ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2023


დაგვიანება


მიდი და გაუმკლავდი ამ ორომტრიალს,
მიდი აბა და ისე გაუმკლავდი დაკავშირებული,
სახლიდან გასვლის წინ
თითქოს არაფერი დაგრჩენია,
რისთვისაც უკან მიბრუნებულხარ
- ჩართული უთო,
- ანთებული კამფორა
- ან სულაც ტელეფონი,
რამდენი რამის ჩამოთვლისგან თავშეკავებულს,
ფაცი-ფუცისთვის თავდაუღწეველს რამე თუ დაივალე,
ნუსხა პრაქტიკულად ისე გაიზრდება,
მეეჭვება დაიმახსოვრო.
გაგვიანდება.
ქუჩის სარეკლამო უხმო მონიტორზე
სადღაც კალაჰარის უდაბნოში
გაშლილი კარავი,
სოკოს ქუდივით ამოწვერილა,
ორი ახალგაზრდა სიყვარულს უმკლავდება
და მოწმენდილ ცაზე
ვარსკვლავების ორომტრიალში გახიზნულ მთვარეს,
როგორც ვნების უცხო ყარაულს,
თვალების დახუჭვით იგერიებს.
რა საკვირველია რომ
არაფერი ვიცოდეთ მათი გამბედაობის შესახებ.
მათი გეგმების ან მარშრუტის შესახებ. შიშების, მრწამსის ან სულაც
პოლიტიკური გემოვნების შესახებ,
რას დავადგენდით მათი ბავშვობიდან,
წარმომავლობას თუ შემოფარგლავდნენ
გაუცხოებით?
კომპლექსებით გამათრახებულ სამყაროში
ისე შეფერხდებოდნენ,
როგორც ქალაქის გამზირებზე ნაწვიმარში ავტობუსები,
რომლებშიც მყოფ მგზავრებსაც უიმედოდ აგვიანდებათ,
მაგრამ იციან ერთმანეთში აღმოჩინილ ხანმოკლე სიმშვიდეს
როგორ შეუცვალონ მიმართულება ენის გამოყოფით.

19 მარტი 2023 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები