ვინა სთქვა, მთები მდუმარებენო, ეს მძიმე ოხვრა ნუთუ არავის გაუგონია….თუ ყურს კარგად დაუგდებთ, სიტყვებსაც გაარჩევთ. - ოდესღაც ჩემს გულში ღვთაებრივი ცეხლი ენთო, - ამბობს ერთი მათგანი, სხვებზე მაღალი და მხრებგაშლილი. - ახლა კი გული ცარიელი გაქვს, - ნიშნისმოგებით ეხმაურებიან დანარჩენი მთები, - მძიმე კვალი დაგიტოვა ღვთაებრივმა ცეცხლმა. მაღალი მთა მათ ყურადღებას არ აქცევს და ისევ თავისას აგრძელებს; - ო, რა დრო იყო, რად ღირდა მაშინ ჩემი დანახვა! ცას სწვდებოდა ჩემი ცეცხლოვანი სუნთქვა, რომელიც ყოველივეს არყევდა ირგვლივ. ჭექაქუხილის ღრუბელი გვირგვინად მედგა თავზე. - იმ რყევამ შენ თვითონაც კარგად დაგატყო ხელი, იერი სულმთლად შეგიცვალა. - მერე კი მკერდზე ჩამომეღვარა გულში მბორგავი ცეცხლი, სამეფო მანტიასავით მოქარგა ჩემი კალთები. - ...რომელიც სულ მალე ლოდების უსახურ გროვად იქცა. - თვალს ვერავინ მისწორებდა, ერთ შემხედავდნენ და მაშინვე ძრწოლვით გარბოდნენ ჩემგან. - ახლაც ყველა გარბის შენგან, იმ უბნელესი უფსკრულის შიშით, შენს გულში რომ სუფევს. გესლიანმა შენიშვნებმა მაღალი მთა გააბეზრა და მან მეზობლებს შეუტია; - ნეტავი ვიცოდე, რომელი თქვენგანი იტყოდა უარს ღვთაებრივ ცეცხლზე იმის შიშით, აქაოდა მის კვალზე ბნელი სიცარიელე რჩებაო. დადუმდნენ მთები, ფიქრებს ჩაუღრმავდნენ. მართლაც, რა ურჩევნიათ, ინატრონ ღვთაებრივი ცეცხლი, ჭექაქუხილის გვირგვინს რომ დაადგამს თავზე და კალთებს სამეფო მანტიით მოუქარგავს, თუ უარი თქვან ამ თავზარდამცემ და უმშვენიერეს სანახაობაზე იმის შიშით, მძიმე კვალს დაგვიტოვებსო. დიდხანს ფიქრობენ, ვერა და ვერ გადაუწყვეტიათ, რა სჯობია და როგორ. რაკი პასუხს ვეღარ ღებულობს, მაღალი მთა კვლავ ძალუმად ამოიოხრებს და თავის აკვიატებულ სიტყვებსაც ამოაყოლებს; - ოდესღაც ჩემს გულში ღვთაებრივი ცეცხლი ენთო.... - ახლა კი გული ცარიელი გაქვს, - იმწამსვე მოჰყვება გამოხმაურება მაღალი მთის სიტყვებს. ასე გრძელდება დღემდე.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პროზა არაა მგონი, მაგრამ რაც არის კარგია. პროზა არაა მგონი, მაგრამ რაც არის კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|