 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: იუმორისტული 26 ნოემბერი, 2021 |
ადრიანი დილაა.
მაღვიძარა რეკავს და რეკავს... მისი ხმა, ისე განსხვავებულად ჟღერს, ძილღვიძილში მოულოდნელად შიში შემომიჩნდა:
"-რაღაცას მოასწავებს ეს თავზარდაცემული ზრიალი, შეშინებული, ხმაჩახლეჩილი, აი ისეთი შიშისგან ზარდაცემული ადამიანი რომ კივის და ძალაწართმეული მხოლოდ ხავის..." - გამიელვა თავში და გამახსენდა რომ პარასკევი თენდებოდა და წესით სულაც არ უნდა დაერეკა მაღვიძარას. პარასკევობით და შაბათ-კვირას არ ვმუშაობ. კორონა - ფინანსური კრიზისის გამო ჩემი სამსახური ოთხდღიან სამუშაო კვირაზეა გადასული.
ნამდვილად არ დამიყენებია წუხელ მაღვიძარა. მარტო ვცხოვრობ, სახლსაც მე ვალაგებ და კერძებს მე ვამზადებ, ვრეცხავ და ვაუთოებ, ანუ შინამოსამსახურე არ მყავს, არც შეყვარებული, არც საყვარელი, ვერ ვიტან ეგეთ ურთიერთობებს, ერთჯერადი ნერვებს მიშლის, მრავალჯერადი ტვინს ბურღავს. „ -ჰოდა ვინ ჯანდაბამ დააყენა ეს მაღვიძარა, არა, რომ არ ჩერდება თან... მის ხავლისაც ძალაც ელევა, მაინც ვის უნდა დაეყენებინა?“ - მობილურის მაღვიძარა წუხელვე გამოვრთე. უცბად გამახსენდა რომ მაღვიძარა სულაც არ მაქვს, არც მიყიდია, რაში მჭირდებოდა? ისედაც ტოროლა ვარ და დილა-ბნელზე ვდგები. აბა რა რეკავს ეს ოხერი?!
... და უცებ მესმის:
- თუ ახლავე არ ადგები, დაგხვრეტენ! - დამხვრიტეთ! რაც გინდათ მიქენით! არ ავდგები! - მექანიკურად ვუპასუხებ და უცბად აზრზე მოვდივარ, - ეს ხო დეჟავიუა! საწოლიდან ვიწევი და რას ვხედავ?!
შავი ფერის კოსტიუმში გამოწყობილი „ის“ ზის ჩემ წინ! თავად „ის!“... - ხელში ჯიბის საათი უკავია, რომელიც ზუსტად 11 -ს უჩვენებს და მაღვიძარას ზრიალი გაუდის...
- ეს თქვენ ხართ?! მართლა? - მიცანით ესე იგი... - ჰო, მაგრამ… - არავითარი მაგრამ... დღეს შავი პარასკევია, აბა რა გეგონათ, ვინ გეწვეოდათ შავ პარასკევს?! - უკვე იალტაში ვარ?! - არა, ჯერ-ჯერობით თბილისში ბრძანდებით. - აჰა...ჰმ... ჩაის მიირთმევთ თუ ყავას? - ჩავახველე უხერხულად. - საფერავს. ფალერნოს ღვინო შენ არ გექნება. შევამჩნიე რომ დახურულ კარადაში, მეორე თაროზე კუთხეში გაქვს დამალული საფერავის ბოთლი. ორი ცარიელი ლიქიორის ბოთლი გაქვს ჩამოფარებული.
წამოვფრინდი, ორი ბოკალი ჩამოვდგი და საფერავი ჩამოვასხი. ნელა მოსვა, თვალები მოჭუტა და დინჯად დააგემოვნა.
- ყმაწვილო, კარგა ხანია ამ ქალაქში ხალხს ვაკვირდებოდი. შარშან, მთავარ ქუჩაზე, პლაკატით მოაბიჯებდით, ხელში თავწაჭრილი ხატი გეჭირათ... მმმ ... აი იმისი... სახე არ ჰქონდა, არა... ჰქონდა, მაგრამ ვიღაც სხვისი სახე იყო მიწებებული. ვინაა ის ახალი წმინდანი? არ ვიცნობ! - დინჯად თქვა, ყველა სიტყვა გამოკვეთილად ისმოდა, თითქოს ყველას საკუთარი წონა ჰქონდა, მძიმე წონა.
- პოლიტიკური აქცია იყო, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ვაშარჟებდით. - აჰა... როგორ თქვა იმან? „ეშმაკმა საქართველოში პოლიტიკის სახე მიიღოო?!“ რას ერჩი? მართალია ის კაცი. - არ ვიცი ვინ თქვა. - ცუდია, პოლიტიკურად მოუმზადებელი ხარ. იმ კაცის ნათქვამი მომეწონა. იმიტომაც ვარ აქ. ჩემი შემდგომი მეჯლისი, სწორედ თბილისში გაიმართება. მეჯლისის დიასახლისი ხომ ხვდები ვინც იქნება?! - მმმმ... - ჰეროდე ანტიპა და იოანე ნათლისმცემელი გამახსენდა, მაგრამ სიტყვა ვერ მოვაბრუნე. მან ოდნავ დაიქნია თავი, მაგრძნობინა რომ სწორად მივხვდი. - ისა და... იმას მართლა ფითქინა ტრაკი აქვს?! - ბანზე ააგდო სიტყვა. - არ ვიცი... არ მინახავს...
- კიდევ კარგი ჩემი ხატი არ არსებობს! თორემ ვიღაცის სახეს მომაკერებდით თქვე ცინგლიანებო! - ირიბად გაიცინა, თან ისე, გამჭოლი მზერა ჩემთვის არ მოუცილებია. - მე...მე... - ენა დამება შეშინებულს. - პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეებს ჩემგან ამ პერსონალურ მოსაწვევებს გადასცემ. დღეს შავი პარასკევია და ყველას მეჯლისზე ვეპატიჟები! - ხელში მსუყე პაკეტი მომაწოდა. - მისამართი არ აწერია... - ხელში შევატრიალე ერთი მოსაწვევი, რომელზეც გირჩის ლიდერის სახელი ელვარებდა "ზურაბ გირჩი ჯაფარიძე". ჩვეულ ამპლუას დავუბრუნდი როგორც პარტიულ დავალებების ამსრულებელი.
- ისედაც ყველამ იცის სადაც უნდა მოვიდეს! - შალიკოს ფანჩატურში? სტუმარმა ცალ წარბი ასწია, ესდ რა მაკადრეთ-ს ამბავში...
- რა მოხდება იმ მეჯლისზე, ვინმეს მოკვეთილი თავი აზარფეშად გადაიქცევა და იქიდან ღვინოს მიირთმევთ?!
თან გამახსენდა, რომ ტრამვაი თბილისში დიდი ხანია აღარ არსებობს. - სანამ აქ ვარ, მხოლოდ საფერავს გეახლები. მომეწონა! რაკი თავმოჭრილი ხატით დადიხარ, ესე იგი წმინდანების არ გჯერა! არც ფითქინა-ტრაკიანის გჯერა, რაღა დარჩა? ესე იგი ჩემი გჯერა! ჰოდა მეც აქ ვარ! თუ არც ჩემი არსებობის გჯერა იმ სულელი ივან ბეზდომნივით, ყმაწვილო?! - ფეხზე წამოდგა და პუდელის თავიანი ჯოხი მოიმარჯვა. მისი ჩრდილი ისე დაგრძელდა, ჭერზე გადმოვიდა და მოპირდაპირე კედელზე ჩამოიღვარა.
-...ის ოთხნიც აქ არიან? - მისი ამალის წევრები გამახსენდა და ძლივს ამოვილუღლუღე ენაგადაყლაპულმა. -ოოო, არა, მეტი ძალაა საჭირო! ძლიერი პარტია... მხარდამჭერები, ამომრჩევლები, მედია, ტელევიზიები, სოციალური ქსელები და ინტერნეტ მაუწყებლობა... მერე ისეთ ამბებს დავატრიალებ, მოსკოვი მონაგონი იქნება!... მოკლედ... ერთი მოსაწვევი შენია, თუ გინდა ამ საღამოს შენც მოდი! ოღონდ ასე შიშველი ნუ მოხვალ, არც ისეთი ფითქინა ტრაკი გაქვს! - ცივად, ირონიულად ჩაიღიმა და ოთახიდან გავიდა. თვითონ კი გავიდა, მაგრამ ჩრდილი სავარძელში დარჩა, შავი პუდელის თავიანი ხელჯოხით, ფეხზე გადადებული ფეხით და ღვინის ბოკალით პირთან.
კარი ისე გაჯახუნდა, როგორც ორპირ ქარში იცის... შიშმა შემაკრთო...
„- ჰოი სასწაულო! ვაშაააა! ნამდვილად სიზმარი იყო! " - ფეხზე წამოვხტი. მუსიკა ხმამაღალზე ჩავრთე და შიშველმა ცეკვით დავუარე საწოლს გარშემო...
„წავალ და დავიკარგებიიიი, კიდევ დაგიცდი გგონიაააა..." - ჩემთან ერთად ღრიალებდა იუთუბი. - კი მაგრამ...მაგრამ დაბოლილი არ ვარ და თუ სიზმარი იყო, სინამდვილე რატომ მგონია?!“
... უცბად თვალში ორი ღვინიანი ბოკალი მომხვდა. საწოლზეც მოსაწვევების მთელი პაკეტი იდო.
ჩრდილისკენ მივბრუნდი... და ჰეჰ... სავარძელში ყვარყვარე წამოჭიმულიყო და ჩემს ცეკვაზე რიტმულად უკრავდა ტაშს...
- ვააა ... - დავაღე პირი.
-შენ მიდი, ეს მოსაწვევები დაარიგე და ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რო მოვრჩები მერე! - ძმაბიჭურად ჩამიპაჭუნა თვალი, საფერავის ბოთლს ხელი სტაცა, ჩრდილს ამოეფარა და ორივე ერთად გაქრა. გამოსაფხიზლებლად სახეზე ხელი მოვისვი. გამახსენა რომ შავი პარასკევი გათენდა. არა და საბანი კარგად მეხურა, გათბობაც ჩართული მაქვს... ჰოდა თავში ერთი დიდი კითხვა მიტრიალებს :
„- დედა, რა იყო ეს ააააა?!“
:)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნეფერტარი გილოცავ დამდეგ ახალ წელს , სულ ახალ-ახალი სიხარულებით, ჯანმრთელობით და ბედნიერებით. საუკეთესო სურვილებს გიგზავნი. ნეფერტარი გილოცავ დამდეგ ახალ წელს , სულ ახალ-ახალი სიხარულებით, ჯანმრთელობით და ბედნიერებით. საუკეთესო სურვილებს გიგზავნი.
3. „- დედა, რა იყო ეს ააააა?!“
გენიალური ფინალია, მთელი "ნაწარმოების" ფაბულა :) წარმატებები „- დედა, რა იყო ეს ააააა?!“
გენიალური ფინალია, მთელი "ნაწარმოების" ფაბულა :) წარმატებები
1. მართალია,გავიცინე , მაგრამ ,ეს უფრო ღრმაა , ვიდრე იუმორისტული. მართალია,გავიცინე , მაგრამ ,ეს უფრო ღრმაა , ვიდრე იუმორისტული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|