ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მარტი, 2022


მთის მოტივზე

რაც თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, ვაჟა-ფშაველას ლექსზე შექმნილი სიმღერა „მინდა გაკოცო, მაკოცო“ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, ხშირად ვღიღინებ.

ეს ახალი სმაილიკი რომ არის ,,გულჩახუტებული“, ჩახუტება იმაზე მეტად შემაყვარა, ვიდრე აქამდე მიყვარდა. ყველაზე ხშირად დედას ვეხუტებოდი, ჩახუტებით სითბო გადადის.

ამ კორონავირუსმა ჩახუტება და კოცნა მომანატრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩახუტებით და კოცნით ვირუსი არ გადადის, ჩახუტებით და კოცნით სითბო და სიყვარული გადადის.

ვაჟას ლექსის გავლენით ეს ლექსი დავწერე:

გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.

„მინდა გაკოცო, მაკოცო“,
კოცნით აგივსო თვალები,
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.

არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.

მთის მოტივზე წერა 2010 წელს დავიწყე. ლიტერატურულ საიტებსა და ფეისბუკზე მთის წარმომადგენელ პოეტებს ვეპაექრებოდი კაფიებში. კაფიაობაში თანდათან დავიხვეწე. მეგობრებმა ხუმრობით ,,ოთარიუს რურუაული“ შემარქვეს.

2011 წელს ექსკურსიაზე გახლდით ფშავში, კერძოდ ჩარგალში. ჩემთვის ვღიღინებდი გიტარის თანხლებით, ფშავლის ქალები შემიჩნდნენ: რამე სატრფიალო გვიმღერეო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს“ (იგივე ,,ქალი ხარ, ალი ხარ“) ვუმღერე.

დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

პოეტის მკლავზე ნაწოლი

,,ლამაზი ქალის ძუძუზე
ცეცხლმოდებული ძნა მინდა!“

ანზორ სალუქვაძე

მეც მინდა, მაგრამ სად არი?
თუმც არ მაქვს ყოფა მარტივი,
ქალი - შვლის ნუკრის სადარი
მიზიდავს ანდამატივით.

მიზიდავს, მაგრამ არ მინდა
ქალი - სხვის მკლავზე ნაწოლი...
არც ღვინო - მისი ჯამიდან,
არც მისი თბილი საწოლი.

მე ყველაფერი - ჩემი მაქვს,
თუმც არც შვილი მყავს, არც ცოლი...
ჩემთან ნაწოლ ქალს ერქმევა -
პოეტის მკლავზე ნაწოლი.

გრძნობას ვუმღერებ კუნძულზეც,
თუმც გვიდგას მძიმე ჟამი და...
,,ლამაზი ქალის ძუძუზე
ცეცხლმოდებული ძნა მინდა!“

მეც მინდა, მაგრამ სად არი?
არ მაქვს სურვილი მარტივი,
ქალი - შვლის ნუკრის სადარი
მიზიდავს ანდამატივით.

მიზიდავს, მაგრამ არ მინდა
ქალი - სხვის მკლავზე ნაწოლი...
არც ღვინო - მისი ჯამიდან,
არც მისი თბილი საწოლი.

აქ ყველაფერი ჩემია,
თუმც არც შვილი მყავს, არც ცოლი...
ჩემთან ნაწოლ ქალს ერქმევა -
პოეტის მკლავზე ნაწოლი!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები