ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მაისი, 2022


მამულიშვილებზე

„სტუმარ-მასპინძელი“ ხომ კარგად გახსოვთ, სადაც ვაჟა-ფშაველამ საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა დღევანდელობა და სახელებიც ასე ზუსტად მიუსადაგა თავის გმირებს. არ დაფიქრებულხართ, რომ ზვიად გამსახურდია ზვიადაურია, ხოლო ჯოჰარ დუდაევი - ჯოყოლა? ამაშია ჩვენი ერთიანი, კავკასიური სახლის დიდი სიბრძნე, ჩეჩნები ქართველ ხალხს არ კლავენ, საქართველოს და მის ინტერესებს იცავენ.

რაისა უბილავა - ზვიად გამსახურდიას ერთგული მიმდევარი

რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.

2011 წლის 25 იანვარს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს ჩემს დეიდაშვილ თეიმურაზ ბერიძესთან ერთად და თან ვაჟას სიტყვებს ვიმეორებდი გულში:

„ნეტავ თუ დაგვიფასდება
ქართველთა შვილებს ამაგი?!“

დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!

ვაჟა-ფშაველა სულ სხვა განზომილებაა, სხვა ფენომენია! მის ნაწარმოებებს ლოცვასავით ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, რომ უფრო მეტად შევიგრძნოთ სიღრმე და სიდიადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, სიტყვის ძალას! ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მიდიოდა! მიკვირს წიგნებში როგორ ეტევა ლუკა რაზიკაშვილის გენია!

ვინც ვაჟას შემოქმედებას აფასებს, ის ჩემთვის მამულიშვილია!

პოეტი გოჩა ხარანაული ვაჟა-ფშაველას ჯიშ - ჯილაგიანი პოეტია, მისი პოეზია ეროვნული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი!

ეს ჩემი სამსტროფიანი ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:

პოეტო...

გოჩა ხარანაულს

მოგესალმები პოეტო,
მეც ერთი იმათთაგანი -
ვინც იცის შენი ფასი და
შენივე ლექსის საგანი.

ვაჟა-ფშაველას ჯიშის ხარ,
არწივის შთამომავალი,
რწმენის და კაცურკაცობის,
სიკეთის გზებით მავალი.

ლექსწერას არც მე ვთაკილობ -
ნონეშვილივით ალალი,
ისე მაოცებს მთის კილო,
როგორც ლამაზის დალალი.

მე და ჩემს მოყვასს - ლელა მეტონიძეს ისე გვიყვარს ვაჟას შემოქმედება, დაუსრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ციტატები ბუნების მგოსნის შემოქმედებიდან! ლელა ვაჟას სულის თანაზიარია.

ლელა მეტონიძე ძალიან კარგი ადამიანია, გულმხურვალე მამულიშვილი. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ლელა ძალიან კარგი გვარის წარმომადგენელია, თუნდაც ნატო მეტონიძე რად ღირს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი და მომღერალია. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან განსაკუთრებით ,,მზე შინა და მზე გარეთა“ (იგივე ,,სამაია“) მიყვარს.

ლელა აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს თავისუფლებისთვის გამართულ აქციებში. ლელა მეტონიძე 9 აპრილის თაობის წარმომადგენელია.

„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

ლიტერატურულ საიტ „ურაკპარაკი“-ს ფორუმში, ჩემმა მეგობარმა პოეტმა - თეა თაბაგარმა ზვიად გამსახურდიას პოეზიასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ზვიად გამსახურდიას პოეზია - საინტერესო და ტკბილხმოვანი პოეზიაა“. მართლაც ასეა.

ზვიად გამსახურდიაზე რატომღაც მხოლოდ პოლიტიკური კუთხით მსჯელობენ, არადა კონსტანტინე გამსახურდიას შვილი - შესანიშნავი მწერალიც იყო. ზვიად გამსახურდია თავის წიგნებში შესანიშნავად საუბრობს რუსთაველზე, თამარ მეფეზე, კოლხებზე, ქრისტიანობაზე, საქართველოს სულიერ მისსიაზე.

თანამედროვე ქართველი ავტორები შესანიშნავად იცნობენ ქართულ ლიტერატურას და არამხოლოდ ქართულს. ისინი თავადაც შესანიშნავად წერენ პატრიოტულ თემატიკაზე.

თეა თაბაგარს ერთ ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:

„სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე... საქართველო მეწვის“.

ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ფიცი

ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს,
ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას,
დიდგორს, შამქორს და ბასიანს,
ცრემლშეუშრობელ რიწას.

მანდილს - ქართველი ქალისას,
სიყვარულივით წმინდას,
გოგლას უმწიკვლო მარიტას,
ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას.

ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს,
ნაციონალურ ცეკვებს,
ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს,
ალგეთში დაზრდილ ლეკვებს,

რომ სანთელივით იწვის
მკერდქვეშ მართალი გული,
ესმის ყივილი მიწის,
უსმენს სულგანაბული.

გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ
მე ცხრა აპრილის გმირებს,
დედას, რომელიც ურწევს
აკვანს პატარა შვილებს.

ვფიცავ, სიმღერას გედის,
დედის სამარეს წმინდას,
ღუღუნს მშვიდობის მტრედის,
გრემს, გელათს, ნიკორწმინდას,

რომ უთქმელადაც მიყვარს
ყველა მამულიშვილი,
აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას
არ მიადგება ჩრდილი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები