ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 იანვარი, 2022


თენგიზ არჩვაძის შესახებ

2011 წლის 25 იანვარი იყო, მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღე. მიხას საფლავიდან, რომელიც ვაჟა-ფშაველას მშობლიურ ჩარგალში მდებარეობს, უკან - თბილისში ვბრუნდებოდით. გზად მაღაროსკარში შევისვენეთ, სუფრა გავშალეთ. აწ გარდაცვლილმა მამა გიორგი გაჩეჩილაძემ საქართველოს სახალხო არტისტის - თენგიზ არჩვაძის სადღეგრძელო წარმოსთქვა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სიამოვნებით შევსვით ყველამ ბატონი თენგიზის სადღეგრძელო ფშაური არაყით - ჟიპიტაურით.

თენგიზ არჩვაძე მარტოოდენ საქართველოს სახალხო არტისტი არ არის, დიდი პიროვნებაცაა, სუფთა სინდისის მატარებელი კაცია. ბატონ თენგიზს არასოდეს უღალატნია საკუთარი ერისა და ქვეყნისათვის, ყოველთვის ღირსეულად ემსახურებოდა, მას არ მოუთხოვია არანაირი თანამდებობა, უანგაროდ, კაცურად ემსახურებოდა საქართველოს და ქართველობას. იგი ყოველთვის რაინდული ბუნების ადამიანი იყო.

ასეთი ადამიანები სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ ქართველებმა...

თენგიზ არჩვაძემ ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში ,,დიდოსტატის მარჯვენა“ სვეტიცხოვლის აღმშენებლის - კონსტანტინე არსაკიძის როლი შეასრულა, რომელსაც მეფის ბრძანებით მარჯვენა მოჰკვეთეს. რამდენიმე წლის წინ ბატონი თენგიზი მცხეთაში იმყოფებოდა სტუმრად ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილის ოჯახში. სუფრაზე ბატონ თენგიზს ყანწი მიართვეს, ყანწი მარცხენა ხელით დაიჭირა და სუფრაზე მსხდომ წევრებს ასე მიუგო: ,,ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მარცხენა ხელით მიჭირავს ყანწი, რა ვქნა, მარჯვენა სვეტიცხოველში დავტოვეო“.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

სვეტიცხოველი

„სვეტიცხოველი სვეტია თუ მოკვეთილი მარჯვენა?!“

ოთარ მამფორია

მივდივარ მცხეთას, შარახვეტია
ქარია, მაგრამ არ მსურს დარჩენა...
სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია
და მოკვეთილი არის მარჯვენაც!

ისევ შემიხსნა ქარმა საკინძე,
ამიგიზგიზა გულში ხანძარი,
მივდივარ მცხეთას, რომ არსაკიძეს
მეც დავულოცო რწმენის ტაძარი.

იქ ფრესკებიდან მიმზერს წარსული,
მხოლოდ ქართული სული ტრიალებს.
კოლონკელიძის მოდის ასული
სიზმრად... თეთრ ღვინით მივსებს ფიალებს.

ვხედავ მეფეთა მოვლილ საფლავებს,
ისევ მიდგება სევდა თვალებში,
როცა მოვკვდები, დამასაფლავეთ
ღვთის სანთელივით წმინდა მხარეში.

ო, ეს ცრემლები უფრო მეტია,
ვიდრე ამ გულში ცეცხლის გაჩენა...
სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია
და მოკვეთილი არის მარჯვენაც!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები