 | ავტორი: კობა_ბ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 ივნისი, 2022 |
დასასრულს ჰგავდა თითქოს მკათათვე. ენაამოჭრილი უტყვი მონა მივყვებოდი ხელკავგამოდებულ სიმარტოვეს, მთელი ცხოვრება რომ ვეძებდი და ოცნებებმა მაინც მიმატოვეს. ბევრჯერ დავწერე და გადავწერე კიდეც საკუთარი თავი, მაგრამ ამაოდ. საკუთარი ეგოისტობა შემრჩა ხელში ბოლოს ყოველთვის. ათასი ღმერთი - ოღონდ ნამდვილი ღმერთი - ერთი ხელის მოსმით ისე გამოვიგონე, აზრადაც არ მომსვლია საკუთარი თავისთვის ერთი ფილოსოფიური კითხვა მაინც დამესვა, პასუხის გაცემა მითუმეტეს. რამდენჯერ მინდოდა მეთქვა - დავიღალე. მაგრამ ვიცოდი ვიტყუებოდი და ყოველთვის უთქმელი რჩებოდა დაღლა. ახლა დროზე ვფიქრობ, რომელზედაც არასოდეს მიფიქრია და შიშზე, რომლებიც თურმე პირდაპირპროპორციული სიდიდეები ყოფილან ერთმანეთის მიმართ. ახლა მშვიდია ჰორიზონტის უსასრულობა და საზღვრები თავისთავად უხილვადია, რომელთაც დღენიადაგ გულდაგულ ვშლიდი და სწორედ ახლა, ახლა, ახლა და სხვა დროს არასდროს შემოვსაზღვრე მთელი სამყაროს რეალობა ერთ დიდ ჩარჩოში, რომ არ გამებნეს, არ გადამეღვაროს, არ განმიზავდეს: არც ერთ ოცნებაში, არც ერთ ფიქრში, არც ერთ სიზმარში და თავდაუხსნელად მივქრი გულის ზღვარში მოქცეული რეალობისკენ. პარადოქსია: გულის, ზღვარის და რეალობის მცნებების დალაგება გვერდიგვერდ, ერთად, მაგრამ ეს რეალობაა ახლა ჩემი ყველაზე გრძელი სიზმარი... და თუ გათენდა სხვა ოცნება, მე ვეღარ გავთენდები. მე მინდა სიცოცხლე. საკუთარ დაბადების წამზე მეტად. მინდა! გესმით? ის ჩემს შემოდგომაში მოვიდა ივლისად... მე ოდეზღაც მიყვარდა მზე, და ახლა ის მიყვარს. განთიადისას მიყვარდა ვარდების ღაწვზე გამკრთალი ნამით სულის დანამვა, და ახლა მისი თვალების ახელაა ყველა განთიადი. მიყვარდა ოცნება, და ახლა მის ტანზე ვხატავ თითებით ყველა ახდენილ ოცნებას და თუკი ოდესმე რაიმე მიყვარდა საერთოდ: ცალ-ცალკე, სხვადასხვაგან, სხვადასხვანაირად ან სხვადასხვადროს და ისიც, რაც უნდა მიყვარდეს კიდევ, ახლა მიყვარს, მასში. ასე დავიწყე საკუთარი თავი მისით თავიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. Ვააჰ, რანაირად იცი ხოლმე გულამდე მისვლა. Ვააჰ, რანაირად იცი ხოლმე გულამდე მისვლა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|