ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2022


ბალადა უკანასკნელ საგზალად - მამას


მზის მოგზაურო და მთავრის ვაჟო,
სხივებს ჩამოყოლილო დედამიწაზე.
ხეებთან მოსაუბრევ, ქვების გამცოცხლებელო ოქროს მაძიებელო.
შენი ხელები - ალმასის ნატეხები.
იქნებ ღმერთსაც სჭირდება არქიტექტორი,
სამოთხის ბაღის მოსაწყობად ან/და
ტახტრევანის შესაკეთებლად.
ნეკერჩხლის წითელი ფოთლები და
შენი დის მარგალიტის საყურეები.
ზღვის ნიჟარები და რიყის თეთრი ქვებით -
მიდი, მოკირწყლე საიქიოს გზები.
მიდი, დაგვიტოვე ნიშნები და მინიშნებები
რომ გზა გამოიგნოს შენმა შთამომავლობამ- შენამდე მოსაღწევად.
არ აგვერიოს გზა, ემანდ სადმე სხვაგან არ გადავუხვიოთ
და ვიღაც სხვის დავიწყებულ მამას არ მივადგეთ.
მიდი, დაფხვენი შოთის პურები და ნამცეც-ნამცეც მოაბნიე,
რომ გზად პურიც გვქონდეს, ღვინოს შემოგვაწევენ!
ფრთხილად იყავი ყორანმა არ აკენკოს,
მანდ ეგეთები ხშირად ხდება.
შენმა ცოლმა კელაპტარი ჩამოაქნა,
ააჩახჩახა - ნათელში იყოსო!
ხომ არ გაწუხებს ამდენი სინათლე,
ნატკენ თვალს ხომ არ გტკენს?
მანდ ერთი ხეა, ისტორიული,
მისმა ნაყოფმა გვაქცია ადამის შვილად,
ჩრდილი ექნება, შეეფარე.
თოვლს რატომ გაყევი დიდო ბიჭო,
ხომ არ დასველდი ან არ შეგცივდა,
ასე პომპეზურად წასვლა რა იყო?!
თეთრი საბანი როდის გხიბლავდა?
შენი ხეები და შენი მცენარეები,
შენი ვაზები და შენი ქვევრები,
მაგიდები და ათასი წვრილმანები - უშენოდ დაპატარავდნენ და ჩრდილი დაკარგეს,
ალბათ ეგეც შენ გაიყოლე.
იქნებ დაგჭირდეს, საქმე გაიჩინო, მექანიზმები შალო და აწყო,
ვაზს მოუარო, ღვინო დაწურო - ერთი ჭიქაც ღმერთთნ ერთად შესვა,
თან დააყოლო: შენი სისხლია ღმერთო!
ხორცი დავფხვენი შთამომავლობისთვის.
ღმერთი, გაგიგებს, აბა ისე რა ღმერთია ადამიანს თუ არ გაუგო?
და რომ მოიწყენ უცნაური სანახებითა და პეიზაჟებით,
ილუზიები რეალობად რომ გადაგექცევა,
უნდა იკითხო: აქ ერთ ბიჭს ხომ არ ჩამოუვლია, წითელ პერანგას?
მე რომ დამკარგვია და ზღაპრად მქცევია.
დედაჩემის სევდიანი იავნანიდან რომ ამხდენია და ცად გამქცევია.
წითელ პერანგა ბიჭო, შვილის შვილო,
აი, მეც მოვედი - პაპაშენი,
დაღლილი და ნაწამები,
შეიძლება ითქვას არც ისე ბედნიერი
და არც ისე მორწმუნე( საგვარეულო თეთრი გიორგის მწამდა ბავშვობაში)
ჰოდა, შენს მარადიულ პაპად ვიქცევი,
ერთად გამოვჩორკნოთ ხის ცხენები
აი იმ ისტორიული ხის ძირს ნაყარი ტოტებისგან.
მოდი ვითამაშოთ და ცხოვრებაც ხომ თამაშო იყო,
დარდებისა და მწუხარების კუბიკების ციხე - სიმაგრე!
გამოვიქეცი.
მიდი, ააშენე დიდი სახლი,
შემოარტყი ქვის ღობე და ეზოში ვენახი გააშენე,
ჩრდილები ხომ თან წაიღე, გამოგადგება!
სხვა რა გზა და სხვა რა შარაა,
კოსმოსში დაკარგულო.
შენი ხმა - სამყაროს დაუკარგავს
და შენი ხელებიც
და შენი სუნთქვაც.
მთვარის ბიჭო,
ვარსკვლავებამდე გზის გამკაფავო,
უნდა განისვენო,
ნათელში იყო
სხვა რა გზაა და სხვა რა შარაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები