 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2022 |
დაიჩრდილება ეს ცაც და ზეზეურად დაქანცულიც ჩამოიძინებს, მაშინ მოკრეფენ ამბებს კვრინჩხივით, ეკლიანი ტოტების მსგავსი ენებიდან ჯერაც უმწიფარს, პირშუშხასა და მლაშეს. აღარ მიიკრავს კეცი პურს, არ მიიკარებს კაცის გულიც სათნო სიმღერას, ქალის გული საიავნანო რიტმში იფეთქებს, ადამიანი გაცივდება ზამთრის წყალივით. ამბები სიკვდილს მნიშვნელობას გაუმძაფრებენ, ცოცხლად მყოფების დამსახურებით, ამბები უფრო მეტად ჭიკჭიკს აუმაღლებენ ჩიტებს მრგვალსა და გრძელფეხებიანს, მჩატე ბუმბულით დამძიმებულებს, ეს ცა კი ალბათ მიწა გახდება, ეს მიწა უკვე ზეცასავით იქნება მათთვის, ვინც დაიბადა, დაინგრა და ახლა უძრავად გვერდიდან უწევს თავისნაირ ახლო ნათესავს, ანდაც არავის. უძლურ ცხოვრებას გამიჯნული სამყაროდან ნეტავ როგორ ჩანს მზის ამოსვლა, ან სიხარული? იქნებ მხოლოდ თეთრი ზეწარის კადრია უცვლელი და გოროხების ფიცარზე დაცემის ხმას აქვს დედის თვალების ფერი, რომელიც სითეთრეს ამღვრევს ხანდახან...
29 სექტემბერი 2022 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა აპოკალიფსური სურათი დაგიხატავს...
რა აპოკალიფსური სურათი დაგიხატავს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|