ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2023


ჩურჩხელებისთვინ

  გუშინ გავიღვიძე და ვიგრძენი, რაღაც კარგად ვერა ვარ. კისრის ძარღვები მაქვს დაჭიმული, იტყვი უნდა დაგასკდეს, მარცხენა ყურის უკან, ხელისგულისოდელა ადგილი მეწვის, სიცოცხლეს მიმწარებს. თვალებიდანაც თითქოს ვეღარ ვიხედები ადამიანურად. ეს სკამი კიდევა, ჩემსავით გაწყალებული კაბა რომ ჰკიდია, რამდენჯერაც ხელი გავიწვიდინე, იმდენჯერ, თითქოს ჩემგან გარბისო, მშორდება და ხელებს ვაფათურებ, რომ როგორმე წავეტანო. გაჭირვებით გადავიცვი ჩითის პერანგზევე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ საქმეში ხარ? გონება მეთიშება თითქო, თავბრუ მესხმის.
  ტუალეტში მინდა გასვლა, ეს ოხერი კიდევ მამიჩემის მამასთან არი, რა მივა ახლა იქმადინ? სულ ბრაცა-ბრუცი გამიდის.  ვფიქრობ, ქა, შევიდე და ტუალეტში გამძვრეს სული? რა ვახტანგა, ის ცხონებეული, ეგრე არ იყო? მთასავით კაცი შევიდა და ბრახ, წამიც არ დასჭირდა მის გათავებას. არა, ათასი ტანჯვა და უბედურება გამივლია და მაკმარე ღმერთო, ეს სირცხვილი აღარ მაჭამო. ახლა იმასაც ვფიქრობ, არ შევიდე და უარესი შერცხვენა არ იქნება, აეგრე ზეზეულად რო... უიმე, უწინამც მზე დამიბნელდეს, ვიდრე ეგრე დამიდგეს საქმე.
  რის ვაი-ვაგლახით გამოვედი, თავი მტკივა ისე, ეგაა და გამისკდება-მეთქი, დაწოლისა და თვალების დახუჭვის მეტი არა მინდა, მაგრამ ვაი და მართლა ფეხებსა ვფშიკავ, გამოცვლილი მაინც მქონდეს... იჰ, კოხტა-პრუწაობის თავი არა მაქვს, რაც იქნება, იყოს. ვწვები, თვალებს ვხუჭავ თავბრუს ხვევა და ეს ოხერი გულის რევის შეგრძნება ცოტა კი ყუჩდება. საკუთარ ტკივილებს ვუსმენ. რაც მეტად ვფიქრობ, ესა მტკივა და ესე ცუდადა ვარ-მეთქი, მით მეტად მიახლოვდება შიში, საბანსა სწევს და ჩემს დაძარღვულ და დაჩამიჩებულ ფეხებს ეტმასნება და ზემოთ-ზემოთ მოცოცავს. ხელის ცეცებით ვპოულობ სკამზე წუხელ დატოვებულ ნახევარ ადელფანს და ენის ქვეშ ვიდებ. წამალს ნერწყვი შლის და პირში მწკლარტე გემოს მიტოვებს. და სანამ ჩემს ტკივილებს ვზვერავ, ხსოვნას ცარილი ნიჟარებივით ნაპირზე გამოაქვს მარიამის სახება.
  მარიამი ჩვენთან პირველად რომ გამოჩნდა, მე უკვე 4 შვილის დედა ვიყავი და ბავშვები სკოლაშიც მყავდა გაგაზავნილი. სონიას ფარდული ინათხოვრა. ჯერ ახლა რა და მაშინ მით უფრო ამრეზით უყურებდა ხალხი მარტოხელა ქალებს, მაგრამ მერე და მერე დაამტკიცა, რა ქალიც იყო, რა დედა, რა ადამიანი. მან კი არ დაამტკიცა, დრომ თავად გახადა ცხადი, თორემ თავად ისე იყო, თითქოს ეს სამყარო და მისი ავან-ჩავანი მთლად უმნიშვნელო ყოფილიყოს, ცხოვრობდა და იბრძოდა, არავისთვის არაფრის ახსნის არც სურვილი ემჩნეოდა და არც გული ჰქონდა.
  17-18 წლისა ძლივს იქნებოდა, ჩაცვენილი თვალები ჰქონდა, ისეთი ღრმა და მეტყველი, მრავალგზის გამობრძმედილი ადამიანი გეგონებოდა, მუცელი საგრძნობლად დასტყობოდა. აღარ მახსოვს მე რა ვთქვი მაშინ, მაგრამ ალბათ მეც კი ვიტყოდი რასმეს, ენა რას დადგება, ასეთები ვიყავით, ასეთები ვართ ადამიანები, სხვაზე სათქმელი მოგვცას კაცმა და რაღა დაგვაყენებს. ერთი ხანობა იყო და აყაყანდა ხალხი, ისაო, შეეკავებინა თავიო და არ დასჭირდებოდა ასე უცხოობაში თავის შეფარებაო, აესე უპატრონოდ არ ეგდებოდაო. „სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო“, მაგაზე მართალი არ თქმულა ამ მზიან ქვეყანაზე. ჰოდა, ჭკუის მასწავლებლებს რა გამოლევს და კიდევ იმათ ვირი სულ რომ მზად ჰყავთ, ოღონდ კი ვინმე გამოიჭირონ და უკუღმა შესმული ჩაატარონ თემ-შარაზე, მაგრამ ამებზე სხვა დროს იყოს, მარიამისას ვამბობდი.
  ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ კლასიკური ამბავი იქნებოდა მარიამთანაც: სიყვარული, თავდავიწყება, პირობა ქორწინებაზე, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებაზე და ლაჩქრობა, მოვალეობის აღების შიში და გაქცევა.  ვინ იყო და როგორ იყო, ხმა კრინტი არ დაუძრავს, სიყვარული რო იყო, იმაზე შეატყობდი, ერთი ავი არ დასცდენია, ერთი საყვადური, ერთი წყევლა. ის კი თქვა, მამაჩემი და ჩემი ძმები ნაკუწებად ამქნიდნენ, ასე სჯობდა ყველასთვის. ისინიც მშვიდად არიან, რომ ცოდვას ასცილდნენ და მეც გავაგრძელებ ჩემს დაძონძილ და გასაცოდავებულ ცხოვრებასო. გამოქცეულა და შერცხვენილი არც არავის უძებნია და არც არავის მონაკლისებია ალბათ, თორემ ამ მუჭისოდელა ხალხში ერთი გოგოს პოვნას რა ედგა წინ.
  სონიას ფარდული კიდევ ერთი ფარღალალა იყო, ძველ დროს აქ ბზეს ინახავდნენ, მერე ათასი ხარა-ხურა ჰქონდა შეყრილი. გამოასუფთავა, სულ კრიალი დააწყებინა, როგორც ფარდულის გაკრიალება შეიძლებოდა, მაგრამ ქარი კი შედიოდა და დანავარდობდა თავის გამოზე. წესიერი ქვეშაგები იმას არ ჰქონდა, ვინ იცის რამდენი ეშიმშილა, დარდსა და ვარამს ხომ ნუღარ იტყვი, მის გამიტკლებულ სახეს ეწერა ყველაფერი, რაც გაევლო და რასაც ახლა გადიოდა.
  კარი-კარ დაიარა, სამუშაო ხომ არავის გაქვთო. საჭმლის სანაცვლოდ მოგეხმარებით, ფული არ მინდაო. ახლა სულ ეშმაკის პირიდან გადმოვარდნილი რომ ყოფილიყო, მშიერს როგორ დავტოვებდით, მაგრამ სამოწყალო არ ქნა და არ ინდომა, სამუშაო კიდე, ნეტა რა სამუშაო იყო, სული კბილით გვეჭირა. მაინც გამოიჩხრიკა რაღაც, ვის სიმინდი გამოუჩნდა დასაჩენჩი, ვის სარეცხის რეცხვაში დასჭირდა ხელის წაკვრა, ვის ბავშვების დამტოვებელი სჭირდებოდა. არც რა იცოდა, ეტყობოდა მის სანთლისფერ თითებს, ცხოვრებაში არც რა ეკეთებინა, მაგრამ არაფერს თაკილობდა, გვაკვირდებოდა და სწავლობდა. შრომობდა თავჩარგული. მუდამდღე დამუწული პირი ჰქონდა, არც ცრემლი დაუნახავს მისი ვისმეს და არც -ღიმილი, ან კი რა ჰქონდა საღიმილო. ბავშვსაც მარტოკა შობდა და გადაჰყვებოდა კიდევაც, ის შავ დღეზე გაჩენილი, სონიას მისი ღმუილი რომ არ გაეგო.
  გააგორა ბიჭი. ისეთი პირმრგვალი და თვალებბრიალა. ავი იმას არაფერი ეტყობოდა, ან კი ვის  რისი შეტყობის თავი გვქონდა, რომელი დოხტურები ჩვენ ვიყავით. მაგრამ რამდენიმე თვეში ისე ცხადი გახდა, ჯერ აქა-იქ წაიჩურჩულეს ქალებმა, ბოლოს ხმამაღლა ავლაპარაკდით და სულ ბოლოს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მარიამიც მიუხვდა.
  ვისაც რისი საშუალება გვქონდა წავეშველეთ და რაიონში წავიყვანეთ ექიმთან. ექიმს მისი გასინჯვით დიდად თავიც არ შეუწუხებია, შეხედა, შემოხედა, ხან ჩაქუჩი მიუკაკუნა, ხან იქ წაავლო ხელი, ხან - აქ და უთხრა, ამის საშველი არაფერია. ჩათვალე კუტი პური გქონია სახლში, ვერც რის გამგებია, ვერ გაივლის და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ძალიან მცირეაო. ფურცელზე რაღაც დაწერა გაკრული ხელით და გაუწოდა, აქაო მისამართი წერია, აქა და აქ მიხვალ, ამნაირი ბავშვები ჰყავთ, ჩააბარე იქ უკეთ მიხედავენ, თორემ შენ ამის მომვლელი არა ხარ, ამასაც დატანჯავ და საკუთარ თავსაცო.
  მარიამი ერთი ხანობა კი უსმენდა, მერე დაავლო თავის შვილს ხელი, არც მადლობა უთქვამს, არც ნახვამდის, ჩვენც ეგრე შეგვატოვა და სულ სირბილით წამოვიდა.
  ყველამ ვურჩიეთ, საცოდაობაა ამისი ყურება, ჯერ არი და ხელში გიჭირავს, ცოტა ხანში ამას ძვრას ვეღარ უზამ, ფეხს ეს ვერ აიდგამს, ლაპარაკს ეს ვერ ისწავლის, ცოდვის შვილად უნდა გყავდეს. ჩააბარე, ამას მაინც არაფერი ესმის, შენც ცოდო ხარ, ახალგაზრდა ხარ, მშვენიერი შესახედი, მერე რა ერთხელ შესცოდე, თქმულა, ერთი ალილო მვდელსაც კი წასცდებაო, რა იცი, ცხოვრების ჩარხი, საით შემოტრიალდეს, იქნებ ბედმა გაგიღიმოს, ოჯახი შექმნა, არიან, კაცო, ან ქვრივები, ან რამე, სულაც რო არ დაგიდევენ, რა იყო და როგორ იყო, იქნებ ოჯახს მოეკიდო, ასე გასაწყლებულმა როდემდი უნდა იცხოვროო. ტირილი დაიწყო. ვის რას გიშლით ეს ბავშვიო. ვისთვის რა ზიანი მოაქვსო. ანგელოზიაო, ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრძნობს, ნეტა ექიმებმა რა იციან, ჩემზე კარგად რა ესმით ჩემი შვილისაო. უწინამც მოვკვდები, ვიდრე ჩემს შვილს ასე უვარგისი ნივთივით მოვიშორებ თავიდანო. ნუ გეშინიათ არავის ტვირთად არ დაგაწვებით მე და ჩემი შვილიო. ვეფიცეთ და ვეჯავახთ, რასაა ქალო, რომ ამბობ, გულშიც არ გაგვივლია ეგ, შენთვინ გვინდა კარგი, თორემ მაშ რაღაის სოფელი ვართ, ერთი ქალი და ერთი ბავშვი ვერ შევინახოთო. მაგრამ არა ქნა და არა. არავისი შესანახი თავი არ გაუხდია.
  ორი დღეც არ იქნებოდა გასული და ისევ რაიონში წავიდა და მეეზოვედ მოეწყო. დილაღამიანად მიდიოდა, ამ ბავშვს იატაკზე დააწვენდა, გარეშემო მუთაქებს შემოულაგებდა და აეგრე მძინარეს მიატოვებდა, ესეც რა სადმე გაექცეოდა თუ რა, როგორც დატოვებდა, ისევე ხვდებოდა. რა ძალა ჰქონდა, ამ თითისტოლა გოგოს, უფალმა თუ იცის, წიგნი ამან არ იცოდა და არავის არაფერი ესწავლებინა, მაგრამ ცხოვრებაზე მაგარი მასწავლებელი არ არსებობს. ჯერ ხომ იქ გვიდა და ასუფთავებდა ქუჩებს, მერე მზე რო შუბისტარზე იყო, აქ ამოვიდოდა, შვილს დახედავდა, აჭმევდა, გამოუცვლიდა და ახლა აქ დადიოდა კარდაკარ და ზოგს რაში წაგვიკრავდა ხელს და ზოგს - რაში. აქაურებისგან ფულს, არამც და არამც არ აიღებდა, ლობიოს დაგარჩეინებდა, ერთი სადილისოდელად წაიყოლებდა, მატყლის დართვაში გშველოდა და ერთს საწინდე ძაფს აიღებდა და ეგ იყო და ეგ. ლუკმა-პური სათხოვნელი არ ჰქონია, პირში არავის შეჰყურებდა.
  „ნეტა გამაგებინა ვინ ჩადგა ამ ანგელოზის ცოდვაში, თუ ჩემი ხელით არ გავუერთიანო ძვალი და რბილი,“- ტყოდა ხოლმე ჩემი კაცი. ასე  ფიქრობდნენ სხვებიც. კაცს კი არა და ჩვენს არე-მარეში ქვას ვერ ნახავდი მისი პატივისცემა არ ჰქონოდა. წვალობდა? მაგას წვალება ერქვა? წელებზე ფეხს იდგამდა, მაგრამ ადამიანი შვილი არ იყო, მისი წუწუნი გაეგო, ღმერთსაც კი არ აწუხებდა, მადლობა და მადლობაო ისე ხშირად იტყოდა ხოლმე, იფიქრებდი გულში, ნეტა შე  უბედურო რისთვის სწირავ მადლსა, შენთვის რა მოუცია ამ მზიან წუთისოფელს ტანჯვის მეტიო, მაგრამ აეგეთი სხვა ცის ქალი იყო.
  ალია-ბალია 7-8 წლის ჰყოლოდ ბავშვი, რომ ავადობა დაეტყო. ჯერ სულ რა იყო და ისე გახდა, ისე გაყვითლდა, ისე ჩაუღრმავდა თვალები, ისეთი ნატანჯი სახე ჰქონდა, აღარ მოვეშვით: რა დაგემართა, ქალო, თქვი, მართლა ქვისა ხომ არა ხარ, ხორციელი ხარ შენც, ხანდისხან სხვისი შეშველებაც გჭირდება კაცსა, სულ მარტო როგორ გინდა გაიტანო ეს სოფელიო. ყველას თავისი გასაჭირი აქვს, თავისას ეზიდება, ახლა ჩემი დარდიც ზურგზე არ ავკიდოო. მაინც არ მოვეშვით, ექიმთან წავიყვანეთ.
  მთელ სოფელს ელდა გვეცა, კიბოო, რომ გავარდა ტყვიასავით ექიმის განაჩენი. ახლა რა, მადლობა გამჩენს, ყველაფერიც იკურნება, ფული თქვი შენა, მაგრამ მაშინ, იმ დროში, კიბო უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა, ჰა და ჰა, ერთ თვემდე გაგეძლო. ასეთი ამბები კიდევ სინათლეზე სწრაფად ვრცელდება და იმ საღამოსვე მოვიყარეთ მარიამის შეშის ღუმელთან თავი მთელი სოფლის ქალობამ.  ღმერთი-რჯული, დამეფიცემა, არც მოვალეობა იყო და არც სეირის საყურებელი თავყრილობა, როგორც საკუთარ შვილს, ისე დავტიროდით. გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნოემბრის ბოლო იყო, გარეთ გაშიშვლებული ხეები და მწარე ყინვა იდგა, ოთახში ნავთის ლამფა ჭვარტლავდა და კიდევ ცეცხლის ალი ანათებდა იქაურობას და ამ ჩაჟამულ საღამოს და ცუდად განათებულ ფარდულში, იჯდა ის შეჩვენებული და ისეთი არამიწიერი ფერი დასდებოდა, ჩვენი შფოთვისა და ვაი-უშველებლის ფონზე, ისეთი განყენებული იყო, ისეთი მშვიდი. საკუთარ ხელებს დაჰყურებდა, კრინტს არ ძრავდა, თითქოს არც ესმოდა აქ რა ხდებოდა, თითქოს ვერც გვხედავდა, გეგონებოდა და სადღაც სხვაგან თუ იყო თავისი ფიქრით. ჩვენ კი სიკვდილს ვგრძნობდით, რომელიც ჩვენს სხეულებს შორის დასრიალებდა და ჩვენსავე უსუსურებას დასცინოდა და გვზარავდა მისი სლიკინა სხეული და მისი მოუხელთებლობა, მისი ძლიერება, მისი გარდაუვალობა. და ბავშვი, რომლისკენაც თვალის გაპარება არ გვინდოდა. რომელიც მუთაქებს შორის მიგდებულიყო, კისერს ვერ ამაგრებდა, წელს ქვემოთ ერთი ციდა იყო, განუვითარებელი, დაღმეჭილი კიდურებით, ხელის თითები ეფარჩხებოდა, კბილები გაჰფუჭებოდა და პირიდან დორბლი სდიოდა და ისეთ საზარელ ხმებს უშვებდა, ჩემს მტერსა და ავად მახსენებელს. და ამ დროს, მარიამი იჯდა და თითქოს მთელი ეს ტრაგედია მას არ ეხებოდა, მაინც დედოფალს გავდა ფრადულში მცხოვრები მეეზოვე. მერე თავი ასწია, მხრებში გაიმართა, ღრმად ამისუნთქა და ისეთი გადაჭრით თქვა, თითქოს მართლა მისი არჩევანი ყოფილიყოს, ყოფნა-არყოფნა: ვერ მოვკვდები! მისმა სიტყვებმა ზამთრის ქარივთ გაიზუილა ოთახში და სიჩუმე მოიტანა. ცეცხლის ენებმაც კი ჩაისუნთქეს თითქოს და წამით სამყაროს ენა წაერთვა. მერე წამოდგა, თვალი მოგვავლო და ალბათ თუ მიხვდა, მისი სიტყვები, განმარტებას რომ ითხოვდა, დაუმატა: ამას რა ვუყო, რომ მოვკვდე? -თავით ბავშვზე გვანიშნა.
  მერე ჩაი შემოგვთავაზა, ხან რაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა და ხან რაზე, მაგრამ არ იქნა და საუბრის მძივი არ აისხა. დავიშალეთ. უხმოდ, უსიტყვოდ, დამძიმებული გულებით.
  რაღა ბევრი გავაგრძელო და მართლა არ მოკვდა. აჯობა იმ ვერაგს, თავის ჭკუაზე წაიყვანა. ან რა მოჰკლავდა, ამ მიწას, ამირანს არ მოელანდება, ისეთი ჯაჭვით ჰყავდა მიბმული. კაი 34 წელიც ეზიდებოდა  უღელს, მერე გიორგი წაიყვანა ღმერთმა და წელიწადიც ვეღარ გასტანა. ალბათ აღარ იცოდა რისთვის ეცხოვრა, იმ უბედურს. ან კი ვინ იცის უბუდური იყო თუ არა, იქნება და მის ბედნიერებას ჩვენი პატარა გონებები ვერც კი სწვდებოდა. ჰოდა, ახლა რამდენიც გინდა თქვი ბედიო, ბედისა კი არა და მიწაზე ყოფნის მიზანშია საქმე. იმ ბიბლიურმა კაცმა რამდენი იცოცხლა? გასხომთ? სანამ ყრმა იესოს არ დავიჭერ ხელშიო. ჰოდა, ჩვენ? მე? მე ხომ ახლა არც კიბო მაქვს და არც ასეულ წლებს ვითვლი, ვარ სადღაც მიჯნასთან ახლოს, ისე ეს მიჯნაც ჩვენი დაწესებული რამე მგონია, ეგ იქით იყოს და პატარა რამე წამომტკივა და ეგრევე ჩავწვები ლოგინად და ლამის არის ცოცხლად მივიყარო მიწა, თითქოს როცა იქნება ეგ ამბავი სადმე გამექცეოდეს. აეგეთი უფერული ცხოვრება გავლიე? ყველაფერი მოვასწარი რო, აღარც რა მაკავებს აქეთურობას? - ვკითხე საკუთარ თავს და ჩავფიქრდი.
  ძალიანაც მინდა, საქმე მაქვს, ბავშვებს ჩურჩხელები უნდა დავუვლო, იმათ ენაცვალოთ ბაბო. აეგრევე ჩამოწყვეტენ ხოლმე, ჯერ კიდევ გაუშრობს, ცარიელა ძაფებს დამიტოვებენ, მერე თითქოს ბოდიშობენ, ერთიც არ შეგარჩინეთო, მე კიდე მიხარიან, ჩემი ბეხრეკი სიცოცხლე ჯერ კიდევ რამეში რო არგიათ.
  ჰოდა, აეგრე, იმ ნახევარი ადელფანის დამსახურება იყო  თუ მარიამის წამოგონებისა, კი წამოვდექი, ჩურჩხელებიც დავავლე და ამ ჩურჩელებისთვინ ერთი დღეც წავტაცე ცხოვრებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები