ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2023


კაბა-შარვალი


-
კარგა ხანია კაბა-შარვალი აღარ ამომიცვამს,
ისეთი სამოსია,
თითქოს სულ კაცი გყავს ზედ შემომჯდარი,
გადი-გამოდიხარ,
დაალაჯებ,
შენია ეს ქვეყანა,
არც ადიდებული ჭოროხის გადმოლახვა გინდა ვინმესგან.
გაზაფხულიც ხარ სულ ხვნა-თესვაში,
ხან - მიტოვებული
ხანაც - გამოტოვებული...

მოხუცი მარგო შემომყვირებდა ხოლმე მდინარის პირას:
კაბა ქვემოდან არ ამოიცვა, სილამაზე იკარგებაო,
ზემოდან სჯობსო,
მეც ზემოდან მიყვარს დღემდე კაბის ჩამოცმა,
მაგრამ კაბა-შარვალს სულ სხვანაირად ვირგებდი.

სადღაც, ჯანდაბაში, სიღრმეს რომ მზერა შეეყინება,
ისეა ჩემი დღეები,
თან იცი, ჭირხლივით მშრალი ქალობა შენი საქმე არაა.
ისიც იცი, ციკლისწინა გამოდინებამდე,
ტანს რომ მთელი საგიჟეთი აქვს  გამოსახარში...
შე ქალო, ამასაც ხო ძალა უნდა, თუ გამბედაობა?!
და რა არ გაბედე,
რა დააკელი თავს,
რანაირი პოეტი ხარ,
თამამად თუ ბუზი არ დაინახე ვაკნარზე?!

ნაბახუსევზე შენი მზერა ისე მჩატეა,
ისე ლოკავ ძვალსა და რბილს,
მოგუდულ სლოკინში ფიქრიც გერევა.
თვალს გადაავლებ მწნილს და ხელსახოცს,
ჩაიცლი ყელში ყველა დარდს
და სანამ რამეს წამოროშავ,
ტოვებ დუქანს ისეთი დაღლილი, თითქოს გუდა იყო სილით სავსე და
სადღაც მიეგდო შეფენილში,
ირგვლივ კი ქალები - მოუცლელები,
ყანაში გაქცეულები,
პირსა და ხელში ტაროგამოვლებულები.

არადა, ხელამდე გული ხომ იყო,
თვალიც ხომ იყო,
არც გული გეღლებოდა,
არც - თვალი.
იმ შეღიტინებაზეც ნაძალადევად ვბჟირდებოდი...
შენი თითებიდან გამოსული სიტკბოება...
ნელ-ნელი დება და კვნესა,
თაფლის საფენივით საამო,
და კოჟორაც...
კარგი იყო წყაროსავით ქალობაც,
მერე მიწაც იძრა და შემცვალეს შენარევებმა.

მოგვწონდა თმენაი საკვირველი,
ვნებაი საკვირველიც,
ახლა წერაღა დარჩა საკვირველი,
წერას აყოლილმა ხელიდან წასვლაც იცის.

როცა დამაცხრე და შემითავსე,
როცა ჩემს ტანში იდგა ალმური,
მახსოვს, თვალები სიცრუით სავსე,
მაგრამ ხელები - გენიალური.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები