| ავტორი: ნიკოლოზა ჟანრი: პროზა 4 ოქტომბერი, 2022 |
ჩა-ჩა-ჩა
ორი, სამი, ჩა-ჩა-ჩა, ორი, სამი, ჩა-ჩა-ჩა - ასეთ თვლას ხშირად გაიგონებთ სამეჯლისო ცეკვის სტუდიაში. ხმამაღლა, ომახიანად ითვლიან ხოლმე პედაგოგები, რომ გადაფარონ რაღაცნაირად მომაჯადოებელი ლათინო-ამერიკული მუსიკა, რომელიც ქორეოგრაფიის ახსნის დროს დაბალ ხმაზეა ჩართული, მაგრამ აუცილებლად იტაცებს ყურს და სხეულში დაუკითხვად აღვიძებს კეკლუცი, თავისუფალი ცეკვის სურვილს. თავისუფლების, კეკლუცობისა და მუსიკის სიყვარულის გამო მოვხვდი შემთხვევით სამეჯლისო ცეკვის სტუდიაში უკვე ოცი წლის ასაკში, როდესაც პროფესიონალ მოცეკვავეობაზე ოცნება დაგვიანებული იყო, მაგრამ ცეკვის სამყაროში მოყვარულის სტატუსით ყოფნაც წლების განმავლობაში აფერადებდა ჩემს ცხოვრებას. იმ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი სწავლა და კარიერა იყო. არც თუ ისე არასერიოზულ პროფესიას - იურისტობას ვიყავი შეჭიდებული, არც ფინანსები მიწყობდა ხელს რომ ცეკვას სერიოზულად მოვკიდებოდი და ვერც შესაბამის პარტნიორს გადავეყარე, თავისუფალი გრაფიკით ვსტუმრობდი ხოლმე ცეკვის სტუდიას, რომ ცოტა ხნით მაინც ჩამესუნთქა ჯადოსნური ჩა-ჩა-ჩა, სამბა, რუმბა და ა.შ. იმ ჩვეულებრივ დღესაც დრო ვიხელთე, გამოვიპარე სამსახურიდან ადრე და გავქანდი სტუდიაში, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარე სკოლაში. ცოტა მოძველებულ მაგრამ თავისებურად მომხიბვლელ დიდ დარბაზში, გასული საუკუნიდან შემორჩენილი, შეძლებისდაგვარად მოპრიალებული, ლამაზ ორნამენტებად დაგებული ხის პარკეტი და ცოტათი უკვე ჟანგმოდბული, მაგრამ თავმომწონე, უზარმაზარი ჭაღები გულამოსკვნილი ცეკვის სურვილს ყოველთვის მიჩენდა, მაგრამ როგორც წესი, კუთხეში ჩემთვის წავარჯიშება და პატარა სოლო ქორეოგრაფიის ნაგლეჯი შემრჩებოდა ხოლმე. თუმცა, ამაზეც თანახმა ვიყავი. დაიწყო გაკვეთილი. - ორი, სამი, ჩა-ჩა-ჩა, ორი, სამი, ჩა-ჩა-ჩა....... გაჰყვიროდა მასწავლებელი და ახალ ქორეოგრაფიულ ნაერთს ხსნიდა ახლების ჯგუფში. არ მახსოვს დახმარება მთხოვა თუ რატომ აღმოვჩნდი ჯგუფის წევრებს შორის, მაგრამ როდესაც ბიჭებს მოუწოდეს პარნიორები აირჩიეთო, ჩვეულებისამებრ გარიდება დავაპირე, როდესაც ერთი ბიჭი გადაწყვეტილად გამოემართა ჩემსკენ. მოულოდნელობისგან თუ ჩალისფერი თმებისა და ბრჭყვილა მწვანე თვალებისგან დაბნეული იძულებული გავხდი დავთანხმებოდი. ძალიან პატარა კომპოზიცია წავიცეკვეთ, ზედმეტ კონტაქტს და შეხებას არ მოითხოვდა, სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც კი ხელი მომკიდა უცნაური ენერგია გამოასხივა, სრულიად გავანათე, სითბო ჩამეღვარა სხეულში და პეპლები აწრიალდნენ მუცელში, ვიფიქრე, ახლა რომ ჩამეხუტოს ალბათ გადავირევიმეთქი.... არ გამოვლაპარაკებივარ, თავაზიანად გავეცალე, მაგრამ ის მომენტი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში..... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აქ ყველაფერი არ დამთავრებულა. ...
ნოემბრის სუსხიანი, რუხი საღამო იყო. გაკვეთილის შემდეგ ცეკვის დარბაზიდან რომ გამოვდიოდი ჩალისფერთმიანი და მწვანეთვალება, იმ მომენტისათვის უკვე ჩემთვის საინტერესო ბიჭი, რომლის სახელიც ვიცოდი, მაგრამ ვცდილობდი არ დამემახსოვრებინა, კარებთან დამეწია და შემახსენა, რომ რამდენიმე დღის წინ დავპირდი, მის ყავაზე დაპატიჟებას მივიღებდი. რადგან დავპირდი, სხვა რა გზა მქონდა, უნდა გავყოლოდი. არც ვიყავი წინააღმდეგი გამეცნო ეს სიმპათიური ზურა, რომელიც ძალიან სასაცილოდ იქნევდა თეძოებს გახურების დროს, მაგრამ მიმზიდველად გამოიყურებოდა, როცა გამიღიმებდა და თავშეკავებულად თავს მაწონებდა. სტუდიის წინ გადავედით კაფეში ზურა, მისი მეგობარი და მე. კაფე არ მომეწონა, მისი მეგობრის იქ ყოფნის საჭიროებასაც ვერ ვხვდებოდი, მაგრამ თავაზიანობა მოითხოვდა დავრჩენილიყავი და ერთი ფინჯანი უვარგისი ყავაც გამესინჯა. დავიწყეთ სტანდარტული საუბარი ერთმანეთის საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილისა და მსგავსი არაფრისმთქმელი თემების შესახებ. ზურა ცდილობდა თავდაჯერებულად დაეჭირა თავი, თუმცა ხვდებოდა, რომ რთული იყო ჩემი ყურადღების მიპყრობა, მისი საუბარი ინტერესს არ იწვევდა, ვერ აკონტროლებდა სიტუაციას ბოლომდე, მაგრამ ვატყობდი, რომ დანებებას არ აპირებდა და ეს მომწონდა. უცებ საუბარში სხვათაშორის ახსენა, რომ ცოლი ჰყავს და ორი შვილი. თითქოს უნდოდა, ჩვეულებრივად თავის ბიოგრაფიულ მონაცემებში მოექცია ეს ინფორმაცია, თან აკვირდებოდა ჩემს რეაქციას. ფაქტი ფაქტად მივიღე, კომენტარი არ გამიკეთებია, გულში კი გავიფიქრე, ეს სულელი ხომ არ არისმეთქი. ჯერ თავისი ბანალური კაფეში დაპატიჟებით და უინტერესო საუბრით მომაბეზრა თავი და ახლა რატომ აქვს იმედი რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ რამეზე კიდევ წამოვეგებიმეთქი. აღელვება და აღშფოთება მივაწყნარე ჩემს თავში, კიდევ რამდენიმე წუთს ვესაუბრე. შემდეგ გამოვაცხადე, რომ უნდა გავსულიყავი. მინდოდა გავცლოდი ამ ორ მამაკაცს, რომლებთანაც ფაქტობრივად საერთო ენა ვერ გამოვნახე. ზურამ მთხოვა ცოტა ხნით დავრჩენილიყავი და შემდეგ გამაცილებდა სახლამდე. ვიცოდი, არ უნდა გავჩერებულიყავი, მაგრამ ჩამოვჯექი. რამდენიმე წუთში ერთად გავედით. ზურას მეგობარი კი გაგვეცალა, მაგრამ უარესი თავსატეხი დამრჩა. ზურას მანქანაში დაძაბული ვიჯექი, ერთი სული მქონდა სახლამდე მივსულიყავი, რომ ამ გაუგებრობას და ამ ბიჭის ბრჭყვიალა თვალებს, რომლებშიც მაინც უნებურად რაღაცას ვეძებდი, გავცლოდი. ჩემი კორპუსიდან ცოტა მოშორებით ვთხოვე გაჩერება, ვჩქარობდი მანქანიდან გადასვლას. გააჩერა და ოდნავ გამოიწია ჩემსკენ, შეეცადა ეკოცნა. მოვიჭიმე, გავღიზიანდი, თან არ მინდოდა აღშფოთება შემემჩნია, თავში დატრიალდა ფიქრები: ცოლი ჰყავს, ეს დაუშვებელია, მან არ უნდა იფიქროს, რომ ეს მაწუხებს, რადგან ჩათვლის რომ მომეწონა, უნდა გადავიდე... კარები გავაღე და უზარმაზარი ტლაპო დამხვდა. გავწევ მანქანასო, მითხრა. მოვხურე კარები. მანქანა არ დაძრა, თავი დამადო მკერდზე და გაყუჩდა. ხმა ვერ ამოვიღე, საოცარი წამი იყო, ყველაფერი გაირინდა, მინდოდა გულიდან ეს სითბო არასოდეს გამეშვა, ინსტინქტურად მოვხვიე ხელები თავზე და გავყუჩდი. ბნელოდა, წვიმიანი ამინდი იყო, ჩვენ თითქოს ვანათებდით და სითბოს ვაფრქვევდით, იმ მომენტში იქ რაღაც ენერგეტიკული აფეთქება მოხდა და ჩვენი ვარსკვლავი აინთო. ზუსტად აღარ მახსოვს როგორ გამოვერკვიე, გადმოვედი მანქანიდან და გზაში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი პაემანი იყო, მას ცოლი ჰყავს და შეუძლებელია ჩვენი დაახლოება. მე ხომ ყოველთვის ამაზრზენად მიმაჩნდა ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობა. *** შეგვიყვარდა ერთმანეთი. ტკივილიანი, ცრემლიანი, ბედნიერი ხუთი წელი გავატარეთ ერთად. ვერ ვბედავდი ვერავისთან თქმას, რომ ცოლი ჰყავდა, საკუთარ თავთანაც ვერ ვთანხმდებოდი ამ საკითხზე, ყოველ ღამე თავს რომ დავდებდი ბალშიზე, ვგრძნობდი ერთდროულად ბედნიერებას, ტკივილს, ეჭვიანობას. გულწრფელად მიყვარდა და მასაც თურმე ვყვარებივარ, მეგონა რომ ამის გამო მეკუთვნოდა მე ის და მე ვეკუთვნოდი მას. ცოლს არ შორდებოდა, ბავშვებს უმამოდ ვერ დავტოვებო. ვითმენდი, მეგონა მის გარეშე უფრო ცუდად ვიქნებოდი, ის ვარსკვლავი ანათებდა, ის უხილავი ყველაზე ნაზი, მსხვრევადი და ამავე დროს, ყველაზე ძლიერი სამყარო რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა შევქმენით, ჩვენი სიყვარულით ავავსეთ და ვუფრთხილდებოდით, ვეფერებოდით, გვტკიოდა, გვეშნოდა, გვრცხვენოდა და მაინც ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოვდიოდით. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ასეთ დროს არ არსებობს სწორი და არასწორი საქციელი, ასეთ დროს არსებობს სამყარო, სადაც სიყვარულია და სამყარო - მის გარეშე, იქ უნდა გააკეთო არჩევანი. წლების მანძილზე უახლოეს მეგობრებსაც ვერ გავუმხილე ეს ამბავი, მეგონა იმედს გავუცრუებდი, დავკარგავდი, ვაწყენინებდი. არადა ეს სიყვარულის მორევი მითრევდა, რაც დრო გადიოდა ტკივილიც იმატებდა, ვეხვეწებოდი წადიმეთქი, მე ვერ მივდივარ, შენ წადი და მიხედემეთქი ოჯახს. არ მიდიოდა... ამ ურთიერთობის წლებში მე გავხდი ქალი. ეს იყო გოგოს ქალად გადაცევა, იმ საოცარი სამყაროს აღმოჩენა საკუთარ თავში, რასაც ჰქვია ქალი. თავიდანვე ტრაგიკული ქალი დაიბადა პატარა გოგოში რომელიც ყველაგნ სამაგალითო იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა, უნივერსიტეტში კიდევ უკეთესად, სასიამოვნო გარეგნობაც ჰქონდა, ცეკვდა, ერთობოდა, მეგობრები ჰყავდა, თითქოს არაფერი აკლდა, ბედნიერი იყო, იშრომა, იწვალა, მიიღო იურიდიული განათლება, რაც 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანის დასაწყისში არც თუ ისე შეძლებული ოჯახის შვილისთვის ძნელად მისაღწევი იყო. მსიამოვნებდა ყოველთვის მეცადინეობა, ვიცოდი ეს მომიტანდა მეტ თავსუფლებას. სწავლის პერიოდში ბიჭები რომ მეპრანჭებოდნენ, ვერც კი ვხვდებოდი რა უნდოდათ, რას მოელოდნენ ჩემგან, მე ხომ ასეთი დაკავებული ვიყავი ჩემი მიზნებით. დამამთავრებელ კლასებში კი ავიჩემე ერთი ბიჭი მიყვარსმეთქი, ლექსებსაც ვწერდი და ზოგჯერ გულიც თითქოს მტკიოდა, მაგრამ ეს იყო გატაცება, რომანტიზმით გართობა, ჩემი ქალური ბუნების ინტელექტუალური ხერხებით გამოხატვის მცდელობა. ასე მივედი 24 წლამდე. ზურა რომ გამოჩნდა, უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, ვმუშაობდი, უკვე მეორე სამსახურში რომელიც მე არ მიძებნია, დამეცა თავში, ისევე როგორც პირველი. თითქოს უკვე კარიერულად რაღაც ეტაპზე დავდექი, დავწყნარდი და როგორც ჩანს შინაგანად მზად ვიყავი ქალი მეპოვა საკუთარ თავში. შეუძლებელია ქალი იყოს წარმატებული და ბედნიერი, თუ მან საკუთარ თავში არ გახსნა სასურველი, საყვარელი ქალის ფენომენი. მე ზურამ დამარწმუნა, რომ მისთვის ვიყავი ყველაზე ლამაზი, მიმზიდველი, სექსუალური. და აქ ვიპოვე ჩემს თავში ახალი პიროვნება, ახალი ბედნიერება, თავისუფლება. იფეთქა სიყვარულმა, რომელიც მინდოდა უსაზღვროდ გამეცა. ჩემი პატარა-პატარა კომპლექსები სადღაც მიიჩქმალა და ვგრძნობდი შინაგანად რაღაც ძალას, ენერგიას, ქუჩაში რომ გამოვდიოდი მომქონდა თითქოს მთელი სამყარო, სიყვარულით, ქალურობით სავსე. ზურა მეუბნებოდა ხოლმე, ვგრძნობ ჩემი სუნი აგდისო, მინდა სულ თავაწეულმა და ბედნიერმა იაროო. მან იცოდა მე ბევრს ვტიროდი, მტკიოდა მისი ცოლის არსებობა, მცხვენოდა რომ ურთიერთობის დამალვა გვიწევდა, მაგრამ არ ვიცი როგორ ახერხებდა რომ ყოველი ძილის წინ ტირილს სიცილით მიცვლიდა, დილით ადრე მირეკავდა, სანამ ფიქრები წამიღებდა და მახსენებდა რომ მთელ სამყაროში ყველაზე სასურველი ქალი ვიყავი. მეც ვდგებოდი, ჩავიხედავდი სარკეში, გავკეკლუცდებოდი, მოვწესრიგდებოდი და გავდიოდი სამყაროს დასაპყრობად. ამ ძლიერი თავისუფალი თავნება ქალის შიგნით კი ერთი აცრემლებული ქალი ცხოვრობდა და ეს მხოლოდ მე და ზურამ ვიცოდით. ერთად რომ გვხედავდნენ შურდათ, ვერ ხსნიდნენ რატომ ვანათებით ასე. ალბათ იმიტომ, რომ ორივემ ვიცოდით დრო ცოტა იყო, სამუდამო ერთგულებას ვერ შევფიცებდით ერთმანეთს და ყველა წუთი იყო დათვლილი. ეს რაღაც მუხტს მატებდა ურთიერთობას. სავსე იყო გარშემო მთელი სამყარო უსაზღვრო სიყვარულით და ტკივილით, უნდა მოგვესწრო, რაღაც უხილავი ძალა გვექაჩებოდა ერთმანეთისკენ, ყოველგვარი რაციონალობისგან შორს. ასეთ დროს რაც უფრო შორს მიდიხარ, უფრო უახლოვდები უფსკრულს, მაგრამ ნაბიჯს უჩქარებ და მაინც გარბიხარ ... თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე პატარა კაფეში ლათინურ მუსიკას უკრავდა ერთი ჯგუფი. ამ კაფის ხშირი სტუმარი ვიყავი. ერთი საღამო დამამახსოვრდა განსაკუთრებით. შავი ქუსლიანი მოხდენილი ჩექმები მეცვა, შავი ელასტიკი და მტრედისფერი ჟაკეტი. ზურას ზედმეტად თბილი ჯემპრი ეცვა და რაღაც უღიმღაო ჯინსები. თვალები უბრჭყვიალებდა როგორც ყოველთვის. შევედით კაფეში, დავსხედით, რამდენიმე საათი გვქონდა ამ სამყაროდან მოწყვეტისთვის, არ გვახსოვდა რომ არსებობდა უამრავი მიზეზი რატომაც ერთად არ უნდა ყოფილიყავით. ზურა იცნობდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, იცოდა, მათი რეპერტუარიდან გამორჩეულად რომელი სიმღერა მიყვარდა. მივიდა, ჩასჩურჩულა და რამდენიმე წუთში დაუკრეს. მომენტალურად სასიამოვნოდ ამაფორიაქა ლათინური მუსიკისთვის დამახასიათებელმა უსაზღვრო თავისუფლებამ, ხალისმა, ბედნიერებამ და სადღაც შეფარულმა ტკივილმა. დავიწყეთ ცეკვა. მაშინ არ ვფლობდით სოციალური ცეკვის იმპროვიზაციიის ტექნიკას, მაგრამ მუსიკა, ქიმია, ცეკვისა და ერთმანეთის სიყვარული გვაცეკვებდა, ორნი კი არა ერთი მთლიანი ვიყავით, ვცეკვავდით იმ ჩვენს სამყაროში სადაც მხოლოდ სიყვარული, მუსიკა, თავისუფლება და ფერები იყო. არ გვახსოვდა გარშემო რა ხდებოდა, ვინ გვიყურებდა, რას ფიქრობდა. სადღაც შიგნით ვიყავით იმ ენერგიაში რომელსაც ვასხივებდით. მოტრიალება, გადაწყვენა, ერთმანეთის მზერის დაჭერა, დავშორდით, ერთმანეთს, მივუახლოვდით, ავჩქარდით, შევნელდით, არც ერთი ნასწავლი მოძრაობა, მაგრამ არც ერთი ყალბი ემოცია არ ყოფილა, არც ერთი წამი ქიმია არ შეწყვეტიელა, იმ ცეკვაში მოვყევით ჩვენი ამბავი. თუნდაც ამ მომენტისთვის ღირდა ალბათ პირველ პაემანზე უგემური ყავისა და ნერვებისმომშლელი საუბრის ატანა. დრო გადიოდა, მე სხვა ცეკვის სტუდიაში გადავედი, ზურა აღარ დადიოდა ცეკვაზე. გაკვეთილიდან რომ გამოვდიოდი მხვდებოდა კარებთან და ყოველ ჯერზე ისე ველოდებოდი როგორც პირველად. მოვფრინავდი კიბეებზე, როგორც კი მოვკრავდი თვალს მისი მანქანის ფარს, დავადინჯებდი ნაბიჯს და კეკლუცად ვჯდებოდი მანქანაში. ერთხელ სტუდიის წვეულებაზე წავედი, ერთ პატარა ბიჭს ვეცეკვებოდი ზურა რომ შემოვიდა, შევამჩნიე რაღაც არ ესიამოვნა. შემდეგ მე და ზურამ ჩვენთვის კუთხეში დავიწყეთ ცეკვა და უცებ წრეში მოვექეცით, სამბას მუსიკა ისმოდა, ზურამ არ იცოდა კონკრეტულად სამბას ცეკვა, მაგრამ მაშინდელივით მუსიკაში ავფეთქდით, ჩვენი ბედნიერება გადავდეთ ყველას, რომ გამოვერკვიეთ სტუდიის ქორეოგრაფი მოვიდა, გაოცებული მეკითხებოდა აქამდე სად მალავდი ამ ბიჭსო, შემდეგ ერთი გოგონა დაინტერესდა, რა ცეკვას ცეკვავდითო. სახელი არ ერქვა ჩვენს ცეკვას, ჩვენს ისტორიას ვცეკვავდით. წვეულებიდან რომ გამოვედით, ვკითხე რატომ გაბრაზდი იმ ბიჭს რომ ვეცეკვებოდიმეთქი, პატარა ბავშვი იყო, მასზე როგორ იეჭვიანემეთქი. მიპასუხა, ისეთი ლამაზი იყავი რომ ცეკვავდი, არ მინდოდა ვინმე შეგხებოდაო.
… ჩემი მეზობელი მაკა დეიდა ერთი უბრალო კახელი ქალი იყო, რომელმაც სამკერვალო საწარმო შექმნა თბილისში 90-იანი წლების მიწურულს, საყოველთაო გაჭირვების, უშუქობისა და უყველაფრობის დროს. იმ დროისათვის ასეთი მცირე ბიზნესის აწყობა პატარა საქმე ნამდვილად არ იყო, რადგან საბჭოთა კავშირში გაზრდილ ჩვენი მშობლების თაობას ჯერ კიდევ გააზრებული არ ჰქონდა რას ნიშნავდა კერძო საკუთრება, ბიზნესი, კერძო საწარმო. კანონმდებლობამ 90-იანი წლების დასაწყისში თეორიულად გახსნა შესაძლებლობები, მაგრამ პრაქტიკულად ადამიანები ვერ ხვდებოდნენ მოპოვებული სახელმწიფოებრივი თუ ქონებრივი დამოუკიდებლობა როგორ უნდა გამოეყენებინათ. მოკლედ, მაკა დეიდამ თავისებურად შეძლო ამ რთული მოცემულობის აღქმა და პატარა საწარმოში დასავლური კურსის აღებას შეეცადა, რის გამოც საერთაშორისო პროექტში მიიღო მონაწილეობა და უცხოელი ექსპერტის დამხარების მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. გამოუგზავნეს ჰოლანდიელი სპეციალისტი ბატონო ვან-გაალი, რომელთან ერთადაც სტამბოლში მოუწია შეხვედრებზე გამგზავრება. რადგან თავად ინგლისურს არ ფლობდა, ვერც მისი და ბატონი ექსპერტის და ვერც მთელი დანარჩენი სამყაროს კომუნიკაცია თანამედროვე ტექსტილის შესაძლებლობებზე, ვერ შედგებოდა თარჯიმნის გარეშე. მაკა დეიდა დედაჩემთან მეგობრობდა, თან იცოდა, რომ სამეზობლოში ხმები დადიოდა ჩემზე კარგად სწავლობს და ინგლისური იცისო. ამიტომ, თარჯიმნის როლზე დამამტკიცა და სტამბოლში წამიყვანა 2008 წლის აგვისტოში. 8 აგვისტოს, უკვე ჩემოდნებს ვალაგებდით, თბილისში დასაბრუნებლად ვემზადებოდით, როდესაც თავზარდამცემი ინფორმაცია გავრცელდა: რუსეთის ჯარი ცხინვალის მხრიდან მოემართებოდა საქართველოსკენ. სააკაშვილის ხელისუფლებამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რამაც კიდევ უფრო გაამწარა გაავებული ოკუპანტი და დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომად დაგვამახსოვრდა. მეორე დღეს აეროპორტში მისულებს გვითხრეს რომ ფრენა ვერ შედგებოდა, რადგან საქართველოს ცა უსაფრთხო არ იყო და თურქეთის ავიახაზები თავს იკავებდა სიტუაციის განმუხტვამდე. განუსაზღვრელი ვადით მოგვიწია სტამბულში დარჩენა. აეროპორტიდან მაკა დეიდას აღარ გამოვყევი, ის ოჯახთან ერთად სასტუმროში დაბრუნდა. მე კი ჩემმა ახლო ნათესავმა მაიკომ, რომელიც სტამბულში იყო გათხოვილი, თავის სახლში წამიყვანა. მე და მაიკოს ბაშვობა ერთად გვქონდა გატარებული და ამ საშინელ მომენტში ერთმანეთთან ყოფნა საუკეთესო რამ იყო, რაც იმ სიტუაციაში შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, როდესაც ორივეს მშობლები და სხვა უახლოესი ადამიანები საქართველოში ყოველ წუთს რუსული ტანკებისა და ბომბების გამოჩენას ელოდნენ. ვისხედით ყოველ დღე ტელევიზორთან აცრემლებულები, ვიგებთით ჩვენი სახლებიდან რამდენიმე კილომეტრში როგორ ვარდებოდა ბომბები, შეზღუდული იყო სატელეფნო და ინტერნეტ კომუნიკაციაც, ოჯახის წევრები ცდილობდნენ ბოლომდე არ გაემხილათ სიტუაციის სირთულე. მოგვიანებით გავიგე, რომ პაპაჩემი რომელიც გორში ცხოვრობდა, სარდაფში იმალებოდა და როცა ქალაქი დაბომბეს კატეგოროიული უარი განაცხადა სახლის დატოვებაზე. ერთ დილით ტელევიზორი ჩავრთე თუ არა პირველი ახალი ამბავი იყო, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა. ჩემი მშობლების სახლი სანზონაში ზღვიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, ზურა კი ვარკეთილში ცხოვრობდა - ასევე ზღვასთან ახლოს. სანამ დედაჩემთან და ზურასთან დაკავშირება და იმის გაგება შევძელი, რომ ყველანი უსაფრთხოდ იყვნენ, რამდენიმე საათი გავიდა. ერთადერთი რაც მინდოდა ყველაზე მეტად, იმ მომენტში, თბილისში ჩემებთან ყოფნა იყო. ყოველ საათში ვამოწმედით ფრენებს, ვერავინ გვეუბნებოდა როდის იქნებოდა შესაძლებელი გაფრენა. არ მახსოვს ზუსტად რამდენი დღე გავატარეთ ასე, დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა, შემდეგ საომარი მოქმედებები რომ შეწყდა და შედარებით დასტაბილურდა ვითარება საქართველოში თურქეთის ავიახაზებმა გარისკა და გაფრინდა. პირველივე თვითმფრინავში ჩავხტი. თბილისის აეროპორტში ბარგის ასაღებ ტერიტორიას და აეროპორტის მოსაცდელს მოძრავი კარები ჰყოფს. ბარგი რომ ავიღე და კარები გაიღო გამოვქანდი სწრაფი ნაბიჯით, გული ამოვარდნაზე მქონდა. დავინახე თეთრ მაისურში და ლურჯ სპორტულ შორტებში გამოწყობილი ზურა, რომლის მწვანე თვალები ელავდა და მომეჩვენა რომ გარშემო ყველაფერს ანათებდა. ეს კადრი არასოდეს დამავიწყდება...... არის ასეთი ნათებები ცხოვრებაში, რომლებიც ყოველგვარ ტკივილს ფარავს მეხსიერებაში და გაფიქრებინებს რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება. ასეთი მომენტები, როგორც წესი, რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ წლები შეიძლება გაუფერულდეს და ისინი მაინც არ კარგავს სიმძაფრეს. სახლისკენ მიმავალ გზაზე საჭესთან მჯდომი გამომხედავდა ხოლმე და ისე მიყურებდა როგორც არასოდეს შემოუხედავს. იმ გამოხედავში ჩანდა, როგორი ძვირფასი და საყვარელი ვიყავი მისთვის და ამ რთულ სიტუაციაში რამხელა ბედნიერება იყო, რომ ერთმანეთი ისევ დავინახეთ. ქვეყანა ინგრეოდა, ჰაერშიც დაძაბულობა იგრძნობოდა, მაგრამ აეროპორტიდან სახლამდე მთელი გზა მახსოვს, რომ ზურას თვალები ანათებდა, მანქანაში სიყვარული იფრქვეეოდა და ეს იყო ისეთი გულწრფელი სიხარული, რომელიც სიკვდილის შიშსაც კი აუფერულებს. *** იმ დღესაც ნოემბრის სუსხიანი, რუხი საღამო იყო. ზურამ ოფისში მომაკითხა, ბევრი მეფერა, ჩვეულებისამებრ არ ბეზრდებოდა სიყვარულის ახსნა. ოფისის სარეკლამო ფლაერები მქონდა ახალი დაბეჭდილი და ხალიასიანად გადავწყვიტეთ დაგვერიგებინა ახლო-მახლოს. გამოვედით ოფისიდან ბედნიერები. გარეთ მისი ცოლი იდგა... და ჩვენი ურთიერთობა დასრულდა... რვა წელი ვიგლოვე ეს სიყვარული. შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული. სიყვარულს თავგანწირვა, თავისუფლება, სიმამაცე და დაცვა სჭირდება, რაც მთავარია ერთგულება, ნდობა და გაფრთხილება, ალტრუიზმი და საყვარელ ადამიანზე უანგარო ზრუნვა. ზურას არ შეეძლო ამდენი, ვუყვარდი თავისებურად მთელი გულით, ეგოისტურად. სხვაგვარად უბრალოდ არ შეეძლო, მისი ემოციური ინტელექტი, შინაგანი ძალა და თავისუფლების ხარისხი ნამდვილი სიყვარულის გააზრების და განცდის საშუალებას არ აძლევდა. მას სავარაუდოდ, ახლაც ის ლამაზი, წარმატებული და თბილი გოგო ენატრება, ვისაც გარედან ხედავდა და ზედაპირულად თავისებურად გრძნობდა, მაგრამ მის სულში რა ხდებოდა ვერ მიხვდა. მან ჩემი სული ვერ შეიყვარა, გვიან მივხვდი ამას, მაგრამ მთავარია რომ მივხვდი. თუმცა, ამ ურთიერთობის წყალობით გავიაზრე, როგორი სიყვარული შემიძლია, დავრწმუნდი, რომ მინდა ვიცოცხლო მხოლოდ იმისთვის, რომ მიყვარდეს. საკუთარ თავში ამ უნარის/ნიჭის აღმოჩენის და განვითარების შემდეგ სხვანაირად განვიცადე სხვა ახლობელი ადამიანების სიყვარულიც. როდესაც ქალს მამაკაცი უყვარდება, მასთან ურთიერთობაში თავის თავს პოულობს, ყველაზე უკეთესი ქალი მასში ამ დროს იბადება და შემდეგ ის უკვე სამყაროს ხედავს სხვაგვარად. ამ ამბის შემდეგ მზად ვიყავი უფრო დახვეწილი სიყვარულისთვის, რომელშიც ჩემი რჩეული ჩემი თვალების ციმციმის მიზეზს ჩემს სულში მოქექავდა და ბედნიერი იქნებოდა იმით, რაც იქ დახვდებოდა. ნამდვილი სიყვარული ბრჭყვიალა თავისუფლებაა. თუ საყვარელი ადამიანის სულში იპოვი ამ გრძნობას, ის ღმერთს გაპოვნინებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნიკე, არაჩვეულებრივი სიტყვებია, მაგრამ მგონი მანდ უფრო მაღალი კატეგორიის სიყვარული იგულისხმება, რომელზეც მე ჯერ ვერ დავწერ, პატარა ვარ :) ნიკე, არაჩვეულებრივი სიტყვებია, მაგრამ მგონი მანდ უფრო მაღალი კატეგორიის სიყვარული იგულისხმება, რომელზეც მე ჯერ ვერ დავწერ, პატარა ვარ :)
6. "ერთ დღეს სიბრძნეც კი განქარდება და დარჩება მხოლოდ სიყვარული." "ერთ დღეს სიბრძნეც კი განქარდება და დარჩება მხოლოდ სიყვარული."
5. მადლობა, მუხა მადლობა, მუხა
4. მადლობა, მუხა მადლობა, მუხა
3. მომეწონა , ემოციური და მართლაც მშვენიერი თხრობაა იმედია სერიას გააგრძელებ მომეწონა , ემოციური და მართლაც მშვენიერი თხრობაა იმედია სერიას გააგრძელებ
2. მადლობა ქალბატონო მანანა მადლობა ქალბატონო მანანა
1. მომეწონა. თხრობაც კარგია და დასკვნაც წარმატებები 5 მომეწონა. თხრობაც კარგია და დასკვნაც წარმატებები 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|