ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 მარტი, 2023


დედასა და დედაშვილობაზე

დედაჩემს არ უყვარდა გაზაფხული. წელიწადის ეს დრო მისთვის 9 მარტისა და 9 აპრილის ტრაგედიებთან ასოცირდებოდა.

წელიწადის დროებიდან მას ზაფხული და შემოდგომა უყვარდა. ზაფხული იმიტომ რომ 11 ივლისს მისი ერთადერთი შვილი დაიბადა, შემოდგომა იმიტომ რომ 11 ნოემბერს დაიბადა. ძალიან უყვარდა დაბადების დღის აღნიშვნა. არასოდეს ესმოდა იმ ადამიანების, რომლებსაც არ უყვართ დაბადების დღის აღნიშვნა.

დედაჩემს ჭირის დღესავით სძულდა ბილწსიტყვაობა, არ უყვარდა უზრდელი ადამიანი. ძალიან განიცდიდა, როდესაც სადმე გინებას გაიგონებდა, მითუმეტეს დედის გინებას. დედის გინება ღვთისმშობლის გინებასაც ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.

დედის მაგინებელ ბიჭებზე შესანიშნავი ლექსი აქვს დაწერილი ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილ პოეტს - ნოდარ ჯალაღონიას. ლექსს სათაურად ,,შეგინებული დედები“ დაარქვა.

ნოდარ ჯალაღონიას ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:

,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“

დედა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იყო, ჩემს ყველა საიდუმლოს მხოლოდ მას ვანდობდი, თვალდახუჭული ვენდობოდი. 53 წლის ასაკში გადაინაცვლა მარადისობაში.

დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, შენი განცდები, შენი ტკივილი, შენი საიდუმლო გაანდო. დედა საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

როგორც ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს, მეც მაქვს საყვარელი ლექსი. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:

დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი
და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.

დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი,
ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში,
სულგანათლებულ მშობლის საფლავი
სულის მისატან არის მხარეში.

აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში,
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ხშირად მიკრავდა მშობელი გულში,
მიზიარებდა გამოცდილებას.

ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ,
ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს,
ქუდბედიანი ვიყავი წინათ,
ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.

მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან,
მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა,
მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად,
როცა მიმიღებს მარადისობა.

აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი
და მეწეოდეს სვეტიცხოველი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები