ოცდამესამე თავი
- როგორ ფიქრობ ეს მოცემულობა დროს გაუძლებს? - შეეკითხა ერთ დღეს დამიანე. - სიყვარული თუ ურთიერთობა? - არა, სიყვარული არა, ურთიერთობის ეს ფორმა. ევიმ გაცივებული ყავა მოსვა და მერე ფინჯანი მაგიდაზე დადგა. თავად კი აივნის მოაჯირზე შემოჯდა. დამიანეს შიში შეუძვრა ხელებში, ქალისკენ გაიწია, არ გადავარდესო. - ფაქტობრივად სულს ღაფავს, ძალიან ცოტა დრო დარჩა, მაგრამ მერე, როცა ახალი ეტაპი დაიწყება და ცუდი დრო დადგება, უფრო მეტად მეყვარები. - შენ იცი, რომ მეც სულ მეყვარები... როცა აღარ ვიქნები მაშინაც. ცოტა ხანს ორივე ჩუმად იყო, მერე ევის ტკივილით აევსო თვალები და გაღიმება სცადა: - მე შენ გამოჩენამდე სულ სწორად ვცხოვრობდი, სულ ისე ვიქცეოდი როგორც საჭირო იყო. მთელი უბედურება ისაა, რომ ახლაც ვიცი, რა სწორია და რა არასწორი, ვიცი, რომ უნდა წავიდე, მაგრამ არ შემიძლია. არასდროს ვყოფილვარ ერთდროულად ასეთი ძლიერი და სუსტი, - ევი ერთ ხანს გაჩერდა, ცრემლის დამალვას ცდილობდა, მერე თვალებში შეხედა დამიანს და უთხრა: მე ვერ მივდივარ, მაგრამ შენ სცადე, სცადე წასვლა, თუ გამოგივა. ვიცი, რომ ეს ეტაპიც ხანმოკლეა, ესეც დასრულდება და ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება, მაგრამ მანამდე წადი და სცადე საკუთარ თავთან ბრძოლა - შენი სიყვარულის დამარცხება. დამიანეს გაეცინა. ქალს მიუახლოვდა, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადაუწია. მერე მის თითებს წაეპოტინა, მიეფერა. - შენ როგორ ფიქრობ, მე არ ვცადე? წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი ვიბრძოლე, რომ არ მყვარებოდი, არ მომნატრებოდი... ევი ისეთ სევდას გრძნობდა, რომ ბნელი ღამესავით ჩამუქებოდა მზერა და ახლა თითქოს ციცინათელები აციმციმდნენ, თვალები გაუბრწყინდა, ძალიან უნდოდა, დამიანეს ჰყვარებოდა, უშეღავათოდ ჰყვარებოდა და მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა, მათი ამ მიწაზე ცხოვრება დასრულებული იყო, მაინც უნდოდა, რომ ვერაფერი მოეხერხებინა კაცს ამ გრძნობისთვის. დამიანე ფიქრს მიუხვდა და ცხვირზე პატარა ბავშვივით წაჰკიდა ხელი. - კარგი, რის ფასად არ ვიცი, მაგრამ მე წავალ და არც მოვკვდები, გავუძლებ და შენ? შენ როგორ იქნები? - მე? - დაიბნა ევი, შიში იგრძნო, დამიანეს ხელისგულზე გაყურსული თითები შეირხნენ. ერთ ხანს ჩუმად იყო და მერე თქვა: როცა შენ წახვალ იმ დღეს ისევ დავივარცხნი თმას, წითელ ტუჩსაცხს წავისვამ, შავად შევიღებავ თვალებს, რათა უფრო ცხადი გახდეს მზეზე ჩემს მზერას მოძალებული სიმწვანე. ახალ ფეხსაცმელს ვიყიდი, ღიას, მაღალქუსლიანს, ასეთ ფეხსაცმელში უფრო თხელი და მაღალი ჩანს ფეხი, გულისგახეთქვამდე მოკლე კაბას ჩავიცვამ და ნამზეურ მკერდს გამოვაჩენ. ქუჩაში გამოვალ, მხრებში გაშლილი, მოკლე, თანაბარი, თავდაჯერებული ნაბიჯით ვივლი, გამვლელებს გავუღიმებ, და მერე, საღამოს ცოლები რომ სუფრას გაუწყობენ, ეს ღიმილი წამოაგონდებათ და სადილი გაუცივდებათ. არსადმიმავალი ნაბიჯით წავალ, ქუჩის კუთხეში მოწყალების სათხოვნელად მდგარ ხანშეპარულ კაცს ისე შევხედავ, ღმერთს საყვედურს ეტყვის, 40 წლის წინ რომ არ ჩავუარე გვერდით. უკან გამომყვება ჯანგატეხილი, თმაში ჭაღარაშეპარული ქალების შური, პატარა, კიკინებიანი გოგოები იტყვიან, რომ ასეთები უნდათ გახდნენ, როცა გაიზრდებიან. ქალაქის ცენტრში, ყველაზე ძვირადღირებულ კაფეში ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დავჯდები, დარიჩინიან, უშაქრო ყავას შევუკვეთავ და კაფეში მჯდომი უკლებლივ ყველა კაცი თანახმა იქნება, ჩემი ყავის საფასური გადაიხადოს. მე კი ვიჯდები ისეთი მშვიდი და მომღიმარი, თითქოს არასდროს არაფერს შევუშინებივარ. თითქოს სისხლის გაშრობადე არ მტკიოდეს უძილო ღამეები, შებინდებისას რომ მოდიან და ატირებულები მისხდებიან კალთაში და მსოფლიოში ვერც ერთი კაცი ვერ გაიგებს, ასეთი სრულყოფილი ჩემი მკერდი მილიონ ნაწილად რომაა დაშლილი ტკივილისაგან. მე კი ყოველ დილით წითლად შევიღებავ ტუჩებს და გამოვალ ქუჩაში ისეთი თამამი და ბედნიერი, თითქოს სამყარო ჩემთვის დიდი საჩუქარია. დამიანეს ანთებული სიგარეტი მოუწეველი ჩაეფერფლა ხელში, გაოცებული უსმენდა, მერე ხელზე აკოცა და უთხრა: - მე შენნაირ ადამიანს მართლა არ შევხვედრივარ. - მე როგორი ვარ? - გაეღიმა ევის. - ყველასაგან განსხვავებული, მაგრამ ეს განსხვავება ისეთი ბუნებრივია... შენი მთელი არსებით ცდილობ, სხვა ადამიანებს გავდე და სწორად ამ დროს ხარ ყველასაგან გამორჩეული... - ჰო, შენ ყველაზე დიდი გიჟი შეგიყვარდა მსოფლიოში, - მოაჯირიდან ჩამოხტა ევი, დამიანეს ხელი ჩაჰკიდა და ვენახისაკენ წავიდა. ბინდი ეშვებოდა სოფელს. ვაზის მწკრივებს შეერივნენ. ევი წინ მიდიოდა, უკან დამიანე მიჰყვებოდა, მერე უცბად მობრუნდა ქალი და ჰკითხა: - რატომ ხდება ასე? ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადამიანები გამოჩნდებიან. ჩვენ მათი სიმაღლე გვაშინებს და უკანმოუხედავად გავრბივართ. გავრბივართ და თან ქვებს ვესვრით, გვეშინია, არ მოგვეწიონ და მათ გვერდით ერთი ციცქნები არ გამოვჩნდეთ. სინამდვილეში კი, სიყვარულისთვის და სიყვარულში ყველა ვთანასწორდებით. დედოფალსა და მხევალს ერთნაირი სიყვარული შეუძლიათ. როცა გვიყვარდება, ხომ ქრება გვირგვინი, ქრებიან ადამიანები, ქრება სამყაროც და ვრჩებით სრულიად მარტო, ჩვენს ტკივილსა და სიხარულთან. ვრჩებით ჩვენს ოცნებებთან, ვრჩებით და ამ უსასრულო სიცარიელეში საკუთარი თავიც გვეცლება ხელიდან და ის, ვინც ჩვენგან რჩება, ყოველ წამს გვაოცებს თავისი უგუნურებით, თავისი წინდაუხედაობით და ძალიანაც რომ გვინდოდეს მისი შეჩერება, აღარ ძალგვიძს, მასზე უფლება უკვე დაკარგული გვაქვს. - არა, შენ ცდები, სიყვარულმა ჩვენი ცუდი ნაწილი კი არა, უკეთესი მხარე უნდა გააღვიძოს, ღმერთს უნდა მიგვამსგავსოს და მიგვაახლოს. - გააჩნია სიყვარულის ობიექტს, ჩემო... ხან ისეთი ნაძირალა შეგვიყვარდება, ამ სიყვარულისთვის დედამიწაც გვძულს და საკუთარი თავიც. - ჰა ჰა ჰა, - გულიანად გაიცინა დამიანემ, - თუ ვიცით, რომ ნაძრალაა, მაშინ რიღასთვის შეგვყვარებია? - ეეჰ, საყვარელო, ნაძირალები გვიყვარდება ასე თავდავიწყებითა და უშეღავათოდ, თორემ, ანგელოზის სიყვარულს რა უნდა, რომ არ გვიყვარდეს, აი ეს იქნება საოცარი. გვიყვარდება უსაზღვროდ, ვისი სიყვარულის ერთი მიზეზიც კი ვერ მოგვიძებნია და ამიტომ ვართ ჩვენსავე გრძნობებში ასეთი დიდები და თან ასე უმნიშვნელოები. დამიანე ვაზის მწკრივებს მიუყვებოდა, თან ხელით სინჯავდა ახალამოხეთქილ ყლორტებს და ქალის სიტყვებზე ფიქრობდა. ერთ ხანს ორივე დუმდა, მხოლოდ ზვარში შემოპარული ნიავის ფეხის ხმა ისმოდა. მერე ევის მიუბრუნდა და ჰკითხა: - მაინც რა არის სიყვარული? ევიმ წარბები უნებურად მაღლა ასწია, (ასე აკეთებდა ყოველთვის, როცა სიტყვებს ეძებდა). დამიანეს გაეცინა, ქალსაც გადაედო მისი მხიარულება. თვალებზე ჩამოყრილ თმას სული შეუბერა, სახიდან მოიშორა, დარდიც სადღაც უკუაგდო თითქოს და ღიმილით უთხრა: - სიყვარულზე ჭკვიანურად საუბარი მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც ჯერ არ შეჰყვარებიათ. მე ზედმეტად მიყვარს იმისთვის, რომ ასეთ კითხვებზე ვუპასუხო... - გოგო, ნუ მიყვარხარ ასე, ნუ... აღარ შემიძლიხარ, - უთხრა დამიანემ, წელზე ხელი შემოხვია, მკერდზე მიიკრა და ისე ძლიერად მოუჭირა მკლავები, ყველა ძვალი ეტკინა ევის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მერე თვალებში შეხედა დამიანს - თუ დამიანეს?
ცხვირზე პატარა ბავშვივით წაჰკიდა ხელი - ეს “წაჰკიდა“ სულ მჭრის ყურს
ეს ღიმილი წამოაგონდებათ - და თუ მოაგონდათ?
ხანშეპარულ კაცს - ეს მომეწონა. საინტერესოა
ნამეტანი პატარა თავია
არადა დამიანეს სულ ცოტათი რომ მოეწადინებინა, შეძლებდა გადაებიჯებინა თავისი სიყვარულისთვის ან უფრო სწორი იქნება ასე: დამიანეს ძალიან რომ ყვარებოდა ევი, შეძლებდა დაეკარგა ის ანუ დაკარგულიყო მისთვის
წარმატებები მერე თვალებში შეხედა დამიანს - თუ დამიანეს?
ცხვირზე პატარა ბავშვივით წაჰკიდა ხელი - ეს “წაჰკიდა“ სულ მჭრის ყურს
ეს ღიმილი წამოაგონდებათ - და თუ მოაგონდათ?
ხანშეპარულ კაცს - ეს მომეწონა. საინტერესოა
ნამეტანი პატარა თავია
არადა დამიანეს სულ ცოტათი რომ მოეწადინებინა, შეძლებდა გადაებიჯებინა თავისი სიყვარულისთვის ან უფრო სწორი იქნება ასე: დამიანეს ძალიან რომ ყვარებოდა ევი, შეძლებდა დაეკარგა ის ანუ დაკარგულიყო მისთვის
წარმატებები
2. გვიყვარდება უსაზღვროდ, ვისი სიყვარულის ერთი მიზეზიც კი ვერ მოგვიძებნია და ამიტომ ვართ ჩვენსავე გრძნობებში ასეთი დიდები და თან ასე უმნიშვნელოები.
! გვიყვარდება უსაზღვროდ, ვისი სიყვარულის ერთი მიზეზიც კი ვერ მოგვიძებნია და ამიტომ ვართ ჩვენსავე გრძნობებში ასეთი დიდები და თან ასე უმნიშვნელოები.
!
1. -მაინც რა არის სიყვარული? ევი და დამიანე კი,არა დღემდე ვერავის აუხსნია სიყვარული. რამდენი ადამიანი არსესობს ,იმდენი ახსნა აქვს სიყვარულს. სიყვარულო, ვინ რა იცის რა ხარო, უხილავი სატკივარი რამხარო. ნაწარმოები მეტად გააცოცხლე, გაამძაფრე, ვნების ცეცხლი აუნთე დამიანეს და ევის , რას მიქვიან ' ყველა ძვალი ეტკინა ევისო."
-მაინც რა არის სიყვარული? ევი და დამიანე კი,არა დღემდე ვერავის აუხსნია სიყვარული. რამდენი ადამიანი არსესობს ,იმდენი ახსნა აქვს სიყვარულს. სიყვარულო, ვინ რა იცის რა ხარო, უხილავი სატკივარი რამხარო. ნაწარმოები მეტად გააცოცხლე, გაამძაფრე, ვნების ცეცხლი აუნთე დამიანეს და ევის , რას მიქვიან ` ყველა ძვალი ეტკინა ევისო."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|