 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 იანვარი, 2022 |
ლიტერატურულ საიტ „ურაკპარაკი“-ს ფორუმში, ჩემმა მეგობარმა პოეტმა - თეა თაბაგარმა ზვიად გამსახურდიას პოეზიასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ზვიად გამსახურდიას პოეზია - საინტერესო და ტკბილხმოვანი პოეზიაა“. მართლაც ასეა.
ზვიად გამსახურდიაზე რატომღაც მხოლოდ პოლიტიკური კუთხით მსჯელობენ, არადა კონსტანტინე გამსახურდიას შვილი - შესანიშნავი მწერალიც იყო. ზვიად გამსახურდია თავის წიგნებში შესანიშნავად საუბრობს რუსთაველზე, თამარ მეფეზე, კოლხებზე, ქრისტიანობაზე, საქართველოს სულიერ მისსიაზე.
თანამედროვე ქართველი ავტორები შესანიშნავად იცნობენ ქართულ ლიტერატურას და არამხოლოდ ქართულს. ისინი თავადაც შესანიშნავად წერენ პატრიოტულ თემატიკაზე.
თეა თაბაგარს ერთ ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:
„სული შემიბერე, ღმერთო, გულზე... საქართველო მეწვის“.
ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:
,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.
გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.
მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
შეწირულთათვის
ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი ჩვენია, განა სხვისია! საქართველოა გარეჯი, ქართველთა ჯილაგისია!
ისევ მღერიან „ჩაკრულოს“, ფოლკლორი ჩვენი განძია, ბედნიერ მერმისს ნატრულობს თვით სულხან-საბას ტანძია.
მინდა მგოსნებმაც შემინდონ, თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე, ლოცვებში მოვიხსენიოთ თაყაიშვილი ექვთიმე.
ვკითხულობ იმათ ცხოვრებას, ვინც იყო ქვეყნის სინდისი... ერს მუდამ ემახსოვრება: ცხრა აპრილი და შინდისი.
მეც მტკივა ბერი თევდორე,- დუშმანმა ხმლით რომ აკუწა... ვარ იმის თანამედროვე, ვინც დააფასა ქაქუცა.
ქვეყნად ყველაზე მთავარი სამშობლოს სამსახურია, დავითიც მიყვარს, თამარიც, კოსტავაც, გამსახურდიაც.
მაოცებს ცოტნეს გმირობა, ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს, ვუქებ მამულიშვილობას ცხრა ძმას და სამას არაგველს.
აწ ქეთევანიც ვახსენოთ,- მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის... ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ, ამ მიწის სიყვარულისთვის.
ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს წყალობას შევსთხოვ ქართველი, ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს რომ არ ჩამიქრეს სანთელი.
ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში, თუმც ყველა ვერ ჩავატიე, შეწირულთათვის ტაძარში მე ღამეები ვათიე.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|