ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2022


მემკვიდრეობა

საზაფხულო არდადეგები მსუბუქი ფლირტიდან 3 წლიან რომანად იქცა და ნინა დაბრუნდა სახლში 2 შვილით - ვაჟი 2 წლის ხდებოდა, გოგო სულ მთლად ჩვილი იყო. თოვლივით თეთრი, ლოყებზე დაყრილი ჭორფლით, წითელი თმითა და პატარა, ზემოთ აპრეხილი ცხვირებით, ბავშვები ახსენებდნენ თავიანთ დიდ წინაპრებს- ფიქრობდა ძლევამოსილი იმპერიის სამეფო სისხლი ყიოდა მათში. ნინამ მალე ნახა ახალი თავშესაფარი, კვლავ სლავი კაცი და ისევ გაჰყვა შორეულ ჩრდილოეთში. ოლღას დარჩა ორი პატარა და ქმარი, მეორე მსოფლიო ომის სახსოვარი ცალი ფეხით და მუდმივი ეჭვებით, რომ თავს ესხმოდნენ, რომ გერმანელების ჯაშუში იყო მეზობელი მარი, რომ მოპირდაპრე ქუჩაზე მდებარე ახალ საავადმყოფოში ფიურერის ხალხი ტყვეებზე ცდებს ატარებდა,  მისი მოწამვლა სურდა ბურახის გამყიდველს და რომ კარი მხოლოდ დაშიფრული დაკაკუნების დროს უნდა გაღებულიყო.
  ბავშვები იზრდებოდნენ სწრაფად, პენსია კი სულ უფრო მცირდებოდა და შვილიშვილების მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა.  ხელსახოცში გამოკრული დასამარხი ფული ამოაძვრინა ტყავის ჩემოდნიდან, მერე დიდი ბებიის ნაქონი  სამოვარი წაიღო მშრალ ხიდზე, მზერას  აპარებდა აქეთ-იქით, ემალებოდა  ნაცნობ სახეებს და მერე სურსათით დატვირთული ჩანთებით სახლში რომ დაბრუნდა, საკუთარ თავს ამხნევებდა, რომ ნივთები ჩვენს გადასრჩენადაა და დიდი ბებია არ გაწყრებოდა თუ მისი მემკვიდრეები ხორციან სადილს შეჭამდნენ. მერე კიდევ უფრო დიდხანს იფიქრა, სანამ დედის ნაქონ შალს, მატრონას ნაჩუქარ მოვერცხლილ ღვთისმშობელს, ქმრის სახსოვარს-ჩაის სერვიზს გაიმეტებდა.
  დაჰყვებოდა სკოლაში, დიდი გაჭირვებით მოაწყო ინსტიტუტში, არ აკლებდა მეგობრებს,  უკვე ძალადაკარგული ხელებით ხარშავდა ბორშს, და მათთვის ლოცულობდა დღედაღამ.
  იავადმყოფა მცირე ხანს. ბუზღუნით აწვდიდა წამალს გოგო, მოხუცი განიცდიდა, რომ ბავშვების შეწუხება უხდებოდა. ბოლო ღამეები ტკივილები გაუძლიერდა. გრძნობდა სიკვდილის სიახლოვეს. დაიძახა. შვილიშვილებმა  საწოლში უკმაყოფილოდ იცვალეს  გვერდი, მაგრამ არცერთი გამოხმაურებია. იფიქრა, ხმამ მიმტყუნაო, უკანასკნელი ძალა მოიხმო გაღმა მყოფი სხეულიდან და კიდევ ერთხელ სცადა ხმა მიეწვდინა. არც ამჯერად გაუციათ პასუხი. წყალი და წამალი არ უნდოდა, უკვე იცოდა, რომ ამქვეყნიური წყალი ვეღარ უშველიდა მის გამომშრალ პირს.  უკანასკნელ მზერას ცარიელი კედლები შეჰყურებდნენ დაფჩენილი პირით.
  სახლი ეპატარავათ მარტო დარჩენილებს. ვერ მოთავსდნენ. ცალ-ცალკე გაიწიეს. ყველაფერი გაინაწილეს: ხის ძველებური საწოლები ერგო დას, გერმანული მაგნიტოფონი ძმამ წაიღო, ბებიის ქორწინების ბეჭედზე ბევრი არ უკამათია, მადლობა ღმერთს, მალე მიხვდნენ, რომ ოქროს ერთი გრამიც არ ერია ამ გალეულ რკალში. პაპის ხალიჩა ძმამ არ დათმო, სარფიანად გაყიდვის იმედი ჰქონდა, ოქროსფერი მოვარაყებული სერზვიზი, 24 კაცზე დას ხვდა.  სახლი გაყიდეს. 
  ახალმა მეპატრონემ დარეკა, ნივთები დაგრჩათო. იყოს ნაგავია, გადაყარე- უპასუხეს და-ძმამ. ნაგვიდან ახალგაზრდა ოლღა იღიმოდა, დიდი მეოცნებე  თვალებით, ლოყისთავზე დაყრილი ჭორფლით, მსხვილი ჟღალი ნაწნავებით, მის მხარზე კი ძლიერი ხელი დაედო კაცს, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ ცხოვრება მუდმივი ბრძოლის ველია, სადაც გამარჯვებულები არ არსებობენ- ამ ომში ყველა კარგავს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები