 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 24 აგვისტო, 2022 |
მტრედის ბუმბულს როცა აგროვებდნენ ბავშვები ხმაურით, იყო ერთი ჟრიამული, ეზოს აყრუებდა. ხშირად შენიშნავდით ზურგზე დაღმართ მოკიდებულს, როგორ უთმობდა ხალხი გზას სამბორბლიანი ყუთისკენ და თანმხლებ დაღრეცილი სახის ყოფილ ოთხფეხას ამრეზით, ჩუმად ერიდებოდა. ისიც განაგრძობდა მიზნისკენ მონდომებით, მაჯაზე გამობმული მოკაუჭებული ჯოხის მოძრაობას. რაღაც უჩვეულო რიტმში აქცევდა ადევნებულს, კუდი რომ ჰქონდა გაქუცული და მედიდურად მიჰყვებოდა ერთგულ დირიჟორს. ძაღლი კარგი მწვრთნელი აღმოჩნდა ადამიანის, თუმცა მანამდე ვინც ჰყოლია მისი ნიჭით და ბუნებით ვერ ვიტყვით აღფრთოვანებულა, ვერ ვიტყვით ნდობით გაკვირვებულა ან სულაც ზრუნვით. დღის სინათლეზე რაც ეცვა მოთვინიერებულს, თიქოს თანაბრად დაუპატარავდა სათქმელივით, რაც სულაც არ უნდა მივიჩნიოთ - ამოეწურა, ალბათ ყვრიმალებმა გადასანსლეს ნაწილნაწილ, თვალებში ჩაუსრისეს საყვედურის ქვეწარმავლები და სამუდამოდ ჩააქრეს. მტრედის ბუმბულს ხშირად აგროვებდნენ ბავშვები ხმაურით, თმებში იმაგრებდნენ, ჭყივილით იკლებდნენ ქუჩას, აკაპიწებული შარვლებიდან, მოუჩანდათ ფეხებზე იარები, ღმერთზე ნადირობა უნდა გამოსვლოდათ ადრე თუ გვიან. რა სილუეტი უნდა იმყოფინოს გზაწაშლილმა, თუ არ მიუმარჯვა მნათობმა სხივი, როგორც მინავლებულ ცეცხლს ვიღაცამ შეშა.
23 აგვისტო 2022 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|