ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2022


***

დავწერ და მერე ყველა ნაწერს ერთბაშად წაშლის
რაღაც დარდისგან მოგონილი ეჭვების თქეში.
დრო იცვლება და მეც იგივე ვერაფრით დავრჩი
და შენც ვერაფრით ვერ დაგტოვე იგივე ჩემში.

რაღაც გადატყდა სულში როგორც პრიზმაში სხივი
არა ფერებად, არა ნათლად, არამედ ღამედ.
განა ვიგონებ, ან ვიგინებ, ანდაც კი - მტკივა -
ეს ყველაფერი, სულ უბრალოდ, მინდა, რომ რასაც
მე გეტყვი ახლა, ანდა მითქვამს ათას წლის უკან,
მჯეროდეს მისი, თუმცა რწმენის რა ვიცი აბა.
როგორც გითხარი, დამიჯერე, მე გავხდი სულ სხვა
და ჩემში ძველი არაფერი ხმაურობს გარდა
სურვილის ვწერო. რამე ვწერო და ესეც ისე
გართულდა, თითქოს სტრიქონები ჩავაწყო უნდა
მასრებად ჩემს ძველ და ჟანგიან რვეულის მჭიდში
და თითის ერთი მოძრაობით გამქრალა სულაც
ეს გალაქტიკაც და მის იქით მოძრაობს რაც კი
ვარსკვლავი, ნისლი, პლანეტების სისტემა ანდა
ყველა სამოთხე, ჯოჯოხეთი თავისი არსით
მოპოვებით და დაკარგვით და იცოდე, ახლა
ამ წუთას მხოლოდ შენზე ვფიქრობ, ვფიქრობ და მაინც
ვერ მოვიფიქრე, როგორ მინდა მიყვარდე, უფრო
მეტიც, არ ვიცი შემიძლია თუ არა მსგავსი
სურვილი მქონდეს, უფრო სწორად, რამდენად უცხო
გავხდი საკუთარ ოცნებისთვის, რომელსაც ვხედავ
როგორც შენ გხედავ, როცა მინდა გხედავდე ცხადად.
მე მივხვდი, ერთ დღეს უმძაფრესი ვნებებიც კვდება,
იხრწნება, როგორც კაცი ვინაც სხეულში ჩაფლა
ზიზღის თოჯინა. ვიცი, როგორ ვეომო ღამეს
და ისიც ვიცი, როგორ უნდა დავმარცხდე მასთან,
ვიცი ცრემლი და უცრემლობის უსიტყვო მხარე,
ვიცი სიმართლე და მე მაინც არ ვიცი, რა ვქნა!

ირგვლივ ღამეა, მორიგეობს ცაზე მორიგი
სატელიტური სადგური თუ რაც ქვია, ერთი
მაგისიც... მაინც ვერ მოგძებნის ჩემთვის. ტყუილად
რატომ ვიდარდო მისი ბედი. ჩემივე ბედის
მწერალი ვერ ვარ. მივუყვები ხოლმე ამ მღვრიე
ქალაქის ქუჩებს. ვუსმენ, როგორ ხმაურობს მდორედ
ქალაქი, რომლის ძარღვებშიდაც მე ბევრი გდიე
და რომლისასაც დღესაც მწარედ ვიხსენებ ტორებს.
ვიხსენებ, როგორ "წავიქეცი ქუჩაში, მტვერში"
და მახსოვს ისევ ამ ქუჩის და ამ მტვერის გემო.
მახსოვს სექტემბრის მზეები და ნოემბრის თქეში
და ისიც მახსოვს, რომ ამ თქეშში მიყვარდი. მე რომ
მიყვარდი, ალბათ, აღარ გინდა გახსოვდეს, თუმცა
ვერ შევცვლით ამას. რაღაცები რაღაცად რჩება.
როგორც გითხარი, მე ხომ უკვე სულ სხვა ვარ, სულ სხვა
და შენც სულ სხვა ხარ, აუხსნელი კანონის ნებით
და სულ სხვა არის ეს სამყაროც და სულ სხვა არის
ყველა კი ვისაც მე ვიცნობდი ან ყველა რასაც
ვხედავდი, ვგრძნობდი შეგრძნებების მრავალი ფორმით,
ყველა სხვა არის, წერის მძაფრი სურვილის გარდა.

და ეს სურვილიც სიგიჟეა, თქმა უნდა, რაღა.
რას დავწერ ისეთს, არ დაწერილს აქამდე. ისეთს,
რაც ჯერ არასდროს მოხარშულა ვინმეში, თანაც
ჯერ არ უხილავს ოქროსფერი ვარსკვლავის ჩქიფზე
გამობმულ ბურთზე გადაშლილი ველების ფერი.
რას დავწერ ასე უსუსური, როდესაც ირგვლივ
რომელიღაცა მეათასე ზაფხული კვდება
და შუაღამეს ოცდაათზე მეტია სიცხე.
ვერაფერს ახალს... მეეჭვება სხვამ შეძლოს თუნდაც.
იცვლება დრო და დროსთან ერთად იცვლება აქვე
ხატება მათი, რაღაცის თქმა ვისთვისაც სურდათ,
თორემ სათქმელი იგივეა. სათქმელი ათრევს
მილიარდ რაღაც მეათასე ღამის სიკეთეს.
მიათრევს კვლავაც იმ ყველაფერს რაც დუღდა ჩვენში,
მაშინ როდესაც სულ პირველად დავწვით სიბნელე
ნამეხარ ხესთვის ართმეული ველური ცეცხლით.

სწორედ ამიტომ, გეუბნები, მე გავხდი სულ სხვა,
ჩემთვის უცნობი შეცდომების ჯამი ვარ ახლა
და ჩემში თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა სუნთქვა
რაღაცის წერის უმძაფრი სურვილის გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები