ნეტავ თესვამდე, მთესველო გადაგერჩია მარცვალი, აღრევისაგან დაგენდო მიწის მტვერი და ცარგვალი. ძნელად იპოვი სიმშვიდეს, იფქლს ღვარძლი ახრჩობს, ხვიარა. დამდაღა ცნობის სიმძიმემ, ყოფის სიმწირემ კი არა. ტკივილი, მოაქვს ზოგ ცოდნას, ზოგ ტკივილს ცოდნის სახე აქვს. პოსტ ფაქტუმ თვალის ახელა მეც მჭირს, ღირს ალბათ გამხელა. პეპელ-ოცნებებს დავდევდი, ცხოვრებამ გვერდი მიარა, საწუთრომ ამასობაში სარკაზმით გადამიარა. ვიძვროდი, მაინც ჭაობი ყელამდე შემომდგომოდა, დღეს კი ვჭვრეტ ამაოებას მე ჩემი შემოდგომიდან. ახლის შეცნობას თუ ადრე ახლდა აზარტის მორევი, მთავარი ცოდნით მივიღე სიმძიმე, სევდანარევი. სხვისთვის ფარული თუ არის, ანდა ნაგრძნობი გუმანით, მე რად გამიღე ფანჯარა და გამიხადე აშკარა. - რაც დაღოღავს თუ ნავარდობს, დიდებულს კნინს თუ დრონაწრთობს, იაფია, თუ ძვირფასი ჯართი, თუ გრაალის თასი ზედ აზის მტკიცედ ნაჭედი წარმავლობის ბეჭედი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|