1
ქალწულო, ოდესღაც მეც ვიყავი შენსავით უმწიკლო, ნათელი შუბლით, კაფანდარა ტანითა და ვიწრო წელით მოფრიალე, ოდესღაც მეც მქონდა აპრეხილი ძუძუები, ვიხდენდი საბავშვო საქანელასაც, დედის ფეხსაცმელიც ჩამიცვამს მოზარდ ასაკში, იმთავითვე ვხვდებოდი, თუ რა ხმაურიანი ცხოვრება მელოდა, მაგრამ ისე უნდა გამევლო ყოველი ბილიკი, როგორც მშობელს სურდა.
გიმზერ და ვჯავრობ, მოდგება დრო, შენც გამოძვრები სუფთა გოგონას ტყავიდან, გადაეშვები გაშლილ მკლავებში და აი, მაშინ სულ სხვანაირი მზე იყივლებს უცხო სისხამზე, და ყველა ვარსკვლავი, ბავშვობაში რომ ათასამდე დათვლილი გქონდა, შავ ლაქებად დააჩნდება შენს მღვრიე ცას.
არ შეუშინდე ამ ცხოვრებას, შენ ქალად გაჩნდი, ვალია შენი, გააჩენ შვილებს.
2
პატარძალო, როგორ უხდები ახალ ქალობას, ხალათის კალთას გამობმული ხის სარჭებით მოცქრიალე, ცისკენ აშვერილი ხელებით დაგრეხილ მავთულზე ჰფენ წინდის საყელოს, გიჭმუჭნის სახეს მცხუნვარე სხივი, ყველა ყვავილთან იწყებ გაფურჩქვნას, ქმარი კი ტკბება ამ ნეტარებით, თითქოს თაფლი ხარ, ყოველ შენს მიმოხვრას დაჰყვება და დათვივით ყნოსავს, იმ იმედით, რომ არასოდეს გაუთავდები.
არ გაუცივდე ამ ცხოვრებას, ვალია შენი, შენს ფაფუკ მუცელს შვილები შია.
3
ორსულო, თუ რამეს ვხედავ მშვენიერებას, მხოლოდ შენა ხარ, შეცვლილი ფერით, ანგელოზების ფრენას გამყოლი, შენი სხეულის ცენტრის სიმრგვალე ისე უხდება ამ დედამიწას… არა ხარ ერთი, შენ ან ორი ხარ, ანდა სამი ხარ, და მუცელს ისე ეალერსები, როგორც ფუტკარი შროშანის ბუტკოს.
არ დაუფრთხე ამ ცხოვრებას, ვალია შენი, უშობე შვილი.
4
შინაბერავ, მე ვხედავ, ყოველი დილის გათენებისას შენ იწყებ ლოცვას, ლოცავ დედ-მამას და წყეულ სახლსაც, საიდანაც ვერა და ვერ გააღწიე, მისტირი წარსულს ასაკთან ერთად, ნაოჭთან ერთად, ყოველ ძილისპირ წყევლი იმ ბიჭს, რომელსაც უკვე ბაბუა ჰქვია, შენს ბედისწერას მართავს ტკივილი, იქნებ, ერთხელაც გამოიდაროს, ყველა დარაზულ ურდულთან ერთად შეხვდე გაზაფხულს ღიას და თოთოს. არ დაებოღმო ამ ცხოვრებას, ვალია შენი, იშვილე ბავშვი.
5 გამოთხოვილო, რომც თანაგიგრძნო მცირე წუხილით, არა აქვს აზრი, ბალახობ მშვიდად თავისუფლებას, სიფრთხილით ხვდები დარდსა და იმედს, შენთან ყველაფერს გაუდის ყავლი, ყოველი დაღლა ისე იწვნიე, როგორც მეცხვარემ – მარტის ამინდი. არ გაუწყრე ამ ცხოვრებას, ვალია შენი, გაზარდე შვილი.
6 ქვრივო, მოიშორე ეგ ძაძები, მოდი, ბარში დავსხდეთ, მიამბე შენს მკვდარ ქმარზე, რაზე საუბრობდა სიკვდილამდე, შენგან არაფრით განვსხვავდები, შენი კაცი მიწამ ჭამა ჩემი – დრომ. მოვლენ ახალი ხელები ახალ დროში და დაგენანება თეთრი კანის სიბერე, გაუჯავრდები დახარჯულ ცრემლსაც. შეიძლება, გაგიკვირდეს, მაგრამ ეს აჭარული ხაჭაპური, ასეთი მზისფერი, უფრო მენანება მოსანელებლად, ვიდრე ყუმი წარსული, შეხედე, როგორ ჰგავს ვან გოგის თვალს. წესიც ხომ ვიცით, როგორ ვიწყებთ ჭამას: ყუა ყურივით მოვამტვრიოთ, მაგრამ, როგორ გინდა ჩაშალო თოხლო სიყვითლე?! თითქოს თვალის გუგას ჩიჩქნი და სანსლავ მთელ სინათლეს. არ აუტირდე ამ ცხოვრებას, ვალია შენი, შვილს დედა უნდა.
7 მრუშო, წარმოიდგინე, წინა ცხოვრებაში ცხვარი იყავი, მოვიდა მგელი, არ შეგჭამა, გაკუნტრუშა და შენთან ერთად დიდი ზეიმი გამართა გაშლილ ველზე, წარმოიდგინე, მგელს რომ ჰყვარებოდი, ეყმუვლა და დაეცავი ყველა მტაცებლისგან… არადა ღმერთმა ხომ შეგიყვარა?! და მაინც, არც მგლის შიში, არც ღმერთის ხათრი, არც… არ გაერიყო ამ ცხოვრებას, ვალია შენი, სჭირდები შვილებს.
8 ხშირად გამეფიქრება, კაცი რომ არ გვეფერებოდეს, არ გვიბრაზდებოდეს, ხანდახან ტრაკზე ხელს არ წამოგვარტყამდეს, ბოლოს არ გვიკვდებოდეს, ფასი არ ექნება ქალის გაჩენას! მოვიდოდით ბრინჯივით მიმობნეული, ,,ერთი აყვავება ნეხვიც ხომ აყვავდა”?! ქალებო, ერთი პოეტი ვიცი, ამას წინათ მთაზე ავიდა, ცხვირ-პირს პეშვები ააფარა და ყველას გადმოგყვირა: ,,მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა”...
2021.17.04.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძვირფასო ირინა 2. კომენტარის შინაარსი ბოლომდე ვერ გავიგე და არც არსად არაფერი არ შემიმჩნევია. ჯემსი ფრანგი იყო, ლანგე ინგლისელი ერთროულად ერთნაირ იდეებს აფრქვევდნენ, მაგრამ ერთმანეთისთვის არ გადაუბრალებიათ. დამშვიდდით საქართველოში ყოველი მეორე მწერალი და პოეტია.რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ძვირფასო ირინა 2. კომენტარის შინაარსი ბოლომდე ვერ გავიგე და არც არსად არაფერი არ შემიმჩნევია. ჯემსი ფრანგი იყო, ლანგე ინგლისელი ერთროულად ერთნაირ იდეებს აფრქვევდნენ, მაგრამ ერთმანეთისთვის არ გადაუბრალებიათ. დამშვიდდით საქართველოში ყოველი მეორე მწერალი და პოეტია.რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ.
2. მადლობა, მუხა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ვიღაცეები ჩემიდან იდეების გაცუნცულებას აღარ იკადრებენ.)))) შეამჩნევდი ალბათ, ამ ლექსის გადამღერებას. თარიღიც მითითებულია 2021 წ. რაღა დამრჩენია გარდა გაღიმებისა. ))))) მადლობა, მუხა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ვიღაცეები ჩემიდან იდეების გაცუნცულებას აღარ იკადრებენ.)))) შეამჩნევდი ალბათ, ამ ლექსის გადამღერებას. თარიღიც მითითებულია 2021 წ. რაღა დამრჩენია გარდა გაღიმებისა. )))))
1. მშვენიერია, ეს ყველამ უნდა წაიკითხოს . მშვენიერია, ეს ყველამ უნდა წაიკითხოს .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|