ბრაზი მქონდა და გავყვიროდი, ვალი მქონდა და არ ვჩიოდი, ქვა მიმქონდა და არ ვისროდი, სიტყვას ვუფხეკდი ფსკერს. კვალი მქონდა და ქარს მიჰქონდა, ხმის ამომღები არ მშიოდა, თანამზრახველი გაჰკიოდა, - ნუ ღრნი საკუთარ კისერს. ქვაბი მქონდა და კარი მქონდა, გულზე სიმივით ბზარი მქონდა, დაუცხრომელი ქარი ქროდა, ირგვლივ ბორგავდა ცა და, მივდიოდი თუ ვჩერდებოდი, დაუსრულებლად ვთოვდებოდი იქ ვცვიოდი და ვოცნებობდი, ჯერ არ ვიყავი სადაც.