| ავტორი: ვირგილიუს ჟანრი: პროზა 12 თებერვალი, 2022 |
...მოვიდნენ, კარზე კაკუნია, მე ეტლში ვზივარ და არ შემიძლია კარებთან მისვლა, პარალიზებული ვარ. მათ იციან ეს და მესმის ახტომის ხმა, ახტომის იმიტომ რომ სახელურს მიწვდნენ და გააღონ კარები. ოთახში სევდისფერია ყველაფერი, უხალისობის და არაფრის მაქნისობის. შემოვიდა ორი პატარა, მაგრამ არც ძალიან პატარა მწვანე ადამიანისსახიანი ჩემს ენაზე მოლაპარაკე არსება, დასხდნენ მაგიდასთან, უხმოდ. სხედან და მიყურებენ თითქოს უნდათ რაღაცა მითხრან მაგრამ თავს იკავებენ და დაჟინებული მზერით მიყურებენ. დაძაბული ვარ, უხერხულად ვგრძნობ თავს, თითქოს რაღაც დავაშავე და პასუხი უნდა ვაგო, მაგრამ არ ვიცი რა დავაშავე ან რატომ მიყურებენ ასე ცინიკურად. მერე ოთახს მოავლეს თვალი, ფანჯრიდან მოღუშული გაცრეცილი სინათლე შემოდის, რომელსაც ბოლისგან აყროლებული ფარდა ბოლომდე არ უშვებს. ერთი ოთახია ჩემი სამყოფელი, კუთხეში ტახტი დგას რომელსაც საშინელი ოფლის სუნი ასდის. მანდ ადრე ვიწექი ხოლმე სანამ ეტლში ჩავჯდებოდი. ვიწექი საათობით და ვფიქრობდი თუ რატომ არის ასეთი უფერული ყველაფერი, ვფიქრობდი რომ ეს არასდროს დამთავრდებოდა და გაუნიავებელი ოთახის მეორე კუთხეში მოწყობილ გაზეთილი სამზარეულოსკენ გავიხედავდი ხოლმე იმის იმედით, რომ იქნებ რამე სიახლესთვის მომეკრა თვალი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში უკვე აღარ არსებობდა. ამასობაში მწვანე არსებებს მოწყინდათ ჩემი ყურება, ერთ-ერთი მოვიდა, პარალიზებულ კიდურებზე დამადო თავისი ჯადოსნური ხელი და ვიგრძნი როგორ მიბრუნდებოდა მგრძნობელობა, ხელი რომელსაც მხოლოდ ოთხი თითი ამშვენებდა და იყო გამჭვირვალე, ცოტათი ნოტიო, მაგრამ შეხებისას სასიამოვნო ჟრუანტელი დამივლიდა ხოლმე. მეორემ ძალიან მშვიდი ტონით, აუღელვებლად, თითქოს მათთვის ძალიან ძვირფას განძს წარმოვადგენდი მითხრა, რომ მაგიდაზე წერილს მიტოვებდნენ და როდესაც შევძლებდი წამეკითხა. ...წავიდნენ. რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი, არ მჯეროდა რომ სიარული შემეძლო, მე ხომ მიჩვეული ვიყავი ეტლში ჯდომას და ვიცოდი რომ ეს იქნებოდა ჩემი დასასრული. თვალები მოვისრისე, ვგრძნობდი რომ წყალი ისე მწყუროდა თითქოს საუკუნე იყო გასული რაც არ დამელია. ნელი ნაბიჯით მივედი გაქონილ სამზარეულოსთან სადაც ჟანგისაგან ნახევრად შეჭმული გაზ-ქურა, იატაკზე ნაგვის პარკი, რომლიდანაც ნახევრად გადმოყრილი სიგარეტის ნამწვავები და უკვე დამპალი ქათმის ხორცი იყო. ჭიქას დავუწყე ძებნა, ნეტავ რამდენი ხანი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. არ მახსოვს. ალბათ რამდენიმე დღე, ან შეიძლება კვირაც კი. ვიპოვე გამოურეცხავი ყავისფერი დიდი ჭიქა, რომელიც ძალიან მიყვარდა ადრე. სულ ამ ჭიქიდან ვსვამდი ხოლმე წყალს, ჩაის, ყავას და ლუდსაც კი. არ ვიცი რატომ მაგრამ ამოჩემებული მქონდა ეს ჭიქა, ეხლა კი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გამოსარეცხი ტკბილიან-ლიმნის კურკებიანი ბინძური საგანი მიჭირავს ხელში. წყალი მოვუშვი. თავიდან ჟანგნარევი წყალი წამოვიდა, მაგრამ შემდეგ დაიწმინდა. ჭიქა გამოვრეცხე, მინდოდა ჩვეულ ყოფას დავბრუნებოდი, მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს, რაღაც არ მიშვებდა და მბოჭავდა. წყალი დავლიე, საშინელი გემო ქონდა, ან მე მქონდა გემოს შეგრძნება დაკარგული. ვიფიქრე აბაზანაში შევიდოდი და შხაპს მივიღებდი, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი მზარავდა თუ რა მდგომარეობა დამხვდებოდა შიგნით. მაინც გავბედე და მივედი აბაზანის კართან, ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიდექი და ვფიქრობდი შევსულიყავი თუ არა... მაინც შევედი. თვალები დავხუჭე და შუქი ავანთე, თითქოს რაღაცის მეშინოდა. არ მინდოდა ის სიბინძურე დამენახა რაც შიგნით იქნებოდა. ჩემი თავი მძულდა და ვფიქრობდი რომ ძალიან ბინძური ვიყავი, აუცილებლად უნდა დამებანა და მხოლოდ ამან გადამაწყვეტინა თვალების გახელა. ჩემდა გასაოცრად აბაზანა გაცილებით სუფთა დამხვდა ვიდრე დანარჩენი სამყარო. სარკიდან ვიღაც უცხო ადამიანი მიყურებდა, რომელსაც თვალებში ჩამქრალი ქონდა ყველანაირი სურვილი სიცოცხლის, გაციებული და ერთ წერტილს მიშტერებული, უგრძნობი თვალებით იყურებოდა. ვუყურეთ ერთმანეთს რამდენიმე წუთი, ის რას ფიქრობდა არ ვიცი, მაგრამ მე მინდოდა რომ ამ ადამიანს არ დავმსგავსებოდი, არ მინდოდა ეს გრძნობა-გამოცლილი არსება მე ვყოფილიყავი. თავიდან მიღიმოდა, მაგრამ შემდეგ თითქოს მკაცრი გამოხედვით რაღაცას მარიგებდა და მეჩხუბებოდა. ამასობაში ორთქლი დადგა და სარკეში ნელ-ნელა ჩაიკარგა ჩემზე განაწყენებული სილუეტი. გამოვედი. დღის სინათლე უფრო მომატებულიყო ოთახში. უფრო ფერადი და სასიამოვნოდ თბილი შუქი შემოდიოდა. აღარც გაზქურა იყო ძალიან ქონიანი. გამახსენდა მაგიდაზე დატოვებული წერილი, რომელიც სადღაც გამქრალიყო. მაგიდის გადასაფარებელიც რა ბინძური ყოფილა, ყავის ლაქები ემჩნეოდა და ღრიჭოებში ჩაყრილი თუთუნი. წამოწოლა მინდოდა მაგრამ გამახსენდა რომ ტახტი აყროლებული იყო და ახლად გამოსუსლ შხაპიდან ისევ ის სუნი ამივიდოდა რაც მანამდე, როცა ეტლში ვიჯექი. მომშივდა. პური რომელიც მაგიდაზე იდო უკვე ობიანია. დაბლა ჩასვლა სიკვდილის ტოლფასია ისე მეზარება, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა დრო მომეკლა და სახლი დამელაგებინა, მაგრამ მანამდე ისევ წამერთვა კიდურები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|