ტოტების ჩრდილები იკლაკნებიან შენს სახეზე, შენი ძილი კი, ხასხასა ფერდობზე ნერგების დარგვას ჰგავს, შორიდან დანახულს. მე გამახსენდა , არეკლილმა ვარსკვლავებმა,როგორ აქციეს შენი სათვალე სამყაროში ყველაზე ლამაზ კალეიდოსკოპად. ჩვენ დავდიოდით დილით, წვიმიან სანაპიროზე, გამორიყული თეთრი გრამაფონების შესაგროვებლად, რომ მერე მატარებელში მოგვესმინა ერთადერთი მუსიკისათვის. ჩვენ გვაგვახსენდება ყველაფერი მატარებლის ფანჯრიდან თვალმოკრული პეიზაჟებივით. შენ კი ახლა გძინავს...ნეტავ ბოლოს ადამიანები მარგალიტებად ვიქცეოდეთ და ამ უშნო ხის ყუთების ნაცვლად ნიჟარებში გვაწვენდნენ. მე ყველა ფიქრით მინდა ტვინი გამოვიტენო, მაგრამ უსუსურობა ძაღლივით ყოველთვის ნახავს პატარა ადგილს მოსასვენებლად. ნეტავ რა მოსდით ქარიან ამინდებში სოკოებს? ან ჩვენი ცრემლების დაძახილზე თუ ამოვლენ სანუგეშებლად ან..ნეტავ თუ გრძნობ ამ ჩრდილებს, ამ ხეებს, ამ გაზაფხულს. შენი სარაფნები აივანზე გამოკიდებული დარჩნენ სამარადისოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|