადაა სამართალი, ხოდა ამათნაირებისთვის არსებობს გველური მიდგომები, ეგ დავუმუღამე დამსაქმებელს და ბევრ კარგს ვეწიე მაგით, რაიმე პროფესიასთან უშუალოდ დაკავშრებული შეკითხვა არ დაუსვამთ, ან რანაირად დასვამდნენ, ჩემს საქმიანობასთან მაგათი კავშირი ალბათ ნულის ტოლია, თუმცა გასაკვირი ამაში არაფერია, ჩვენსი ხო მიღებული პრაქტიკაა, დანტისტი მინისტრად, მსახიობი პარლამენტში, ფეხბურთელი ქალაქის მერად, დილდო პრეზიდენტად, მაგრამ შავ მოუხერხებელ სკამში რომ ვიჯექი, ყველაფერ მობეზრებული ვცდილობდი თავი მომეთოკა და მხოლოდ ერთ რამეზე ვკონცენტირებულიყავი, ამ ქვეყანას გავცლოდი, დამესვენა თუ მომესვენა და მეტი არაფერი მაინტერესებდა, რაც არ უნდა ეთქვათ თავს დავუქნევდი, ჯგუფურ სექსზე ვერ დამითანხმებდნენ, მაგრამ დანარჩენი კი ბატონო, კატა გრუმინგზე წამიყვანე, სამსახურის მერე გამომიარე, საუზმე მომიმზადე, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ამიტომ როცა მკითხეს რატომ ფიქრობ რომ ეს სტიპენდია შენ გეკუთვნისო არ დამიმალავს, სწავლა მომენატრა მეთქი თავაწეულმა ვუპასუხე, ცოტა შემეშინდა, ამ ფარცუხა გოგომ არ შემამჩნიოს ირონია მეთქი, მაინც დაახლოებით ჩემი ასაკის უნდა ყოფილიყო, ჩემს თავსაც შევამჩნიე რომ ტუჩის ბოლოში ღიმილი გამეპარა, მაგრამ თავი მაინც მოვთოკე, კარგად იყავით, დაგიკავშირდებითო დამიბარეს და გამოვიპარე, არავისთვის წარმატებები არ მისურვებია, იმიტომ რომ ყველა ფეხებზე მეკიდა, საერთოდ გულწრფელი და პირდაპირი ადამიანები მიყვარს, არც დანარჩენებს უსურვებიათ ჩემთვის ყალბი წარმატებები, ჩემი კონკურენტი რა კეთილი სურვილებით ავავსო, ძაან არ გაუხდათ ახლა ჩემი წარმატებული გასაუბრება, ამიტომ ყველა დავიკიდე და სამუშაოდ გავვარდი.
დღის განმავლობაში არც გამხსენებია ახალგაღვიძებულზე ჩატარებული ეს მსახიობური ამბები, მეტეხიდან რომ დავეშვი ჩემი აბაიანი ქალებით, ლეღვთახევში ჩანჩქერთან დავასტოპე, რა არ მოვუყევი, ზოგი ისტორიიდან, ზოგი მითებიდან, რაც კი წამიკითხავს და გამიგია, რაც ენამ გამიშვა არაფერზე უკან არ დამიხევია, მეგობარი ქალი ყველა ნორმალურს გეყოლებათ, ამიტომ ადვილად წარმოიდგენთ როგორია როცა ერთი ავტობუსი ქალების თვალები გთხოვენ ფოტოები გადაგვიღეო, სანდო და პატიოსანი გიდის სახელი მქონდა და დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა, თორე ბევრ ახალ მობილურს და ძვირ ლინზებიან ფოტოაპარატს დავლეწავდი იმ დღეს, ნაწილს მეტეხზე, ნაწილს ოლვეის ულტრას ხიდზე, ნაწილს კიდევ ნარიყალაზე. საჩვენებელი თითი მიცახცახებდა კუს ტბამდე, გაუთავებელი ლაყბობიდან და არაბული ჰანგებიდან მთელი გზა რომ ტრიალებდა ენა მისხმარტალებდა და ყურებიდან ლამის სისხლი მდიოდა, კარგად კი იმხიარულეს და დრო ატარეს, საღამოს რედისონში რომ მივასეირნე, ერთ- ერთი სტუმრის გამო ლამის დავკარგე ყველაზე სანდომიანი ტურლიდერის სახელი, მივხვდი ტყუილი ჩალიჩი მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი ინიციატივა არ გამომიჩენია, ამიტომ მალევე მოვტყდი სახლისკენ, მხოლოდ საღამოს მშიერზე ერთიანად რომ ვიყრიდი ცარიელ კუჭში რაც ხელში მომყვებოდა, რა დროსაც მკაფიოდ ჩანს ადამიანის ნამდვილი ცხოველური სახე, ამომიტივტივდა მთელი პროცესი და კიდევ ერთხელ გამეცინა ჩემს გონებახვილურ პასუხზე: სწავლა მომენატრა. რამ მათქმევინა, ვერ ვიჯერებდი, არა, კი მქონდა ეგ დრო, რომ ოღონდ მესწავლა და არაფერი სხვა არ მაინტერესებდა, კარგი წლებიც მქონია, უცნაური თანმიმდევრობით, სწავლის, მარტოობის, შედეგიანი, შეიძლება ითქვას საკმაოდ თვალსაჩინო, ლოთობის, ბოზობის, მწეველობის, რაშიც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ერთ მთლიან ბუკეტს ქმნიდა, სხვადასხვა ტიპის ადამიანებს კი ჩემში სხვადასხვა რამ მოსწონდათ, ზოგს მჭერმეტყველება, ზოგს ლამაზი თვალები, ზოგს დიდი ფალოსი, ზოგს გაუთავებელი სმა, გაჩითული მოსაწევი, ქუჩის პერფომანსები, აყალ-მაყალი, ჩხუბები, ქურდობა და ღრმა განსწავლულობა რელიგიაში. მეც დაახლოებით ასეთი მიდგომა მქონდა, განსხვავებით იმ წრისგან, რომელშიც ძალაუნებურად აღვიზარდე, თუ საერთოდ შეიძლება ამას აღზრდა ეწოდოს, ოთხმოცდაათაინების ანტიკვარებში, განურჩევლად ასაკისა, ჩემს უბანსა თუ სამეგობროში, თუნდაც მტრებში, ამ სიტყვის ყველაზე საპატიო გაგებით, თითოეულმა სულიერმა, ზუსტად იცოდა რა მოსწონდა ადამიანში, ეს ღირებულებები კი არც ისე საამაყოდ გამოიყურებოდა, დიდი ძუძუები, სქელი ბაყვები და ფუმფულა ტრაკი, ისეთი რამ გახლდათ, რაც ყველა ბლოკნოტში ერთი და იგივენაირად გაკრული ხელით და გაუგებარი ასოებით ეწერა, შემდეგ მოდიოდა ქურდული მენტალიტეტის აპოგეა, კაი ბიჭობა, უბნის მაყურებლობა, ქურდობა, მომავლობა, მომპარავობა, ხიდის ბოზობა, მენტებთან შეკრულობა და სხვა. ამიტომ არასდროს მიკვირდა, როცა მესმოდა რომ ამ ქვეყნიდან გაქცევა უნდოდათ, თვითგადარჩენის ინსტიქტი ხომ ღვთაებრივი ნიჭია, სამაგიეროდ არასდროს მესმოდა იმათი ვინც აკრიტიკებდა ჩემნაირ ხალხს, თუ რატომ უნდა გვდომოდა აქაურობას გავცლოდით და ამ გარყვნილ საზღვარგარეთში წავსულიყავით, სადაც აუცილებლად მშნებელობაზე მუშაობით უნდა მომეწყვიტა წელი, ან მექურდა და ოჯახი შემერცხვინა. სულ მინდოდა ასეთი ტიპები მეგინებინა, მაგრამ მშობლების მერიდებოდა, ამიტომ დებილი სტუმრები როცა მოდიოდნენ, თავიანთი დებილი ფილოსოფიით, მეც ზეპირი ღიმილით ვხვდებოდი და კბილებს ვახრჭიალებდი, რომ წამოვიზარდე მიხვდნენ რომ შარს გადავკიდებდი ყველა მოსულს, გაჭირვებასთან ერთად კი სტუმრიანობის ხათრიც გაჩნდა და ნელ- ნელა მეც სიმშვიდე დამეუფლა, უბრალოდ დრო და დრო გულის რევის შეგრძნება მქონდა, როცა ირგვლივ შემქნილ სიტუაციას ვაკვირდებოდი. სხვა ამბებიც რომ არ წამომცდეს, თუმცა ჩემი სანაცნობოდან ამის წამკითხავი არავინ მეგულება, მაგრამ რომ არავინ მოუყვეთ, თქვენზე ეს ბიჭი ნაწყენია და თქვენს სურათებზე და მოგონებებზე ბევრჯერ დაგირწყიათო, სჯობს აღარ გავაგრძელო, ასე იყო თუ ისე, გაიხედეთ ფანჯრიდან, მეზობელს გადახედეთ, პენსიონერ მშობლებს, დებს და ძმებს, მეგობრებს, ვალებს და უცნობებს, მიხვდებით რაც გჭირთ, თუ უკვე არ მიეჩვიეთ იმ განავალში ცხოვრებას რომელშიც ყელამდე ხართ, თუმცა არაფერი გამიკვირდება, განავალს ჩვენთან კოვზებითაც სიამოვნებით ჭამენ, ასეთ რამეებს ვფიქრობდი, ერთ მზიან საღამოს, ჩემი მანქანის ჩამოწეული ფანჯრიდან აგურით ნაშენებ პატარა მონასტერს ვუყურებდი, რომ ტელეფონმა დარეკა გრძელი ნომრით, სფიქერი ჩავურთე, ეგრევე ვიცანი გოგონას ხმა და წარმოვიდგინე მისი ყავისფერი თვალები, თეთრი გამჭირვალე პერანგი, სამ ფოლაქზე შეკრული, ხელს რომ კისერზე იდებდა და გრძელი შილაკიანი ფრჩხილებით ოდნავ იხაჭუნებდა, ზოგადად ძალიან დაკვირვებული ვარ, შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ ზოგი კარგი მხატვრის, კარგი კინო რეჟისორის მომავალს მიწინასწარმტყველებდა, დეტალებისადმი დიდი ყურადღების გამოჩენის გამო, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მერთულებოდა და მხიბლავდა ადამიანის განსაკუთრებული ხმაა, ყველაზე რთულად დასამახსოვრებელი, რთულად წარმოსადგენი, ყველაფერს წარმოისახავ, მაგრამ ხმის ყურის ნიჟარებში შემონახვა ურთულესი საქმიანობაა, გარკვეული დროის მერე ყველანაირი ხმა ქრება, ცვდება და იკარგება, სულ გული მიკვდება ხოლმე ასეთ რამეებზე, კარგი მოცლილი ადამიანის გასართობია, ერთმანეთს რომ გამოვეცნაურეთ, სამწუხაროდ სახელი არ ვიცოდი, მოულოდნელი რამ მოვისმინე, რის გამოც ლამის წითელზე გავიარე და ფეხით უგზო- უკვლოთ მოსიარულეებს გადავუარე, ზებრიდან 10 მეტრში, შენს საბურავებთან რომ ჭრიან ხოლმე გზას, მოლოცვის შემდეგ, საბუთების გამზადება და კანცელარიაში ჩაბარება მიწევდა, იწყებოდა დიდი გარდატეხის პერიოდი ჩემს უღიმღამო და მოსაწყენ ცხოვრებაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები