ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზუ
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2023


ჩემი ეშმაკის დიდი შიშები

''- როგორ გგონია, რისი მეშინია?''
ეშმაკმა მომიწყო ცოდნის რევიზია.
-  წმიდა წერილის! - მყისვე ვუპასუხე
და გავიფიქრე, მოვიგე უკვე.
ეშმაკმა შემხედა და გამიღიმა:
''- განა უდაბნოში რას ვკითხულობდი?!
მისი ციტირების ვარ ვირტუოზი
ეტყობა შენთვის ვარ მე უცნობი.''
- ჯვრის, ნათლისღებისა და ზიარების!
დროზე გამახსენდა სადღაც წაკითხული
და გამიელვა თავში ფიქრებმა
ეშმაკის მცდელობა არის განწირული.
აქ ახარხარდა უფსკრულის გზავნილი
და გვერდით დამიჯდა სიცილით დაღლილი:
''- შენ მათ ეშმაკში ნუ შეგეშლები,
არ დაიჯერო ეგ ლეგენდები.
კარგად გაიხსენე დიდი ხუთშაბათი
და გაიხსენე რა მოხდა მაშინ,
ნაზიარები იყო იუდაც და
მე უშიშრად შევედი მასში.
არ მეშინია მე მისი ტაძრის
და კიდეც მოვაწყე იქ მსგავსი ბაზრის,
მან თუ ისურვა ამის ალაგმვა
დღესაც მიხვდები, რომ აქ დამარცხდა.
როცა ის მოვა, ჯვრებსაც იხილავს,
ნათლმიღებულებსაც და ნაზიარებსაც,
არც მეშინია რაც შენ ახსენე
და ვერას დამაკლებს იგი აგრეთვე.''
ის იცინოდა, მე კი გავმწარდი,
აქ მოსვენება დავკარგე სრულად,
ჩემს დასაპყრობად  იყო მოსილი,
და განწყობილი ჩემს მიმართ მტრულად.
''- კარგად მისმინე, ვიცი გსმენია.
კვლავ გააგრძელა თავისი ლექცია:
როცა ის მოვა, ჰპოვებს კი რწმენას?!
არა!
არ უნდა ჰპოვოს!
აი ამისი კი მეშინია.
არ უნდა ჰპოვოს მისი იმედი!
და რაც მთავარია,
არ უნდა ჰპოვოს მან სიყვარული!
აი ამისი - მე მეშინია.
გარედან სიყალბით შევფუთავ:
ყველა წოდებას, ყველა წესდებას,
ყველა მსახურებას და განკურნებას,
სიკეთის კეთებას და ზიარებას,
სანთლის დანთებას და ჯვრის ტარებას...
სიყალბის შიგნით კი იმეფებს ღალატი
მისი განგმირველი ახალი ჯალათი.
სამი რამეა, რაც არ უნდა ნახოს;
სამი რამეა, რისიც მეშინია:
რწმენის, სასოების და სიყვარულის
ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია!
რადგან სიყვარული მისი ტვირთია
და ძალა მისი ყოველზე დიდია,
ჩემია მხოლოდ შენი სიყალბე
რაზეც კი ოდესმე გაგიფიქრია.''

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები