ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომა ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2022


ძვირფას ორასორმოცდაათს

ორასორმოცდაათი კილომეტრი.
დიდი ვერაფერი !
ჩვენს სახლებს შორის მხოლოდ გაშლილი ტრამალი
რომ იყოს, დაგინახავდი... ( შენ თუ არა შენს სახლს ხომ მაინც)
ისე ახლოა ორასორმოცდაათი კილომეტრი.
ხუთასი მეტრია ზუსტად,  ჩემი ეზოდან,  ცენტრალურ პარკამდე
ანუ ხუთასი მისვლა და სახლში დაბრუნება,
ესაა ჩვენს შორის მანძილი.
დიდი ვერაფერი !
ორასორმოცდაათი კილომეტრის დიდ ქალაქებში, ექვსი, შვიდი ქუჩა გამოვა,
რომ შეაერთო.
მეც ხომ მაქვს უფლება, ეს ქვეყანა, ერთ დიდ ქალაქად წარმოვიდგინო,
ხო და შენ ჩემს მოსაზღვრე თუ არა, იმის იქეთა ქუჩაზე ცხოვრობ.
აი შენ შუანა თითი, ორასორმოცდაათო კილომეტრო.
კიდევ თუ გამეჩხირები თვალში იცი რას ვიზამ ?
ავტობუსის მძღოლებს, ვაჭრებს, ყველას ვინც დღედაღამ გზაზეა ტრამვაის ხაზივით გაბმული,
ვინც კილომეტრებს დევგმირივით შთანთქავს, იმათ ყველას დავუმეგობრდები
და ვალაპარაკებ შენზე.
კოცონს შემოვუსხდებით, ტაროებს დავყრით და ბევრს ვიცინებთ იმაზე თუ რა ყეყეჩიცახარ.
თუ არა და ახალი გზის მშენებლობასაც მალე დაამთავრებენ,
მახვილივით გაუყრიან ხიდებს შენს მუცლებს და მერე ვნახოთ ერთი რაღა დარჩები,
ორასორმოცდაათო კილომეტრო.
მე მინახავს  მანქანას  ერთი ტომარა ფქვილი როგორ ებნეოდა შენს სხეულზე,
ერთი ტომარა ფქვილიც ვერ გამოლიე, შენ რა მანძილი ხარ.
გალაქტიკებს შორის რომ იმოგზაურო და ყველაზე ზარმაც უცხოპლანეტელს შეეკითხო ეგ სიშორეა თუ არათქო, ისე საშინლად დაგცინებს რომ...
და საერთოდაც  ეგ  სიტყვა სიშორე იქამდე გაჩნდა,
სანამ ბორბალს მოიგონებდნენ.
ან რად მინდა ბორბალი, სიყვარული ვერტიკალურიაო და თან ბრუნვადიო...
სხვა თუ არაფერი მე ხომ სიარული მიყვარს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები