ოცდამეცხრამეტე თავი
- ბიჭო, ის ქლიავი ხომ არ გინახავს? - გააღვიძა გრიგოლი რატის ზარმა. - ვინა? - ვინა და შენი ძმაკაცი. - დამიანე? - ჰო, აბა მეტი გამოქლიავებული გვყავს? - დაიღრინა რატიმ, - გაგიჟებულები არიან, ეძებენ. - რატომ ეძებენ? - ვერ გამოფხიზლდა გრიგოლი. - აუ, ჩემი, ჭედავ ახლა შენც რა. ადექი, შეისხი პირზე წყალი, მოდი ცოტა აზრზე, გამოგივლი რამდენიმე წუთში. გრიგოლი ერთხანს საწოლზე იჯდა დახუჭული თვალებით და ყურზე გათიშული ტელეფონი ედო, მერე თავი მიდო ბალიშზე და ის იყო უნდა ჩასძინებოდა, რომ მოვიდა გონს. ნაჩქარევად წამოდგა ფეხზე, ბავშვმა გვერდი იცვალა. - არ გაიღვიძო, არ გაიღვიძო... - შეეხვეწა პატარას და საწოლი დაარწია. მერე მძინარე ცოლს გადახედა. ნიტა მშვიდად სუნთქავდა. ფეხაკრებით გამოვიდა საძინებლიდან. - რა ხდება, გამარკვიე, მშვიდობაა? - შეეკითხა რატის, ჩაჯდა თუ არა მანქანაში. - აზრზე არ ვარ რა, გაგიჟებულია ეკა. გუშინ დილის შემდეგ არ გამოჩენილა. არც სამსახურში მისულა. - ეგ სერიოზულად ჩაიძირა რა. - იმასთან ხომ არაა? - რამ გამოგაშტერა? იმასთან რომ არაა, იმიტომ ვერ ვპოულობთ. - ამ ბოლო დროს სულ სვამს... მთვარლი თუ დაჯდა... - კაი კაცო, გაჩერდი, კარგად იქნება ყველაფერი. სოფელში ხომ არ წავიდა?- საბაა წასული. - ახლა იმ ქალს არ გაუხეთქოს გული. - არა, კაცო, მოტვინამს რამეს. - ეგ სვამს სადმე, უეჭველი. - ეკას ძმამ დაიარა ყველა კლუბი. - დაიცა და სად მივდივართ ახლა? - რა ვიცი მე... ამის დედაც, გამისკდა თავი. - გააჩერე ცოტა ხანს. რატიმ მანქანა გააჩერა და საჭეს ჩამოაყრდნო თავი. - აუ ჩემი, თუ ეგ მართლა სადმე გდია და სვამს, ამოვალეწავ კბილებს. - დაწყნარდი რა, კარგად რომ არაა, შენც ხომ იცი. - პროსტა, ასე როგორ უნდა დაიკიდო კაცმა ყველაფერი ფეხებზე? თან მაგისი ჯანმრთელობის პატრონი, გული უჭირავს ხელით, თავს იკლავს? ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი რა. - დაწყნარდი რა გაყვირებს, ბიჭო, დამიხეთქე ყურის ბარაბნები ბარემ? - შეუღრინა გირგოლმაც. რატიმ მინა ჩამოუწია და სიგარეტს მოუკიდა. - დავრეკოთ პოლიციაში. - 48 საათი უნდა იყოს გასული... თან ხომ ვიცი, სადღაც გდია და სვამს და მერე მართლა მაცემინებს თავს... ეკამ დარეკა საავადმყოფოებში... - ევის უნდა დავურეკოთ! - თქვა გრიგოლმა გადაჭრით, - დარწმუნებული ვარ ეცოდინება, სად შეიძლება წასულიყო. - არ გამოვა... - რატომ? - ერთი ქალის დაწყნარება ხომ ძალიან მსიამოვნებს და ახლა ორი მამშვიდებინე რა, - გაბრაზებულმა თქვა რატიმ და მერე ორივეს გაეცინა. - ტბაზე იქნება ეგ, - თქვა გრიგოლმა მცირე ხნის შემდეგ. - სად ტბაზე. - ქალაქგარეთ, ტბაზე რომ დავდიოდით სტუდენტობისას, არ გახსოვს? - ის ტბა რამ გაგახსენა? - რა ვიცი. - ამ შუაღამისას იქ რა ენოდემება? - რა ვიცი, მარტო ყოფნა რომ მდომებოდა, ალბათ მანდ ავიდოდი მე, - ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მერე მხარზე დაჰკრა ხელი, - უკეთესი იდეა მაინც არ გვაქვს და ასე ტყუილად დგომას... - არც შენ ხარ ნაკლები შერეკილი... დამიანეს მანქანა ნაძვების ქვეშ გაეჩერებინა. თავად კი ქიმზე იჯდა, ხელში თითქმის გამოცარიელებული არყის ბოთლი ეჭირა და სიგარეტს აბოლებდა. ტბის პირას რესტორნიდან მკრთალი სინათლე აღწევდა. გრილოდა. დამიანემ ბიჭების მისვლა ვერ შენიშნა, ან ყურადღება არ მიაქცია. მანქანის განათებაზე კარგად ჩანდა გადაქლეტილი ხელი და საგრძნობლად დასვრილი ტანსაცმელი. ცხადი იყო, წაქცეულიყო. რატიმ შორიდანვე ასტეხა ყვირილი: - თავმოყვარეობა აღარ გაქვს, ბიჭო? რა არის ეს დედაატირებული, სულ გაბომჟდი?! - გრიგოლი წინ გადაეღობა. ანიშნა დამშვიდდიო, თავად კი დამიანეს გვერდით მოიკეცა მიწაზე და ღიმილით უთხრა: - კარგად დაჭრილხარ. - დავჭრილვარ? არა, გრიგოლ. კი არ დავჭრილვარ, დავ ნამ ცეც დი, - დამარცვლა დამიანემ და არაყი მოიყუდა. - რა მომივიდაო?- იკითხა რატიმ. - მოვლენ ბეღურები და მარცვალ-მარცვალ ამკენკავენ... - სულ გარეკა ამან რა, - ისევ წამოენთო რატი. - წადი, რატი, დაეშვი შენ. მე და დამიანე ერთად წამოვალთ, - თვალი ჩაუკრა გრიგოლმა. რატი ერთხანს კიდევ ადგა თავზე ბიჭებს, მერე მიხვდა, ბოღმას გულში ვეღარ იტევდა და თუ არ დაუჯერებდა გრიგოლს, დამიანე ასე მარტივად ვერ გადაურჩებოდა მის რისხვას. - მიათრიე სახლში დროზე, - თქვა და მანქანისაკენ წავიდა. ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ. გრიგოლი ტბის კაფეს დაჰყურებდა. მუსიკის ხმები ქარს მოჰქონდა და მყუდროებას ფანტავდა. გრიგოლმა არყის ბოთლი გამოართვა დამიანეს და მოსვა. მერე ისევ უკან დაუბრუნა სასმელი და თვალი არ მოუშორებია კაფის პარმაღზე მსხდომი წყვილისთვის, ისე იკითხა: - გენატრება? დამიანემ ისეთი გაოცებული მოხედა, თითქოს პირველად დაენახოს. მერე მხარზე ხელი დაჰკრა, ისევ სივრცეს გახედა და თქვა: - ვიბრიდები, ბიჭო. - მერე? - რა მერე, გრიგოლ, რა მერე? - ადექი და წადი მასთან, შე ჩემა, ველად რომ გაჭრილხარ და იხრჩობ თავს, ეგ გიშველის? - სად წავიდე ან რა ვუთხრა რომ წავიდე? - რა გჭირს, ბებერო? პირველი იქნები თუ უკანასკნელი, ვინც ოჯახს დაანგრევს? არ გამოვიდა თქვენი ამბავი და დაიშალეთ რა. - ოჯახი... რა ოჯახი, ბიჭო, სად მაქვს ოჯახი, მაგას ოჯახი ჰქვია? - ჰოდა, მით უფრო. - ეჰ, გრიგოლ, გრიგოლ, ნეტა ასე მარტივად იყოს ყველაფერი. გრიგოლმა ისევ გამოართვა ბოთლი, ისევ მოსვა და უთხრა: - შენ ხარ ასეთი, სულ ასეთი იყავი, ყველაფერს შენ ართულებ... ცოტა მარტივად შეხედე რა. დამიანეს გაეცინა. - ევის მსგავს ქალებს, შე ჩემა, ასე მარტივად ვერ აქცევ ზურგს. უბრალოდ აღარ გინდა, ბრახ და წახვედი, - დამიანეს ისევ გაეცინა, - მით უფრო ასე მარტივად ვეღარ მიუკაკუნებ კარზე და ვეღარ ეტყვი: მოვედიო... ან კარიც რომ გააღოს, ეს დედააფეთქებლი კარი რომ გააღოს, ვინ დახვდება ამ კარში, ბიჭო, ან რას ვეტყვი საიდან მოვედი-მეთქი, ან საით მივდივარ-მეთქი, რას ვეტყვი... გრიგოლს მოეჩვენა, რომ დამიანე სრულიად ფხიზელი იყო, მის გონებაზე დაწოლილი ბინდი ალკოჰოლს კი არ მოეტანა, იმ ცეცხლის გამო შემოხვეოდა, რომელიც სხეულს მოსდებოდა და ანადგურებდა, ფერფლად აქცევდა. - რა შეგიყვარდა ეგეთი, თავს რომ იბრედავ? დამიანეს არაფერი უპასუხია. ჩუმად იჯდა. სიგარეტს მოუკიდა, უსიტყვოდ გაუწოდა კოლოფი გრიგოლსაც. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ. მერე გულისჯიბიდან საფულე ამოიღო, კარგა ხანს ეძებდა არეული თითებით საგრძნობლად გაწყალებულ ქაღალდს. ცოტა ხანს დაჰყურებდა და მერე კითხვა დაიწყო: „სულ ტყუილია ყველა გაქცევა, წვიმებს ხომ ვერსად დაემალები. გაუსაძლისი ღამეების შემდეგ, გავწვიმდები. დახუჭავ თვალებს, მაგრამ მაინც გაიგებ, მთელი ტანით იგრძნობ, ჩემი სულის ნაღვენთი როგორ მტკივნეულად ეხეთქება მინებს და თავს იხრჩობს დარდი. ისევ დალევ და კიდევ უფრო მოგენატრები. შენი ძარღვები აივსება ალკოჰოლით, ჩემი სისხლი კი უკვე დაშრეტილი იქნება და ამ დროისთვის ძარღვებში მხოლოდ წყენა და ტკივილი ივლის. საკუთარ თავს გამოიწვევ დუელში, მაგრამ წარსული ზურგზე დაგცემს და განთიადის პირს ეტყვი შენში მცხოვრებ, ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე ნაწილს, რომ ეს ერთხელღა, ეს უკანასკნელადაც დაარღვევ პირობას და მერე ისევ გააბამ სამანს - ღრუბლებს ჩვენ შორის. შენ დარჩები მიწაზე, მე კი ღრუბლები დამფარავენ და მარტოობისაგან გათანგულ ღამეებში, როცა მოგონებები დასახრჩობად დაგესხმიან თავს, გაგახსენდება, რომ ღრუბლებს მიღმა ცაა, დედის თვალებივით სუფთა. შენ კი, როცა დილა მოვა და ვერ მოგიტანს განთიადს, ირგვლივ მიმოიხედები და დაინახავ, რომ მიწა გამომშრალი და ბერწია. მიწა უძლურია, მიწას არც შენი მიღება შეუძლია და არც სიტყვების ესმის. მე კი ვიქნები სამანს იქით, ვიქნები ღრუბლებს ზემოთ და შენი ხელები ჩემამდე ვეღარ მოაღწევენ. მოგაგონდება, რომ იყო დრო, როცა მაგ ხელისგულში ჩვილი ბავშვივით თავსდებოდა მთელი სამყარო და შენ იყავი ბატონ-პატრონი, შენ შეგეძლო ყოფილიყავი მეტი, ვიდრე ადამიანი. შენ სრულყოფილება შეგეძლო, მაგრამ შეგეშინდა. სიყვარულმა შეგაშინა, რადგან ის არ სცნობდა წეს-ჩვეულებებს, ის ყველა კანონს ანადგურებდა. შენ შეგეშინდა, რადგან მე მეტი ვიყავი, ვიდრე ქალი და მიხვდი, რომ მეტის მოთხოვნა შემეძლო, ვიდრე შენ გქონდა და შეგეძლო, რომ გაგეცა. მე კი ვიქნები ღრუბლებს ზემოთ და ხანდახან, როცა ვეღარ შევძლებ ჩემი ატირებული სულის დამშვიდებას, გავწვიმდები და ნუ შეაქცევ ამ დროს ფანჯრებს ზურგს, გამოდი გარეთ, რათა შენს კისერში ჩავყო ჩემი გაყინული თითები და კიდევ ერთხელ ვიგრძნო შენი კანის მხურვალება, კოცნებად დავტოვო წვიმის წვეთები და შეგახსენო, რომ მე ის ვარ, ვისაც შეეძლო შენი განღმრთობა, შენ კი კაცად დარჩენა არჩიე. მე კი ახლა ღრუბლებს ზემოთ ვარ, და ველი ღამეებს, მარტოობით დაღლილ ღამეებს. შენ ზურგშექცევით იჯდები ფანჯარასთან და ეცდები თვალები მაგრად დახუჭო და არ დამინახო. ჩემი ცრემლი კი მინას დააკვდება და დატოვებს ნაკვალევს. სულ დახუჭული ხომ ვერ გექნება ეგ თვალები. ვიცი, მოგიწევს შებრუნება. იძულებული გახდები დამინახო და მაშინ მე უკვე აღარ ვიქნები. მაშინ მხოლოდ ჩემი ნაკვალევი იქნება. მოგინდება ჩემს გზას დაადგე. გამოჰყვე ჩემს გზებს, მაგრამ შენთვის ის უკვე ძალიან შორი და მიუწვდომელი იქნება, ძალიან შორი და ცივი. მე კი სადამდეც შემეძლება ვიყვირებ, ჩამოვიქცევი, დავიღვრები წვიმად და როცა აღარ გეყოლები, წავალ და მიწა მიიღებს ჩემს ტკივილიან, მრავალტანჯულ სხეულს და მერე... შენ მებრალები, როგორ გინდა გააგრძელო არსებობა უჩემოდ, ასე ნახევარმა?“ გრიგოლმა იგრძნო როგორ დაუარა ჟურნატელმა, როგორ ეტკინა დამიანეს ტკივილი, როგორ იგრძნო მოვალეობების ბორკილები, დაინახა კედელი, რომელიც ადამიანებს აღემართათ და ტოვებდნენ ამ კედლის მიღმა დამიანეს მსგავს კაცებს. - ერთხელ მითხრა, როცა მუზა ხარ სულ ერთია წასვლა და დარჩენა, ეს სულ სხვა ქიმიააო, - თქვა დამიანემ და ხმა დაეფშხალა, - სინამდვილეში, ცდებოდა. სანამ ჩემთან იყო, მზის სხივებივით მინათებდნენ თვალები, წავიდა და ჩამოდგა გაუფანტავი ბინდი, რომელიც ჯანღივით მოედო გულს და მატკინა უმისობა. დამიანემ კიდევ ერთხელ გააბოლა სიგარეტი და ცოტა ხანში გააგრძელა: - ახლა ჩემს წინ სოფლის შარასავით გაწოლილიყო ოღრო-ჩოღრო და ატალახებული წლები. მე კი ფეხშველა მივყვები გზას. ამის შემდეგ სულ ასე დასვრილს, ასე ეკლებშესობილს, ასე მიმართულება დაკარგულს მომიწევს სიარული. თითქოს გისოსებში ვარ. სამყარო დანაწევრებული ჩანს... ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. თითქოს ახლა მხოლოდ დასასრულის მოლოდინია... სიკვდილი კიდევ, - გაცინება სცადა დამიანემ, - სულაც არ გავს ლამაზ რომანებში დახატულ ამაღელვებელ ისტორიებს... სულაც არ ყოფილა იისფერი ქალი, მის მლაშე გემოსაც კი ვგრძნობ... სიკვდილი, ჩემო გრიგოლ, ერთი უსაშველოდ დიდი სიცარიელე ყოფილა... გრიგოლი გონებაში დიდხანს აწყობდა წინადადებებს. მაგრამ სამყაროში არსებულ ყველა ბგერას დაჰკარგვოდა ფასი, ყველა აზრი გაბითურებულიყო. ახლა იჯდა და ვერც ერთ სიტყვას ვერ პოულობდა. არც ერთი სიტყვა აღარ ჩანდა თვალსაწიერში, რომ ხელი ჩაეჭიდა, დაყრდნობოდა. ერთხანს კიდევ ისხდნენ, მერე დამიანე უსიტყოდ წამოდგა. გრიგოლიც ადგა. ქალაქი ნელ-ნელა იყრიდა ბინდს და სინათლე ედებოდა მხრებზე. გრიგოლს ფიქრი აჰყვა: „ჩვენ ყველა ერთმანეთს ვგავართ, ერთადერთი რაც განგვასხვავებს: სურვილია, დაუშვა შეცდომა და გამბედაობა - შენი სურვილი სისრულეში მოიყვანო. მხოლოდ შეცდომები გვაქცევს იმად, რაც ვართ. და მერე იმ გამბედავებისათვის იწყება გრძელი გზა ურწყულ უდაბნოში. სასიკვდილო ომში შედიხარ. იბრძვი და მთელი არსებით ცდილობ გაექცე საკუთარ თავს. უდაბნოს ქვიშა მომაკვდინებლად ცხელია და ფეხისგულები გეწვის. რაც უფრო ცდილობ დაშორდე შენს მეამბოხე ნაწილს, რომელიც მცოცავ მიწაზე გაწოლილა, მით მეტად უახლოვდები ტკივილს. და ხვდები, რომ აქ ამიერიდან, სულ მზე და გამომშრალი ჰაერი იქნება. აქ ყველა ნაბიჯზე მორიელის დაგესვლის უნდა გეშინოდეს, აქ სიკვდილია. ამ უდაბნოში, რომელშიც შენ აღმოჩნდი ოაზისი არაა - აქ წყალს ვერ ნახავ. ნებდები. ნაწილებად გეგლიჯება დამწვარი ხორცი, ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებ ტკივილს, მაგრამ არ უხმობ სინანულს, რადგან აქლემებზე შემომსხდარ, ერთ რიგად მიმავალი არსებებისგან სწორედ ეს განგასხვავებს - შენ შესძელი, შენ გეყო გამბედაობა დაგეშვა შეცდომა - ქცეულიყავი იმად ვინც ხარ - გამხდარიყავი ადამიანი. შენ შესძელი გყვარებოდა!“ დამიანეს კი სავარძელი გადაეწია, თვალები დაეხუჭა, ტუჩის კუთხეებთან ღიმილი ირეკლებოდა - საკუთარ ზმანებებს შეჰღიმოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მდა...ცოტა წარმოუდგენელია ასეთი სიყვარული და ასეთი დაბნეულობა 5 მდა...ცოტა წარმოუდგენელია ასეთი სიყვარული და ასეთი დაბნეულობა 5
1. ბოლო, ბოლო ეს დამიანე მართლა ქლიავი ყოფილა. ბოლო, ბოლო ეს დამიანე მართლა ქლიავი ყოფილა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|