- გატარება ხომ არ გინდათ? თვალი ავარიდე და ნაბიჯს ავუჩქარე. ფისოს მარჯვენა ხელით ზემოთ ვუბიძგე, რათა თავი უკეთ ჩამოედო ჩემს მხარზე. ესკალატორზე შევდექი. როცა ჩემი ფისო გარეთ გამყავს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვექცევი. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ეს მაწუხებს, პირიქით, ნეტა, განახათ, როგორი ყელმოღერებული დავაბიჯებ. ახლაც მესმის პირველი ან მეორეკურსელი გოგონების - რა საყვარელია, ესკალატორის ორი საფეხურით ზემოდან. ვერაფერს იტყვი, მართლაც ლამაზი და, ამავე დროს, გრაციოზულია ჩემი ფისო - ღამესავით შავია და წითელი საბელი უკეთია. როგორც ჩემი მარკეტოლოგი ძმა იტყვის ხოლმე - კოკა-კოლაა, რა. ესკალატორიდან ჩამოვედი და გავუარე თუ არა ბოქსში ზაზუნასავით გამომწყვდეულ, „youtube“-ის მოყვარულ ქალბატონს, რომელსაც სახლის წითელი ტელეფონი მართლაც გალიის განუყრელი სათამაშოსავით უდევს პატარა მაგიდაზე (მხოლოდ ეს მოძველებული ტელეფონი მიანიშნებს იმაზე, რომ ქალბატონს რაღაც ფუნქცია გააჩნია), გაცხელებული ფოლადის სუნი ვიგრძენი და ნესტოები ბოლომდე გავხსენი. ქალაქში მხოლოდ ამ სუნით თუ მიიღებ სიამოვნებას. ამით და ზაფხულის წვიმის სუნით, რომელიც მზისგან გახურებულ ასფალტზე ორთქლდება. ტაბლოს თუ დავუჯერებ, მატარებელი სამ წუთში მოვა. მეც ბეტონის სვეტებზე მიშენებულ სკამზე, ერთადერთ ცარიელ ადგილს მივაშურე, სადაც წვერებიანი, დასვრილპიჯაკიანი, შუახნის მამაკაცი იჯდა და მობილურში რადიო დაბალ ხმაზე ჰქონდა ჩართული. სკამზე მოვთავსდი თუ არა, სვეტებს შორის გრძელფეხებიანი, დიდმკერდიანი ჰიპსტერი გოგო გამოძვრა, რომელსაც ცალი ყურსასმენი ეკეთა და „კევს“ მთელი სიმძაფრით ატრიალებდა პირში. მისი თამამი ჩაცმულობით საკმაოდ მიმზიდველი იყო და რამდენიმე ათეული წამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ იდიოტივით მივჩერებოდი. ისიც მაშინ, როცა ამ გოგონას უკან მდგომი ბიჭის გამოთაყვანებული სახე დავინახე, რაშიც ისევ და ისევ გოგონა იყო დამნაშავე. ბიჭის ეს დაჟინებული მზერა იმდენად ამაზრზენად მომეჩვენა, რომ მაშინვე ფისოზე გადავიტანე ყურადღება და მოფერება დავუწყე. მივხვდი, რომ ცოტა ხნის წინ, მეც ზუსტად ასეთი გამომეტყველება მქონდა და საკუთარი თავი დროებით შემზიზღდა. - აი, ისევ შემახსენა ამინდის პროგნოზმა, რომ სოხუმი საქართველოა. ჩემ გვერდით მჯდომმა სავარაუდო ლოთმა გამოლაპარაკება სცადა - რადიოში მართლაც ამინდის პროგნოზს აცხადებდნენ. მერე ჰიპსტერ გოგონას გახედა, ისევ მე შემომხედა და გაიღიმა. მატარებელი ბაქანთან ისე გაჩერდა, რომ კარები ზუსტად ჩემ წინ გაიღო. ყოველთვის, როცა ასე ხდება, თითქოს, თავდაჯერებით ვივსები და მგონია, რომ ის დღე კარგად ჩაივლის. ვაგონში შევედი და ისევ წვერებიან მამაკაცთან მომიწია დაჯდომა. მიუხედავად ჩემი ჰუმანურობისა, რომლითაც ასე ვამაყობ, მატარებელში მყოფი უმრავლესობა ადამიანების ჩაცმულობა და ჰაბიტუსი მაგრძნობინებს, რომ მე აქაურობას არ ვეკუთვნი და უფრო მაღალი ლიგიდან ვარ. - შემდეგი სადგური - თავისუფლების მოედანი… Next station - liberty square - გამოსძახა ქალბატონმა დინამიკიდან. - მეგობარო, შეგიძლია მითხრა რა არის თავისუფლება? - მკითხა მამაკაცმა, თვალები მოჭუტა და წვერის წვალება დაიწყო, რაც კიდევ უფრო ართულებდა თავის არიდებას. ძალიან არ მიყვარს უცხოებთან კონტაქტი, განსაკუთრებით „ბომჟებთან“. არადა, უკვე მეორედ სცადა გამოლაპარაკება, რაც ჩემს სინდისს პირველ ცდაზე ხმაჩაგდებული მაღვიძარას „snooze“ რეჟიმივით აწუხებდა. - ვფიქრობ, რომ ეს ის კითხვა არაა, რასაც სხარტად გავცემ პასუხს, თან მატარებლის ხმაური შემიშლის ხელს - ხმამაღლა ჩავძახე ყურში, ისე რომ სხვა არ შემეწუხებინა. - ჰოდა, იყვირე. თავისუფალი ხარ - უკვე ინტელექტუალივით დაიწყო ხელების შლა. - საქმე მასე მარტივადაც არ არის. - ყველაფერი მარტივია. ჩვენი სამყაროს ზედაპირული გააზრებაც საკმარისია ზოგიერთი ცნების ამოსახსნელად. შენ რომელი თეორიის უფრო გჯერა - კრეაციონიზმის თუ ევოლუციის? - ალბათ, უფრო ევოლუციის. წამიერად ჩემი თეორიის გაზიარება მომინდა, რომლის თანახმადაც, ირმის ნახტომი მეოთხე განზომილების არსებისთვის გამზადებული ქაფიანი აბაზანაა. პლანეტები და ვარსკვლავები - საპნის ბუშტები და ადამიანები - არაფრის მაქნისი ბაქტერიები. მერე მივხვდი, რომ ჩემს ხუმრობას ვერ გაიგებდა და გიჟად შემრაცხავდა. - აზრი არ ჰქონდა, რომელს აირჩევდი. მაინც ამ პასუხს გაგცემდი, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობა და მოვალეობა უფროა, ვიდრე ფეხებზე დაკიდება და საზღვრების არქონა. უბრალოდ, მსჯელობის სივრცეს შევცვლიდი და სახარებიდან ციტატებს მოვიყვანდი. თუ ადამიანი, როგორც ევოლუციის თეორია გვეუბნება, პრიმიტიული არსებიდან წარმოიშვა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მასაც ისევე გააჩნია ინსტინქტები, როგორც სხვა ცხოველებს - სიცოცხლის გადარჩენის, საკვების მოპოვების, გამრავლების და ა.შ. თავი დავუქნიე. - მაშ ასე, თუ გამრავლების მოთხოვნილება ჩვენი ინსტინქტი და ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ეს უკვე სხვა, ჩვენივე სახეობის არსებობას გულისხმობს ანუ ჩვენი არსებობა უკვე აღიარებს, რომ მარტო არ უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ რაღაცის ნაწილი ვართ და არა ცალკეული. - გეთანხმებით. - ევოლუციის თეორია ასევე მოიაზრებს, რომ ადამიანი ემპირიული არსებაა და მისი შექმნილი სოციუმიც, თავისთავად, ემპირიულია. ადამიანის მოდგმამ უამრავი ეტაპი გამოიარა და საბოლოოდ მივიდა თანასწორობის იდეამდე, როგორც საუკეთესო წყობამდე. უბედურება ისაა, რომ ჯერ მხოლოდ იდეაა და ვერ არის მაინცდამაინც ხორცშესხმული. თანასწორობა კი გულისხმობს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას სხვა ადამიანის თავისუფლების მიმართ, თავისუფლების იდეის გააზრებას და საკუთარი სურვილების კონტროლს. - ეს ყველაფერი უკვე ვიცოდი. - შეიძლება, მაგრამ, ალბათ, ზედაპირულად. იშვიათად ვპოულობ ადამიანს, ვისაც საკუთარ ფიქრებს გავუზიარებ და ალბათ, ამის ბრალია ჩემი ენთუზიაზმით სავსე ფსევდო-ფილოსოფიური საუბარი. - მესმის თქვენი. - ასე რომ, არაჯანსაღია თავისუფლების შეგრძნება, რომელიც ადამიანის ფორმასა და ტყავს სცდება. - ვისი სიტყვებია? - ჩემია. - და ვინ დაადგინა, რა არის ადამიანის ფორმა? წამიყრუა, იმედგაცრუებული სახე მიიღო - ქვედა ტუჩით ზედა ტუჩი მაღლა ასწია და ფისოს მოეფერა. - ამ დორბლიან, ნახშირივით შავ პატარას რა ჰქვია? - ფისო… ფისო ჰქვია - გავუღიმე. - უცნაურები ხართ ახალგაზრდები, როგორი შეუფერებელი სახელია ძაღლისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. როგორი ო'ჰენრისეული ფინალი იყო :)
ცოტა ხნის წინ გიხსენებდი- ვერ გავიხსენე ვერც ნიკი, ვერც სახელი და გვარი :( მხოლოს ის მახსოვდა, რომ არსებობ :)
და ახლა ისე გამიხარდა ეს მოთხრობა- კარგი მოთხრობა.
როგორი ო`ჰენრისეული ფინალი იყო :)
ცოტა ხნის წინ გიხსენებდი- ვერ გავიხსენე ვერც ნიკი, ვერც სახელი და გვარი :( მხოლოს ის მახსოვდა, რომ არსებობ :)
და ახლა ისე გამიხარდა ეს მოთხრობა- კარგი მოთხრობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|