ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2022


და მე ვფხიზლდები...

ბებიაჩემი თორმეტ პატარა საფლავთან გამოტირებული,
ცეცხლის პირს ჩამუხლული,
თითქოს ჯადოსნურ ენაზე ლოცულობდა
ისე ითვლიდა მიწის გულში
ყოჩივარდებივით დამალულ შვილებს:
ერთანა, ორანა, სამანა...


მთვარე ისე ჩამუხლულა,
თითქოს ბებიაჩემი თავის ალუმინის ქვაბით
შუაცეცხლზე ხარშავდეს კაკლის მურაბას-
და ვარსკვლავებს კენჭებივით აგორებს  ცაზე-
მარცვლავს წუთებს-როდის ჩამოჰკრავს
უთქმელობით დამხრჩვალი ღამე ბოლო განთიადს.

........
ქარი დაუწერელ წერილებს შემოდგომის ფოთლებივით აფრიალებს.
მე ეს ოქროსფერი ბგერები მენანება-
რომელიმე გზაარეული მგზავრი, ვიცი, ძვლებში დაამტვრევს.

ქარია. სევდას ვეღარ ვარიდებ თვალს.
მარანში ჯერ ისევ დუღს მაჭარი-
წითელი სითხე-
ეს ღვინო არაა- მამაჩემის სისხლია თითქოს,
ჩემთვის გამოჟონილი გალეული მაჯებიდან,
ვსვამ და არ მათრობს.
მე ვფხიზლდები დიდი ძილიდან.
იმ ძილში კი იყო სიზმრები:
ვეღარ უძლებდა თავის სევდას ემა ბოვარი,
ქარიშხლებს სადგურისკენ მიჰყვებოდა ანა,
მოკვეცილ ნაწნავს დასტიროდა ქალი თავადის,
გრევის მოედანზე მარტო დადიოდა პატარა ჯალი.

ალადასტური მამაჩემის სისხლის ფერია
და მე ვიღვიძებ!

ღილაწყვეტილი პერანგივით ძირს ეშვება ყველა სიზმარი-
შიშველი ხორცის მღელვარება მაგონებს ძუ ვეფხვს.

და უკვე ვიცი-
კბილებივით რომ დააძრონ ღამეს სიტყვები
და ყველა სათქმელს ამოართვან ენა,
ჩემი ხმა მაინც მოეფინება ქვეყანას-
ყველა ცასა და მიწას მიაგნებს,
ყველა წყალს აედევნება,
ყველა ლოდს მოედება ხავსად
და ვერასოდეს ამოსდებენ ლაგამს!

რადგან ეს მთვარე ძაალიან ჰგავს ბებიაჩემს:
თორმეტი შვილი რომ მოსტაცა ღმერთმა
მან კი საკუთარი ტკივილები იმდენ ხანს უხახუნა ერთმანეთს,
სანამ ცეცხლი არ გააჩაღა,
მერე მის გვერდით ისე ჩაიჩოქა,
როგორც მიტოვებულ სალოცავთან

და კენჭებით თვლა ისწავლა
13-მდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები