ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 ოქტომბერი, 2022


დედის ნაჩუქარი ბეჭედი

ერთხელ ერთმა მანდილოსანმა ჩემს მარჯვენა თითზე ბეჭედი შეამჩნია და მკითხა: „ცოლიანი ხარ?“ არა, ცოლიანი არ ვარ, ეს ეკლესიური ბეჭედია, დედამ მაჩუქა. მარცხენა თითზე არ მომერგო და ამიტომ მარჯვენაზე გავიკეთე. მივუგე იმ მანდილოსანს, მანდილოსანმა შვებით ამოისუნთქა. ალბათ მოვწონდი და იეჭვიანა ჩემზე.

ეს ეკლესიური ბეჭედი ახლა აღარ მიკეთია, სათუთად ვინახავ, თვალისჩინივით ვუფრთხილდები. დედის ნაჩუქარს სულ სხვა ფასი აქვს. დედას ხომ ყველაფერი კარგი ემეტება შვილისთვის.

დედა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იყო, ჩემს ყველა საიდუმლოს მხოლოდ მას ვანდობდი, თვალდახუჭული ვენდობოდი. 53 წლის ასაკში გადაინაცვლა მარადისობაში.

დედაზე, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე, არაერთი ლექსი და სტატუსი დაიწერა როგორც პოეტების, ისე პროზაიკოსების მიერ.

დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, შენი განცდები, შენი ტკივილი, შენი საიდუმლო გაანდო. დედა საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა გააღმერთო დედისა და დედაშვილური სიყვარულის გარდა. ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ:

,,ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა“.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

ჩემი პოეტების სიაში პირველი ადგილი ლადო ასათიანს უკავია!

ლადოს პოეზიამ შემაყვარა პოეზია, ლადოს პოეზიის გავლენით დავიწყე ლექსების წერა 2005 წელს. ლადოს ლექსების კითხვაში ვაღამებდი და ვათენებდი.

სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა

დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა,
სიყვარულივით წმინდა თვალები,
ცოცხალი იყო, ლელო გამქონდა,
აღარ არის და... მწვავენ ალები.

დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა,
ფართოდ გახსნილი გულის კარები,
ვიდრე ჩემთვისაც აწვიმ - ათოვდა,
ჩემს თავს უქებდნენ ლამაზმანები.

ახლა სიცოცხლეს მასავით ვეტრფი,
ღმერთს ვევედრები ლექსის პწკარებით,
როცა წამიყვანს თავისთან ღმერთი,
იქაც ვიხილო დედის თვალები.

მჯერა: ზეციურ საქართველოში
გამიქარწყლდება სევდა - დარდები,
შევხვდები მშობელს კეთილი შვილი
და ხელმეორედ დავიბადები.

ოთარ რურუა

ფოტოზე: თამთა გრიგოლიასთან ერთად! თამთა სოხუმში დაბადებული გახლავთ. სულ რაღაც 7 წლის იყო, აფხაზეთიდან რომ გამოდევნეს არაკაცებმა. მას შემდეგ სოხუმი ერთხელაც არ უნახავს, დაბრუნება მისი ოცნებაა, ტკივილსა და ნოსტალგიას ლექსებში გამოხატავს. არასოდეს კარგავს აფხაზეთში დაბრუნების იმედს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები