ოცდამეერთე თავი
ვენახში გასულიყვნენ სამუშაოდ. მარტო ევი იყო სახლში. კლავიშებჩაცვენილ პიანინოსთან იჯდა და უკრავდა, მუსიკა იყო ფრთხილი და შემოდგომის წვიმასავით სევდიანი. დამიანე მუსიკის ხმებს მიჰყვა. კართანვე შეჩერდა. მელოდიას მიანდო ფიქრი. - საოცრება ხარ! ნეტა შეგეძლოს ცოდნა, რა სასწაულებს ქმნი. ევის თითები ბეღურებივით ჩამოსხდნენ კლავიშებზე. ღიმილი მოადგა ბაგეს და არ შემობრუნებულა, ისე უთხრა კაცს: - ყველა შედევრს საკუთარი ისტორია აქვს, ჩემო, და არც კი ვიცი, ვინ უფრო მნიშვნელოვანია: ის, ვინც ქმნის, თუ ის, ვის გამოც ქმნიან. - ყველა ისტორიასაც თუ აქვს ნეტავ თავისი შედევრი? - ცხადია, არა, - თქვა და ევის თითები ისევ ასრიალდნენ კლავიშებზე, - ზოგ ისტორიას მხოლოდ ნანგრევები აქვს. - ეგ რაზეა დამოკიდებული, ისტორიის დასასრულზე? - მთავარი ის კი არაა, როდის და როგორ დაიწყო ან დასრულდა ამბავი, მთავარია, რა დარჩა მისგან. თუ ნანგრევები დარჩა, გამოდის, ადგილი სწორად ვერ შეგირჩევია შენი სასახლის ასაშენებლად. თუ გამოწვდილი ხელები დარჩა, ესე იგი ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, რადგან არსებობს ვიღაც, ვისაც იმედი არ დაუკარგავს, რომ ხელს ჩასჭიდებენ. თუ შედევრი დარჩა, მაშინ ყველა ქარიშხლად ღირდა, ნებისმიერ მსხვერპლად, ყველა გათენებულ ღამედ. ევის სურვილმა გაავსო სისხლი და ვეღარ მოითმინა, ზურგიდან მიუახლოვდა და კისერზე აკოცა. დამინეს სუნამოს სურნელი აჰყვა სხეულს, იფიქრა ევიმ, ამ სიყვარულისთვის ღირსო სიკვდილიც. ამ კაცის გამო, თუნდაც დღესვე მოვკვდებოდიო. დამიანეს სიტყვები არ უყვარდა, დამიანე ფიქრობდა და ახლა ევი ცდილობდა მისი ფიქრის ამოკითხვას, მისი სურვილის მიგნებას. სურვილი კი თვალებში სიცხესავით შენთებულიყო და მზერა აერია. ამ ქალის სურვილი ჰკლავდა და ინატრა დამიანემ სხვა ცა და სხვა მიწა, სხვა, მხოლოდ მათთვის კუთვნილი სამყაროს არსებობა, ინატრა სხვა მთები და მდინარეები. მერე, როცა მის ტუჩებს მიუახლოვდა და სადღაც, საზღვართან ძლივს შედგა, საკუთარ თავში ახალი ძალა აღმოაჩინა: არ ჰქონიაო შესაძლებლობებს სასრული, თორემ რამ გამაჩერაო. ჩემს მკერდზე მისვენებული, ჩემს მკლავებში მოქცეული საყვარელი ქალის ბაგესთან შედგომა როგორ შევძელიო. და აჰყვა ფიქრი, ჟრუანტელმა დაუარა, ყველა ტკივილზე მეტი იყო ახლა ტკივილი, ყველა სიხარულზე მეტი იყო სიხარული. ამ ქალს, ერთდროულად, ყველაფრის შექმნა და განადგურება შეუძლიაო, მიხვდა. და ინატრა დროში მოგზაურობა, წლების უკან დაბრუნება. - რა იქნებოდა ადრე მეპოვნე? როგორი იქნებოდა ნეტა შენთან ერთად ცხოვრება? - დაეკითხა. ევის გაეღიმა. ზურგი აქცია. ფანჯარა გამოაღო და უხერხულობისაგან პირთამდე ავსებულ ოთახში ჰაერს ადგილი გაუთავისუფლა. თითით მინაზე სახლი დახატა, გვერდზე მოღრეცილი, ცალფეხა კაცივით აყირავებული, გარედან მიხატული ნათურით. დამიანეს გაეცინა: - გამჭვირვალეა? - ფანჯრისკენ წავიდა, ზურგიდან დაუდგა ქალს. მერე მინაზე დააორთქლა და ყვავილების ხატვა დაიწყო. სანამ დამიანეს თითი პატარა, ნაზსა და დაუცველ ყვავილებს ხატავდა, მისი მხარი ევის ზურგს ისე ეხლებოდა, თითქოს ტალღები სანაპიროს სიყვარულს სთხოვენო. ქალს მოეჩვენა, რომ სულ რამდენიმე წამით გულმა ფეთქვა შეწყვიტა და როცა ძლივს ამოისუნთქა, შემკრთალი ხმით დაიწყო: - ადრე რომ შევხვედროდით, თავდავიწყებით შეგაყვარებდი თავს და არასდროს გაგექცეოდა ფიქრი სხვა ქალისკენ, რადგან დედამიწაზე ვერც ერთი ქალი ვერ მოგცემდა იმაზე მეტს, ვიდრე მე, მე კი მთელი სამყაროს ჩუქება შემეძლებოდა შენთვის; ადრე რომ შევხვედროდით, ჩვენ გავიპარებოდით და ფეხშიშველები, წვიმისგან გალუმპულ სანაპიროზე ვიქორწინებდით და მე მხოლოდ ერთ პირობას მოგცემდი, რომ ცხოვრების ბოლომდე და იმ სხვა ცხოვრებაშიც უშეღავათოდ მეყვარებოდი; ადრე რომ შევხვედროდით, ჩვენ ვიცხოვრებდით ზღვის პირას, პატარა სახლში, რომელსაც უსაშველოდ დიდი ფანჯრები ექნებოდა, რათა კარგად დაგვენახა, როგორ ბობოქრობენ ტალღები ქარიშხლის შემდეგ; იმ სახლში მე არასდროს გადავყრიდი ნაგავს, დამავიწყდებოდა შაქრისა და ხელსახოცების ყიდვა; ოცნებებში გართულს დამეწვებოდა შენი საუკეთესო პერანგი; ჩვენი საძინებლის კუთხეში, აბლაბუდები დაიდებდნენ ბინას, რადგან მენდომებოდა, რომ მენახა, სად გადის ობობის შესაძლებლობის ზღვარი; იშვიათად მოგიმზადებდი მსოფლიოში ყველაზე ცხარე და გემრიელ სადილს; ხშირად მოგიწევდა მხოლოდ ომლეტს დასჯერებოდი; დამავიწყდებოდა რა მითხარი 2 წუთის წინ და ერთსა და იმავე შეკითხვას დაგისვამდი მრავალჯერ; ყოველ საღამოს კიბეზე შენი ნაბიჯების ხმას გულაჩქარებული დაველოდებოდი და კარზე აკრული დავითვლიდი: 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 - რათა კისერზე ჩამოგკიდებოდი და მეთქვა, როგორი გრძელი და გაუსაძლისი იყო უშენო დღე. წამითაც კი არ მოგცემდი მოსვენების საშუალებას და არ მოვაშორებდი შენს ბაგეს ღიმილს; გაიძულებდი ყოველ დღე უფრო ძლიერად გყვარებოდი; საღამოობით დაგადებდი მკერდზე თავს და დაგაძინებდი, მაგრამ რამდენიმე წუთში მილიონი კოცნით გაგაღვიძებდი, რათა მეთქვა, თუ რა უსაშველოდ მიყვარხარ; ღამე ძილი გამიკრთებოდა იმის შიშით, რომ შენ ასეთი კარგი, შეიძლება სიზმარი აღმოჩენილიყავი; შესაძლოა, დილით ცარიელ საწოლში გამეღვიძა, ამიტომ ისე ჩაგეხუტებოდი, რომ ყველა კუნთი მეტკინებოდა და ასე გულისპირზე მიკერებული ღილივით მივეკემსებოდი შენს სხეულს; დილით, როცა შენ უხმაუროდ წამოდგებოდი და მე შენი სითბო მომაკლდებოდა, უშენობა უჰაერობასავით მომაწვებოდა ყელში და თითქმის შიშველი, დაგიწყებდი ოთახებში ძებნას... მერე შენს პერანგს შემოვიცვამდი, დაუდევრად, აცა-ბაცა შევიკრავდი ღილებს და შენთან ერთად დავლევდი დარიჩინიან ყავას... ევი ერთ ხანს შედგა, კედელს მიყრდნობილმა, სადღაც ოთახს მიღმა მყოფმა დამიანემ თვალები დახუჭა, ვინ იცის ცდილობდა ზღვისპირა სახლში მოხვედრილიყო, თუ ამ ფიქრებს იგერიებდა. ქალმა კი უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, თვალზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ნამსხვრევებად ქცეული ხმით განაგრძნო: - ჩვენ რომ ადრე შევხვედროდით ერთმანეთს, მე შენს ყველა ოცნებას ავასრულებდი; მე ვიცხოვრებდი შენი სიყვარულისთვის და იმდენად ძლიერი იქნებოდა ეს სიყვარული, რომ დაგღლიდა ვერასდროს შესძლებდი ჩემი სიგიჟის ხარისხის განსაზღვრას, ყველა დღე იქნებოდა ერთმანეთზე უფრო გასაოცარი და დასასრული არ ექნებოდა თავგადასავლებს... ჩვენ, რომ ადრე შევხვედროდით... ევის მოთმინებამ უმტყუნა და მარჯვენა ლოყაზე ჯერ გაუბედავად გადმოაბიჯა ცრემლმა და მერე უფრო თამამი, უფრო თავხედი წვეთებიც მიჰყვნენ, ქალმა ხელისგულით მოიწმინდა სახე და ძლივს გასაგონი ხმით დაამატა: - მაგრამ, ძვირფასო, ჩვენ ახლა შევხვდით და ორივემ ვიცით, ამ სამყაროში ჩვენი ამბავი არ გამოვა, ამ ცხოვრებაში ჩვენ აღარაფერი გამოგვივა... დუმილი დონიჯშემოყრილი ჩადგა მათ შორის - გაიზარდა, გასუქდა, მთელი ოთახი შეავსო და ევი ისე მიაჭყლიტა ფანჯარზე მკერდი ატკინა და სანამ ქალი სუნთქვას შეწყვეტდა, დამიანემ თქვა სიტყვა, ბგერები ეკლებივით შეესო დუმილს და დაიფუშა: - რატომ ხარ ასეთი? რა ვქნა ახლა, რა მოგიხერხო? ევიმ გაიღიმა. ღიმილმა გააქრო ოთახში ჩამოწოლილი სევდა და ხედვაში ნათლად ამოიმართა წლებისგან ფერგადაცლილი თეთრი კედლები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. “დამინეს სუნამოს სურნელი აჰყვა სხეულს“
ნუ დამინე გასაგებია, კორექტურაა, მაგრამ ფრაზაც ვერ გავიგე რას ნიშნავდა კიდევ გადავიკითხავ, თუმცა არა მგონია გავიგო
რატომ ვერ იქნებოდნენ ვითომ? რატომ უტრიალებს ან ერთს ან მეორეს ასეთი აზრები? უცნაურია
დაველოდები ახალ ამბებს :)
“დამინეს სუნამოს სურნელი აჰყვა სხეულს“
ნუ დამინე გასაგებია, კორექტურაა, მაგრამ ფრაზაც ვერ გავიგე რას ნიშნავდა კიდევ გადავიკითხავ, თუმცა არა მგონია გავიგო
რატომ ვერ იქნებოდნენ ვითომ? რატომ უტრიალებს ან ერთს ან მეორეს ასეთი აზრები? უცნაურია
დაველოდები ახალ ამბებს :)
3. ვახ, მონიშნულიც ყოფილა სათავფურცლედ ესე იგი, ვიღაც კითხულობს კიდევ კომენტარების გარეშე :)
ნეტავ ვინაა? გამოტყდეს ვახ, მონიშნულიც ყოფილა სათავფურცლედ ესე იგი, ვიღაც კითხულობს კიდევ კომენტარების გარეშე :)
ნეტავ ვინაა? გამოტყდეს
2. ამაღამ ვაპირებ გავაგრძელო კითხვა სადაც გავჩერდი იქიდან ვნახოთ რა ხდება ერთი :) ამაღამ ვაპირებ გავაგრძელო კითხვა სადაც გავჩერდი იქიდან ვნახოთ რა ხდება ერთი :)
1. ევმიმ, რა ასი წლის მალაზონივით ჩემკრთალი ხმით დაიწკო ...ჩვენ, რომ ადრე შევხვედროდით... ევმიმ, რა ასი წლის მალაზონივით ჩემკრთალი ხმით დაიწკო ...ჩვენ, რომ ადრე შევხვედროდით...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|