ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
24 თებერვალი, 2023


იათე

  თვალები მიწა იყო თითქოს. წვიმით გაჟღენთილი, ხანმრავალი და დაღლილი მიწა. ის მიწა საკუთარ სხეულში ინახავდა უკვე მიხრწნილ მოგონებებს. შენივთებოდა წლებიცა და გარდასული ამბებიც. თვალები მიწა იყო, წვიმით გაჟღენთილი მიწა. ნიადაგი კი, რომელზეც იათე დააბიჯებდა, უკვე აღარ იძლეოდა ნაყოფს. ჩემსავით ჩამობერდაო მიწაც, ფიქრობდა კაცი და მძიმე ნაბიჯით მიუყვებოდა აღმართს.
  დამძიმებულიყო სხეულიც. იათეს ხელებივით დაბზარულიყო ნიადაგიც. გამომშრალიყო, დანაწევრებულიყო თითქოს ერთმანეთთან კავშირი დაეკაგა მიწის თითოეულ მარცვალს, ამიტომ თუ იყო, რომ ძნელად ანდობდი სხეულს, ამიტომ თუ გამხდარიყო ასეთი არამყარი.
  ამ აღმართს ვინ მოსთვლის რამდენჯერ შესდგომია იათე. მაშინ ხის მჭრელი იყო. მხარზე ცული მოეგდო და ტყის სიღრმეში დაეძებდა საშენ მასალას. იათე ახალგაზრდა იყო, ის ხეებიც ახალგაზრდანი იყვნენ. ერთმანეთს ერკინებოდნენ, ღონეს სცდიდნენ და იათე იმარჯვებდა. არა, კაცს ეგონა, რომ ტყეს ჯაბნიდა. მზე სანამ ცას გვირგვინად დაადგებოდა, მანამდე ასწრებდა იათე ტყეში შეღწევას. მერე ხეებს შორის ნელ-ნელა ჰყოფდა თითებს სინათლე და იათეს დღეც იწყებოდა. მზე გადაიწვერებოდა და ახლა თავდაღმართს დაუყვებოდა. მორები მიჰქონდა საპალნით. მერე იმავე საპალნეზე მიაბა ლამანის სხეულიც და დაუყვა დაღმართს. ის ყველაზე დიდი დაღმართი იყო, არა და არ გათავდა.
  ლამანის დაღლილი მხრები ჰქონდა, მოხრილი ბეჭები, კეფაზე დაუდევრად შეკრული თმა და მიმქრალი ტუჩები. თვალებში არასდროს შეხედავდა კაცს, თითქოს მის მიღმა იყურებოდა, რაღაც სხვა ცის მზირალი. თევზის დუმილი დაჰქონდა ლამანის. იათე მაშინ არ ფიქრობდა ამ სიჩუმის მიზეზებზე, მაშინ ეგონა, რომ ლამანი იმისთვის დაბადებულიყო, რომ ყოველ ღამე გაეხადა თავისი შემოდგომისფერი კაბა, გულაღმა დაწოლილიყო და ისე დაელაგებინა მკერდზე კაცის სურვილები, თითქოს მკითხაობდა და მის ცოდვებს მიყოლებით შლიდა სხეულზე. წითელი შავი, ისევ შავი და კვლავაც შავი. არ ფიქრობდა იათე, შავი სურვილები შავ ბედისწერას თუ მოასწავებდა. მაშინ არც ის იცოდა კაცმა, რომ ეს ქალი უყვარდა. არ იცოდა იათემ, რომ ამ ქალის სიყვარული აცოცხლებდა თურმე, ის იყო მისი მკლავის ძალაც და დღის სინათლეც. ის იყო მისი აღმართიცა და თავდაღმართიც, მისი ყველაზე დიდი ბრძოლაცა და გამარჯვებაც. იათეს ეგონა, რომ ლამანი უნდა ყოფილიყო მის გვერდით, როგორც მზე, რომელიც უეჭველად უნდა ამოსულიყო. იათემ არ იცოდა, რომ ლამანი კი არ იყო ნაწილი მისი ცხოვრების, თავად იყო ცხოვრება. არ იცოდა, რომ ეს ქალი უყვარდა. და ეს ქალი იყო თავად სიყვარული. ეს სიყვარული გატოტვილიყო მის ძარღვებში, ეს ქალი იყო რომ ყვავილობდა და ესვე იყო, ფოთოლცვენების მიზეზი.
  იათე არ ფიქრობდა. იათე შეშის მჭრელი იყო და ყოველ დილით ტყეს ერკინებოდა. ჭრიდა ხეებს, სანამ ერთ დღეს მეწყერმა არ იხუვლა და მისი ლამანი მიწის გულში მოიქცია. მერე იმ მიწად იქცა იათე, იმ მიწად ექცა თვალები, ნაწვიმარ მიწად.
მანამდე იყო იათე, რომ გაშლიდა ჯაფისაგან დაღლილ მკლავს, ლამანის თავს ჩამოდებდა ზედ და ღრმად დაიძინებდა. მერე და მერე დასჩემდა სიზმრები: წვება იათე, გვიან მოდის ძილი. როდის როდის ერევა თვლემა მის ქუთუთოებს და მზერაში იჭრება ტყე. ტყე ისევ ისეთია, როგორიც იყო იათეს ახალგაზრდობაში, დაბურული, ძლიერი, მოშრიალე, იათეს ისევ აქვს საკუთარი მკლავის ძალის იმედი და მიუყვება აღმართს. ტყის ბილიკზე ჯერ მხოლოდ ბინდი წევს, მერე ნელ-ნელა ნისლივით მოიპარება სინათლე. იათე ეძებს, ეძებს ყველაზე ჯანსაღ ხეს, ყველაზე ატოტვილს, ყველაზე ძლიერს. ადგილს არჩევს, ცულს იმარჯვებს და მთელი ძალით უქნევს ხეს, ნაფოტები აქეთ-იქით ცვივა, მერე ეს ნაფოტები ლამანის სხეულის ნაწილებია თითქოს. აგერ მისი პატარა და სუსტი თითები, მისი თვალები, მისი თეძოები, მისი მკერდი... მერე ლამანი იწყებს ლაპარაკს. აღარ უსმენს ლამანი. ცდილობს იათე პირზე ხელი ააფაროს და დაადუმოს, მაგრამ ქალის დანაფოტებულ სხეულს შორის ვერა და ვერ აგნებს ბაგეებს. ლამანი კი არ წყვეტს ლაპარაკს და ჰყვება ამბებს, რომელიც ვერა და ვერ ითქვა აქამდე. იათე ფიქრობს, რომ თურმე რამდენი ჰქონიათ სათქმელი ქალებს, რომლებიც მუდმივად დუმან...
  ლამანი ისევ იძარცვავს სხეულს, როგორც ძველად, ნელა, თავაუღებლად, თითქოს პირველიც იყოს ეს ღამე და უკანასკნელიც, მერე წვება, შიშველ სხეულზე ისე შლის კაცის ცოდვებს თითქოს მკითხაობდეს: წითელი, შავი, ისევ შავი და კვლავაც შავი... იათემ უკვე იცის, რომ ეს შავი ბედისწერის კარტები თავად მოჭრა. და მერე მოდის დღე, რომელსაც არ მოაქვს სინათლე, რადგან არსადაა ტყე, რომლის დაბურულ ფოთლობს შორის უნდა შემოპარულიყო მზის სხივები და აღარც ლამანია. და იცის იათემ, კარტები არ არიან დამნაშავე, ჩვენს შავ ბედისწერაში, რადგან თავად ვჭრით ყველა ხეს, რომელმაც ჩვენი ცხოვრების სიყვარული დამეწყრისგან უნდა იხსნას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები