ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2022


მე დავიღალე...

მე დავიღალე, არაფერი საინტერესო,
ოთახებია, კარადები, მტვერი, წიგნები.
როგორც ყოველთვის, ლამაზია სიცარიელე
ასიათასი მიზეზის და ჟანრის მიხედვით..

კვლავ წვიმებია, დანჯღრეული ტელევიზორი,
ახალ-ახალი რეკლამები, გადაცემები,
როგორც ყოველთვის ლამაზია შენი სიშორე,
თბილი მკლავების, ნაწნავების, გასახსენებლად.

როცა ცივ პლედში გახვეული, ხმაგაკმენდილი,
თვალებს მივლულავ და ღრმა ბოლში ჩავიძირები,
როგორც ყოველთვის ეფექტური არის წერტილი
შენ კი იღიმი უცნაურად, შენი მძიმეთი..

მე დავიღალე, უძრაობით, ამდენ ხვალეთი
ჰორიზონტებით საიმედოდ რომ ჩანს არავინ,
როგორც ყოველთვის ეპიგონი შენ ხარ ხმელეთის
როცა ვირწევი ზღვის ტალღებზე კატამარანით...

მე დავიღალე, ხეტიალით, საქარეთებით,
მე დავიღალე იმ ყველაფრით რასაც ვერ ვზიდავ,
როგორც ყოველთვის რძისფერ ღამის ჩრდილში შევხვდებით,
როცა ცრემლივით წამოგწყდები წამწამებიდან...

მე არაფრი, დავიღალე, როგორც ყოველთვის..

2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები