ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2022


ზღვარი 15


მეთოთხმეტე თავი

  ეკას მოეჩვენა, რომ მეორე დღეს დამიანე ჩვეულზე მეტხანს ემზადებოდა სამსახურში წასვლამდე. ქმარმა თითქოს გასცა გუშინ საღამოს მის კითხვას პასუხი, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტა იყო. ეკა მთელი დილა ცდილობდა, იმ უცნობი ქალის წარმოდგენას. სოციალურ ქსელში ეძება, მაგრამ ქმრის მიერ დასახებულ სახელსა და გვარზე ვერავის მიაგნო. ეჭვი არ ასვენებდა. თამრიკოს დაურეკა, დამიანეს თანამშრომელს. ქმარს ვერ ვუკავშირდები და იქნება დამალაპარაკოო, როცა დამიანეს ხმა გაიგო, ცოტა დამშვიდდა, არ მოვუტყუებივარო, ნამდვილად სამსახურშიაო. თავი დაიიმედა, თუ მევენახეა და თან სოციალურ ქსელებშიც არაა დარეგისტრირებული, მოხუცი იქნებაო. ეგეც არ იყოს და, მართლა რამე რომ ხდებოდეს, შუაღამისას არ დაურეკავდა სახლშიო.
  ეკამ თავი დაიმშვიდა, დამიანე კი სულ უფრო მეტად ღელავდა, რადგან ევიმ შეხვედრა საღამოსთვის გადაიტანა. ახლა კი უკვე 5 ხდებოდა და ქალი ისევ დუმდა. თავიდან მიცილებსო, აედევნა ფიქრი დამიანეს. ევის არც მომდევნო ორ დღეს დაურეკავს და როცა კაცმა იფიქრა, რომ აღარ გამოჩნდებოდა, ტელეფონზე სასურველი ზარი გაისმა.
- მაპატიე, ამდენ ხანს ვერ დაგირეკე და თუ დრო გაქვს, იქნება დღეს შევხვდეთ, - მოიბოდიშა ევიმ.
  დამიანეს თათბირი ჰქონდა, მაგრამ არც დაფიქრებულა ისე დასთანხმდა ევის. ძველ უბანში, პატარა კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. უყვარდა დამიანეს ეს კაფე, თითქმის ყოველთვის ცარიელი იყო. პატარა ბაღი ჰქონდა, ბროწეულები ედგათ, ხის მესერი და ძველებური, ყვავილებიანი შპალერი გაეკრათ, ქარვისფერი ჭაღები ღამის განათებით, მრგვალი ხის მაგიდები იდგა, თეთრი, ჩიტებამოქარგული სუფრები ეფარა. მძიმედ დაშვებული ხავერდის ფარდები. სახლის სიმყუდროვე ახლდა აქაურობას.
  დათქმულ დროზე ცოტა ადრე მისულიყო ევი და სწორად ის მაგიდა ამოერჩია, რომელთანაც დამიანე იჯდა ხოლმე. გაფითრებული მოეჩვენა ქალი, თვალის ირგვლივ სიშავეები გასჩენოდა.
- ძალიან მშია, რას იტყვი, რაიმე გემრიელი რომ ვჭამოთ? - შეეკითხა დამიანე, რომელიც ისე დაბნეულიყო, თითქოს 15 წლის ყოფილიყოს და პირველ პაემანზე წასულიყო.
- ვჭამოთ, სამი დღეა ადამიანურად არ მიჭამია, - დაღლილი ხმით უპასუხა ევიმ.
- რატომ? რა ხდება? ეს სამი დღეა მეც ცუდად მძინავს, შენს პრობლემებზე ვფიქრობ. დარეკვაც მომერიდა, არ მინდოდა შენი შეწუხება.
- არ ვწუხდები, როცა მოგინდება, მაშინ შეგიძლია დამირეკო.
- მასე შეიძლება მე სულ მინდოდეს, მაგრამ... - გაეღიმა დამიანეს.
ევისაც გაეღიმა, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია.
- აბა ვის ან რას შეუწუხებიხარ?
- გრძელი ამბავია.
- შემიძლია ცხოვრების ბოლომდე გისმინო.
- ყავა ხომ არ შეგვეკვეთა? - თემის შეცვლა სცადა ევიმ.
  ყავა მოიტანეს, ფინჯანი ხელში აიღო ევიმ და თვალებდახუჭულმა შეისუნთქა ცხელ ყავას ადენილი ორთქლი. მერე ერთი ყლუპი მოსვა და ისევ ადგილზე დააბრუნა. ღრმად ამოისუნთქა და დაღლილი მიეყრდნო სკამის საზურგეს. რამდენიმე წამი ფანჯარას გაჰყურებდა, მაგრამ თითქოს მისი ფიქრი სადღაც სხვაგან იყო. მერე კაცს მოუბრუნდა.
- ახლა ვაზს ვეგეტაციის პერიოდი აქვს. წელს ნალექი საკმარისი არ ყოფილა, მორწყვა აუცილებელია, მაგრამ სარწყავი არხები დაგვიკეტეს. მთელი კვირა მაგ საკითხებზე დავრბოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. წერე - არ წერე ეს განცხადებები, წამკითხველი მაინც არავინაა. მომიწია ავზების შევსება და მიწის ხელოვნურად დანოტივება, მაგრამ ეს საკმარისი არაა, შესაძლოა, ღვინოს საჭირო ბუკეტი აღარ აღმოაჩნდეს.
- სარწყავ არხებს რა დაემართა?
ევიმ მოკლედ მოუყვა არაბებისა და მისი ხელისუფლებასთან კონფლიქტის ამბავი. დამიანეს სახე შეეცვალა. დაფიქრებული უსმენდა. არსებული რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზეც შეხებოდა, ბევრი რამ სმენოდა კიდევაც და ახლა შიში იგრძნო, ამ ქალის დაკარგვის შიში.
- მათ არ აქვთ სამართლებრივი უფლება საკუთრებას შეეხონ, - თქვა დამიანემ.
- და უფლება რომ ჰქონდეთ ამდენს მალაპარაკებდნენ? როცა ადამიანი კანონიერად გედავება, იქ არ გაქვს უსამართლობის განცდა, რადგან კანონია უზენაესი ჭეშმარიტება, მაგრამ აქ კანონები სიმართლის დასადგენად არ იქმნება, კანონებს კონკრეტული ადამიანებისა და ფაქტებისათვის ცვლიან.
- ეს წმინდა წყლის კორუფციაა, ფინანსური ინტერესი იკვეთება თანამდებობის პირებისა და კონკრეტული უწყებების. პროკურატურას უნდა მიაკითხო.
- ბატონო დამიანე, თქვენ საქართველოში არ ცხოვრობთ? პროკურატურა შენ გგონია ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყებს საქმის წარმოებას?
- შენ მაინც უნდა სცადო.
- ყველა ინსტანციაში ვარ უკვე ნამყოფი. დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობიდან, წერილი მაქვს ყველგან ჩაბარებული, ის წერილები ადგილიდან არ დაძრულა ჯერაც და ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, არც არასდროს დაიძვრება.
- არ ინერვიულო, რამეს მოვიფიქრებთ. მე საელჩოში მყავს მეგობარი, იქნება მას მივაკითხო.
- აქ საუბარი ადამიანების უფლებებსა და საკუთრების თემაზე კი არაა, აქ ქვეყნის გადაშენების სერიოზული გეგმაა, როგორ ფიქრობ ახლა რომელიღაც სახელმწიფოს ელჩს ძალიან ადარდებს, ამ მიწაზე აღდგომელაშვილი იცხოვრებს თუ ვინმე აბაბული? პირიქით, მისთვის ეს უკანასკნელი უფრო ხელსაყრელიც იყოს იქნება.
- გამოსავალი ყოველთვის არსებობს, არ ინერვიულო, ცდით არაფერს დავკარგავთ, მე მაინც ვთხოვ რამე გვირჩიოს.
- მადლობა, ბევრს ნიშნავს ჩემთვის შენი თანადგომა.
  მერე ხელშეკრულების დეტალებიც გაიარეს, თუმცა ევის მოეჩვენა, რომ ის საკითხები, რომლის დაზუსტებაც დამიანეს სურდა, ისედაც ცხადი იყო. მოეჩვენა, რომ ეს შეხვედრის მიზეზი უფრო იყო და ბედნიერების განცდა დაეუფლა. თითქოს ახლა დამიანესთვის რომ გაეზიარებიან თავისი პრობლემები, უფრო ძლიერი გამხდარიყო, უფრო გაადვილებოდა საქმე.
  დამიანემ ქალი გააცილა და თავად ისევ კაფეში შებრუნდა, კიდევ ერთი ყავა მოითხოვა, სხეულში ემოციების უცნაურ მოზღვავებას გრძნობდა, ვეღარ თავსდებოდა კანში, სიხარულის საოცარი შეგრძნება ჰქონდა, გონებაზე ბინდი გადაჰფარებოდა. ვიღაც მის ნაცვლად მოქმედებდა და აღარ აძლევდა უფლებას, რომ აზრი ეკითხა, რომ საღად განესაჯა მდგომარეობა. მდგომარეობა კი, რომელშიც დამიანე იყო, სახარბიელო ნამდვილად არ ეთქმოდა - სახლში ეკა ელოდებოდა ორ შვილთან ერთად.
  მერე დღეები თითქოს ჩვეულად მიდიოდა, მაგრამ ეკას მაინც რაღაც არ ასვენებდა. გრძნობდა მისი ქმარი ყოველ დღე სულ უფრო უცხო ხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ არც არასდროს ესმოდა დამიანეს ფარული სევდისა და უძილო ღამეების, ახლა მთლად კედლის მიღმა აღმოჩენილიყო. ახლა მისი აღარც ხმა ესმოდა და აღარც დანახვა შეეძლო. საფრთხეს გრძნობდა ეკა, ამ საფრთხეს ახლა იდუმალი სახელი ჰქონდა, არ იცოდა რა საიდუმლო იმალებოდა ევის მიღმა, მაგრამ დანამდვილებით შეეძლო თქმა, რომ ეს ქალი მოვიდოდა და მის სიმშვიდეს ქაოსში გახვევდა. ჯერ ეჭვი გაჩნდა, მერე ეს ეჭვი სხეულში შეუძვრა და აღარ მოასვენა. ეჭვი ახლა მოურჩენელი დაავადება იყო - ნელ-ნელა კლავდა, მოსვენებას აღარ აძლევდა... ახლა მთელი ენერგია ქმრის ახალი უნარ-ჩვევებისათვის უნდა მოეხმარებინა. აღმოაჩინა, რომ დამიანეს თვალებში უცნობი სინათლე ჩანდა. არასდროს შეუმჩნევია ეს სინათლე ეკას და არ იცოდა, რომელი მზე ენთო სულში, რა სხივი იყო ეს, გაათბობდა თუ დასწვავდა ყველაფერს. იქნება ეს სხივი ახლა გამოსულიყო ღრუბლებიდან და ყინული უნდა გაელხო, ამდენი წელი რომ ვერ შემოაცალა ქმარს, რომელიც თითქოს მასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდა, თითქოს ეს ყინული მისი ჯავშანი იყო, იცავდა, ვისგან და რისგან ეს ჯერ არ იცის. დამიანე იწვა ხოლმე, თვალები დაეხუჭა და როცა ეგონა, ეკას ეძინა, ისე ეღიმებოდა, თითქოს ახლა მის წინ ვიღაც იდგა და ეს ღიმილი უმიზნო არ იყო, ეს ღიმილი რაღაც მეტი იყო, ვიდრე ძილისწინწამოგონებულ ფიქრს მოყოლილი ღიმილი, ახლა სულ უფრო ხშირად იყო დაღლილი და ეკას დაწოლამდე მაგრად ხუჭავდა თვალებს, მაგრამ როგორც კი იფიქრებდა, რომ ცოლს ეძინა, დგებოდა, ფეხაკრებით გადიოდა ოთახიდან და გათენებამდე აღარ ბრუნდებოდა საძინებელში.
  ღამეთეული დგებოდა ეკა და მეორე დღეს, ჩვეულ დროს, ჩვეულ საქმეს უბრუნდებოდა. და მერე, როცა დამიანე სახლიდან გადიოდა, ეკა ეძებდა უჯრებში ჩამალულ ფურცლებს, ხელსახოცებზე დაწერილ დაუსრულებელ ლექსებს, საბანკო ქვითრებზე მიჯღაბნილ ფრაზებს, შუაზე გაწყვეტილ ნოველებს. ყველა სიტყვაში იყო სიყვარული და ტკივილი. ეკას კი ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ამ სიტყვების უკან ქალი იდგა და ეს ქალი თავად არ იყო. იდგა ქალი, რომელიც მოსულიყო და 10 წლის ნაშრომ, ასე გაჭირვებით შეგროვებულ და შელამაზებულ ოჯახს განადგურებით ემუქრებოდა  ეკას სხვა გზა უნდა ეპოვნა, ამ ახალ გზაზე შედგომის კი მომაკვდინებლად ეშინოდა. არ იცოდა სად დასრულდებოდა ეს გზა, ან ვინ უნდა ყოფილიყო ის ქალი. რაც უნდა მომხდარიყო დამიანესა და მას შორის, მაინც ვერ ჩადგებოდა. ეკას ცოლის სტატუსი ჰქონდა, მეუღლე იყო, უკვე ორი შვილი გაეჩინა, ორი ვაჟი და ვერ დააშორებდნენ, არავის ჰქონდა ამის უფლება. რა მოხდა, თუ დამიანე ხანდახან ივიწყებდა ეკას თავგანწირვას, ივიწყებდა შვილებს, ივიწყებდა მოვალეობას, ივიწყებდა, რომ შუაღამემდე იჯდა ფანჯარასთან და მთვლემარე ელოდა ქმარს, რა მოხდა თუ კი საღამოებს დამიანე ოჯახში არ ატარებს და მეგობრებთან სმა ურჩევნია, ბოლო გაბრძოლება აქვს, ბოლო მცდელობა, ახალგაზრდობა შეინარჩუნოს. ეს ქარის ბოლო წამობერვაა და ჩადგება მალე ყველა ქარი, ყველა ღელვა დამშვიდდება და დამიანე მიხვდება, რომ ეკა ერთადერთი ქალია, ეკა ერთი ქალია მხოლოდ, რომელზეც უნდა ზრუნავდეს, მხოლოდ მან გადადო ცხოვრება დამიანესთვის და ახლა მოსულა სხვა ქალი - მოსულა, მაგრამ ასევე მალე წავა, რადგან ვერაფერს მიიღებს. აქცევს ზურგს და დამიანე დარწმუნდება, რომ ეკა ერთადერთი ქალია, რომელთანაც უნდა დაბერდეს.
  ცოტა ხანს იმშვიდებდა თავს ეკა, რამდენიმე კვირა შესძლო ეცადა, რომ უკეთ მოქცეულიყო, ეცადა, რომ უფრო მეტად ჰყვარებოდა, ეცადა, რომ უფრო გალამაზებულიყო, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერი გამოვიდოდა, დაიღალა. მიხვდა, რომ ქმარს კარგავდა და ჯერ გაბრაზდა, უსასრულოდ გრძელდებოდა კონფლიქტები, ახლა ეკას ყველაფერზე შეეძლო ქმართან ეჩხუბა, ჩხუბობდა ქმრის დაგვიანებაზე, მის ჩაცმაზე, მის ჭამასა და უჭმელობაზე, ეკა ეძებდა მიზეზს, მერე ბრაზი შიშში გადავიდა: რომ ადგეს და წავიდეს? მართლა, რომ წავიდეს და მიატოვოს, რომ დატოვოს რა უნდა ქნას ეკამ, როგორ იცხოვროს, აღარ ახსოვს ეკას რა ხდებოდა მის ცხოვრებაში დამიანეს გამოჩენამდე. არ ახსოვს ეკას, როგორ მიდიოდა მისი ცხოვრება იმ დღემდე, სანამ დამიანეს შეამჩნევდა. მაშინ ეკა 13 წლის იქნებოდა და მას შემდეგ აღარ იცის როგორია ცხოვრება ამ კაცის გარეშე, აღარ იცის, როგორ ისუნთქებს. დამიანე რომ უნდა იყოს მის ცხოვრებაში ეს ისეთი ბუნებრივია, როგორც საკუთარი სხეული. ვეღარც გრძნობს მის არსებობას და ამავდროულად ისეთი საჭირო და აუცილებელია, არ იცის უმისოდ არსებობა თუ შეიძლება. ეკას ცხოვრებაში ახალი, ძალიან რთული და ბურუსით მოცული დღეები დაიწყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები