ცა ისე მშვიდია, რთულია დაერქვას ამ ამინდს ამინდი, გამობმულია ოცნებები ბადეში ზეციურ თვლებით. ყოფ თავს ფანჯარაში, როგორც თოკში, ხედავ მოსაზღვრულ ნაკვეთს ზეცის და ხვდები - საყრდენი მიწის გამოცლა ნიშნავს აღსასრულს და ისევ მიწას. ფანჯრიდან გასვლა ნიშნავს აღსასრულს და ისევ მიწას. -დაინდე თავი შენი, დაინდე თავი შენი! - გეძახის, გიცავს ხეები, რომელნიც თუმც გამოკერილნი მიწაზე - მაინც მიიწევენ მაღლა და მაღლა. შეები, შეები კანონზომიერებას. როგორც ხეები ებმებიან ამ თარეშში და ამ თარეშით თუმც უსულოები - მაინც ქმნიან აღმასვლას. შენ კი გაუსულოებისას გადაგხატავენ საფლავის ქვაზე და ეს იქნება გადასვლა ჩარჩოდან ჩარჩოში. თავს იხსნი ფანჯრიდან და წვები ხის ქვეშ. მზერას აყოლებ ხის ხაზს, ხის გზას და ზეცაა იქვე. ბედნიერია ადამიანი, რომელიც ჩარჩოდან გადის. ის იქ არ მთავრდება, სადაც იწყება. ის წრეზე არ ტრიალებს. ის ლაბირინთში არ წრიალებს. ოცნება წრფეა. ოცნება წრფეა, თუმც მრავალი საინტერესო გადახვევით. უკან არ მიემართო, არ დამძიმდე. თორემ არიან ტოტებიც დაშვებული დედამიწაზე. უკან არ მიემართო, თორემ რთული გახდება, რთული გახდება დაერქვას ამ კავშირს კავშირი, გამოებმება ოცნებები ბადეში ზეციურ თვლებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|