 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 დეკემბერი, 2021 |
დავიბადე 1987 წლის 11 ივლისს ქალაქ ფოთში, დავამთავრე თბილისის 166-ე საშუალო სკოლა, 2004-ში ჩავაბარე, და 2008 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით, 2010 წელს დავამთავრე მაგისტრატურა, უნივერსიტეტი ,,მეტეხი“ ეკონომიკურის განხრით, საბანკო საქმე და ფინანსები.
2005 წლიდან - 2018 წლამდე ვიყავი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი.
გამოცემული მაქვს ორი პოეტური კრებული. 2011 წლიდან ვარ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი.
ჩემი პოეტების სიაში პირველი ადგილი ლადო ასათიანს უკავია!
ლადოს პოეზიამ შემაყვარა პოეზია, ლადოს პოეზიის გავლენით დავიწყე ლექსების წერა 2005 წელს. ლადოს ლექსების კითხვაში ვათენ - ვაღამებდი.
მაგისტრატურაში სწავლისას ერთი მეგობარი მეუბნებოდა: ,,ოთარ, შენ ძალიან განვითარებული, ნაკითხი ახალგაზრდა ხარ და თუ დრო გაქვს შექმენი შენი გუნდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ითამაშე ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?“ თავიდან მართლაც ვფიქრობდი ექვსეულის შედგენაზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საამისოდ დრო არ მრჩებოდა... თან მაგისტრატურაში ვსწავლობდი და თან პარალელურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ-სტუდია ,,მოდი ნახე“ - ში სტუდენტებს ვავარჯიშებდი სპექტაკლებისთვის.
რაც შეიძლება ბევრი წიგნი იკითხეთ ჩემო ძვირფასებო, იკითხეთ გემოვნებიანი ნაწარმოებები და იფიქრეთ ინტელექტ კლუბში თამაშზეც... რომ არა არასაკმარისი დრო, ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას თსუ-ში, ,,რა? სად? როდის?“
ჩვენს ახალგაზრდებზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი, მაგრამ რაც ურაკპარაკზე გავწევრიანდი, იმის მერე კიდევ უფრო კარგი წარმოდგენა შემექმნა. ნაკითხი და განათლებული თაობა მოდის, თაობა, რომელიც ბევრ სარგებელს მოუტანს საქართველოს.
ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა, ჩვენ გვიყვარს ისტორია, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ - ჩვენს გმირებს ლექსებსა და სტატუსებს ვუძღვნით. ხშირად ვაზიარებთ 9 აპრილზე, 26 მაისზე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მესაძირკვლეებზე დაწერილ ლექსებსა და გამონათქვამებს.
რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. ამ კოვიდპანდემიამ ადამიანური ურთიერთობები და ჩახუტება მომანატრა. ყველაზე ხშირად დედას ვეხუტებოდი, ჩახუტებით სითბო გადადის.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ დავიშურებთ ერთმანეთისთვის ტკბილ და სანუგეშო სიტყვებს. როგორც მორის ფოცხიშვილის ლექსშია: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“, გავუნაწილოთ ერთმანეთს ჩვენი წილი სითბო.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ფიცი
ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას, დიდგორს, შამქორს და ბასიანს, ცრემლშეუშრობელ რიწას.
მანდილს - ქართველი ქალისას, სიყვარულივით წმინდას, გოგლას უმწიკვლო მარიტას, ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას.
ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს, ნაციონალურ ცეკვებს, ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს, ალგეთში დაზრდილ ლეკვებს,
რომ სანთელივით იწვის მკერდქვეშ მართალი გული, ესმის ყივილი მიწის, უსმენს სულგანაბული.
გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ მე ცხრა აპრილის გმირებს, დედას, რომელიც ურწევს აკვანს პატარა შვილებს.
ვფიცავ, სიმღერას გედის, დედის სამარეს წმინდას, ღუღუნს მშვიდობის მტრედის, გრემს, გელათს, ნიკორწმინდას,
რომ უთქმელადაც მიყვარს ყველა მამულიშვილი, აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ მიადგება ჩრდილი.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|