ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
7 თებერვალი, 2023


მორევი

    კვალში ვედექი. ბილიკი გვარიანად გაჯაგულიყო. ეკალ-ბარდისაგან წმენდდა და საკუთარი სხეულით მიცავდა, რომ კანი არ დამკაწვროდა. უბრად მივდიოდით. ქიმზე გავედით.  მზე ის-ის იყო გადაიწვერებოდა. მდინარის კალაპოტი კლდემდე ატანდა. მოშხუოდა, მოჰქონდა თითქოს ქვეყნის გულში ჩაბუდებული საწუხარი, ვერ თქმული და  წვეთ-წვეთად ნაჟონი სხეულში. მოჰქონდა და ხმაურით ახეთქებდა კლდის კალთებს.
    შავი გულისპირი ჰქონდა მდინარეს, ისეთი მღვრიე და  საშიში, გზარავდა. წინ მიიწია. მეც წავდგი ბიჯი. მკლავში ხელი ჩამავლო და მთელი ძალით მომიჭირა თითები, თითქოს ეშინოდა კლდის ძირას მობობოქრე მორევს მეც არ ჩავეთრიე. უკან დამხია.  მიწაზე დაჯდა. გვერდით მივუჯექი. პატარა ქვები მოძებნა ხელით და მდინარეში ისროლა. ქვამ ჰაერი ხმაურით გაკვეთა და წყალში ჩაიკარგა. მეც მივბაძე, მაგრამ ნაპირამდეც ვერ მივაწვდინე. გამეცინა. თავადაც ღიმმა გადაურია.
-შენ წყლის ამბავი იცი?-უცხო  ხმით მკითხა და პასუხს არ დალოდებია ისე განაგრძო,-  მდინარეს ასეთი ბუნება აქვს, უნდა იდინოს,  დინებას უნდა მიჰყვეს. გრძელი გზის გავლა უწევს. რას არ გადააწყდება: დახავსებულ ქვებს, ურჩ კალმახებს,  ათასგვარ თავგადასავალს გაივლის მისი გული  და გზას გააგრძელებს...  უყურებ, თითქოს ვერც რას ამჩნევ, მდინარეა, მიდის, მიიკვლევ გზას, მაგრამ არასდროს იცი, გულში რა ორომტრიალი აქვს, რა გუნებაზეა, რას ფიქრობს და რას გიმზადებს.  შეხვალ გასაგრილებლად, მიენდობი, მაგრამ  იმ ამღვრეულ გუნებაზე მყოფ წყალთან თუ მოხვდი,  ჩაგმარხავს თავის ბოროტ გულში. ის წყალი კიდევ, შენ რომ დაგახრჩო, წავა, გააგრძელებს გზას, მაინც თავის დინებას დაუბრუნდება, იმ კალაპოტს არ გასცდება...  მაგრამ სულ ეხსომები, შენ, რომელიც იმ ცუდ დროს შეხვდი, მის გაველურებულ მკლავებს გადააწყდი და სიცოცხლეს გამოგასალმა, რომელიც იქნებ სადღაც,  გაგრიყა თავისი სხეულიდან ანდაც რომელიღაც შლამში დაგიდო  ბინა,  მაგრამ ვერ იქნება და ვერ დაგივიწყებს.
  ცოტა ხანს ჩუმად იყო.  ქარი უბერავდა. მციოდა. საკუთარ სხეულს ვიკრავდი გულში, მაგრამ ვერ მათბობდა, ან იქნება და ეს კანკალი რაღაც სხვა იყო, სულში აშლილი ქარიშლები მიგრილებდნენ იქნება სისხლსაც.
-წყალს მეხსიერება აქვს! - სრულიად დამშვიდებული ხმით განაგრძნო, - ვერაფერს ივიწყებს წყალი.  სულ ახსოვს. 
  გაეღიმა. ადგა. ხელი გამომიწოდა. ადგომაში დამეხმარა. წამოდი, ასე დავუყვეთო დინებას. ბინდდებოდა. მზე  ისე იძირებოდა მთებში, თითქოს მილიონი ბროწეული სკდებოდა. ახლა მხარდამხარ მივყვებოდი. მისი სიმშვიდე საბურველივით ედებოდა ჩემს სხეულს და უცნაურ ბურუსში მხვევდა. და მისი მხრის შემთხვევითი შეხება ჩემს სხეულს აზრს აცლიდა, ამიტომ თუ იყო, რომ ვერ იქნა და ვერ ვაიძულე საკუთარი თავი, მისი სიტყვების მიზეზებზე მეფიქრა. ამის საჭიროება არც დამდგარა, თავადვე გამიადვილა საქმე:
-შენც ასე ხარ, ჩემო გოგო, გარეგუნლად თითქოს შენც იმ წყლის წვეთებივით ჰგავხარ სხვა ქალებს.  სინამდვილეში კი, სულში დიდი მორევი გიტრიალებს. ეგ დუღილი შენს სულსა და სხეულში, საჩუქარია, მაგრამ შეიძლება წარმოუდგენელ სასჯელადაც გექცეს.  მაგ ძალას, სათნოება და გონება სჭირდება.
  ისევ გაჩუმდა. კლდე უკვე ჩამოგვევლო, ახლა მდინარის ქვიან სანაპიროზე ვიდექით. წყალი დავაკებულიყო, აქ უფრო მშვიდად მიჰყვებოდა კალაპოტს.  მე კი ვღელავდი. ჩემს სულში ყველა ტალღა ერთად აქაფებულიყო და აწყდებოდა სხეულს. ვიდექით პირისპირ. ჩვენ შორის არსებული მანძილი ვერ აოკებდა სურვილს:  თვალები დამეხუჭა, სხეული მისი მკერდისთვის მიმენდო და არ მეფიქრა არაფერზე. ყველა ფიქრი გამეშვა ღრმად დასაძინებლად, ყველა საღი აზრი გამეყოლებინა მდინარის დინებისათვის...
    ქარი მიწეწავდა თმას და ჩემი დაუვდევარი კულულები ხან თვალებში მებლანდებოდა და ხან მისკენ მიიწევდნენ.  ფრთხილად მოუყარა თავი ურჩ კულულებს და ყურს უკან გადამიწია. მისი დიდი თითები ყურის ბიბილოს შეეხო და  მზე წამეკიდა კანზე. ერთ ხანს შეყოვნდა ჩემს სხეულზე მისი ხელი.  ამ შეხებამ თუ იმ ცეცხლმა ჩემს სხეულს რომ შემონთებოდა, შეაკრთო და სწრაფად წაიყო თითები უკან.  თავისმავე შიშმა თუ გააცინა:
-ვინ იცის, რამდენ სულიერს დაატრიალებ შენს მორევში და რამდენ ადამიანს წაართმევ სიცოცხლეს. ხან იყოს კიდევაც ისეთი დღეები შენს ცხოვრებაში სულაც რომ არ გინდოდეს დათვლა მსხვერპლის, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყველა წყალს აქვს მეხსიერება და რამდენადაც უნდა ეცადოს, სულ ახსოვს ყველა კენჭი, რომელზეც გადაიარა. და ისიც იცოდე, რომ ყველა მორევი მშვიდდება ბოლოს და მერე იმ დაგუბებულ, მდგარ წყალში ყველა ხედავს იმ გვამებს, რომელიც მისმა ზვირთებმა თავისი რისხვის დროს შეიწირა.
  ახლა მისი ხმა სულ უფრო შორიდან მოდიოდა და გულამდე ვეღარ აღწევდა, რადგან გული ჩემი არ გავდა გავაკებულ წყალს, ის მორევი იყო. და საკუთარი გულისცემა ისე მესმოდა, როგორც წეღან კლდის ქიმზე მიმსკდარი ზვირთების გუგუნი.  და ჩემს მღელვარე სხეულს აღარ სურდა საკუთარ კალაპოტში დატევა, იმ საზღვრების დარღვევა სურდა, რომელიც მისთვის დაეწესებინათ. ამიტომ თუ იყო რომ წავდგი ნაბიჯი წინ. ისე შეირხა, თითქოს კავკასიონის გული მიწისძვრას შეერხიოს.  მე მის მკერდს შევახე ჩემი გაყინული თითები და არ ვიცი ხმამაღლა ვკითხე თუ  მხოლოდ ვიფიქრე, რომ ნაპირზე დიდხან ს და მშვიდად ჯდომას, კლდიდან ერთხელ გადახტომა სჯობდა მორევის გულში ჩასანთქმელად.  ის კი მიყურებდა და მიხვდი, ყველაფერი რაც წეღან თქვა, ჩემთვის არ იყო განკუთვნილი, მხოლოდ მას ეხებოდა, საკუთარ თავს არწმუნებდა  მხოლოდ და მხოლოდ. საკუთარ თავს იწვევდა დუელში... სულ უშედეგოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები