| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 30 მარტი, 2023 |
გრაკლიანის თიხის ლარნაკის გაშიფრული წარწერა ჩვენდა სასიხარულოდ, ,,გრაკლიანი გორაზე“ გაგრძელებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, კიდევ ერთ სავარაუდო წარწერას მოჰფინა დღის ნათელი.
ამ ინფორმაციის გაგებისთანავე, დავუკავშირდით არქეოლოგიური რქსპედიციის ხელმძღვანელს ვახტანგ ლიჩელს. ბატონმა ვახტანგმა მოგვაწოდა შემდეგი ცნობა: ,, ჩემი აზრით, აქ მითითებულია, რომ ამ ჭურჭელში, რომელიც საწყაოა, ეტევა ორი ერთეული მარცვლეული, რაც მოცულობაში არის 2X363 გრამზე=726 გრამი. (363 გრამი არის ადგილობრივი, ძველი ქართული წონის ერთეული, რაც დავადგინე გრაკლიანის გათხრების შედეგად). ეს არის შინაარსი, მაგრამ ეს არ არის ტექსტის წაკითხვა“.
მისი ინფორმაცია მნიშვნელოვნად სარწმუნოდ მივიჩნიეთ, თუ რატომ, ამის შესახებ უკვე კვლევის პროცესში ვისაუბრეთ. ჩვენ მხოლოდ წარწერის წაკითხვის შემდეგ შევძლებდით ბატონი ვახტანგის ცნობების დადასტურებას, რომელიც, როგორც სავარაუდო ჭეშმარიტება, ჩვენს გარეშეც არსებობდა. ამიტომ ეს დასტური ჩვენთვის გახდებოდა მნიშვნელოვანი, რადგან ,,გრაკლიანი გორის“ წინა ორი ტექსტი უკვე წაკითხული გვქონდა, დაემთხვეოდა ის ასო-ნიშნები ლარნაკისას თუ არა? ეს დილემა გვედგა.
როგორც წინა კვლევაში, ამჯერადაც საჭიროა თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნის მოშველიება. მისი ცნობების სარწმუნოებაძე ასევე წინა კვლევაში ვისაუბრეთ. წიგნი დასათაურებულია ასე: ,,ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოსა ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან 1848 წ. გამოცემული სანკტპეტერბურგის სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წ“.
ვიცით, რომ სწორედ ამ წიგნშია აღნიშნული ის, რომ ქართველებს უძველეს დროშიც გვქონია დამწერლობა. მისი ერთ-ერთი ნიმუში უნახავს გიორგი მთაწმინდელსაც.
გავიხსენოთ ეს ადგილი: ,,წმინდისა მამისა ჩვენ ქართველთა მნათობისა ათონის ივერიის მამისა და წინამძღვარისა გიორგის მიერ მოთხრობილთა, შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან: ,,ივერია ვინაითგან ქვეყნის სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე ანტიოქიისა სვმეონ წმიდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენი ივერიელთასა წერილი ძველი ფრიად, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი . გვ.34).
შემდეგ ის წერს: ,,ქართლოს, რომელიცა წინაპართა ჩვენთა იქმნა ნათესავთ-მთავარი, იგი თვთ და ყოველნი ძენი, ძმანი, შთამომავალნი და ერნი მისნი მიმზრახ იყვნეს ივერიულად ესე იგი ქართულად, ზრახვითავე ამგვარითა, რომლითაცა ვმეტყველებთ აწ“ (თეიმურაზ ბატონიშვილი გვ. 34).
ეს არის ის ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობითაც ჩვენ შევძელით თიხის ლარნაკის წარწერის სავარაუდო წაკითხვა. უძველესი ეპოქიდან თანამედროვემდე, ქართული მეტყველება იმგვარად არ არის შეცვლილი, რომ მისი გაგება შეუძლებელი გახდეს.
მაშასადამე, თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ჩვენი უძველესი წინაპრები იმავე ენით საუბრობენ, როგორითაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანები. ე.ი. მათი საუბარი გასაგები იქნებოდა თანამედროვე ქართველისთვისაც. ასე დაწვრილებით და მარტივად ამას იმიტომ ვწერთ, რომ წინასწარ ვხვდებით გუმანით, აუცილებლად შემოგვედავებიან ამ საკითხზე, თავს ვიზღვევთ!
კვლევის მიმდინარეობა
საკვლევი თითქმის არაფერი გვქონდა, რადგან ბატონი ვახტანგის მიერ იყო დაზუსტებული, წონის უძველესი ადგილობრივი ერთეული. ამასთან, ლარნაკი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ერთგვარი საწყაო, რომელშიც ჩადიოდა ორი ერთეული ადგილობრივი მინა (წონის ერთეული შუმერი, ეგვიპტე). ჩვენ ასე ვუწოდეთ ადგილობრივ წონის ერთეულს, თუმცა შემდეგ წავიკითხეთ, რომ ბატონ ვახტანგს მისთვის ,,იბერიული მინა“ უწოდებია.
ლარნაკზე გამოსახულია ორი ასო-ნიშანი, შემდეგ ორი ვერტიკალური ხაზი და ისევ ორი ასო-ნიშანი, რომლებიც ,,გრაკლიანი გორის“ საკურთხევლის წარწერაში არ გვხვდება.
პირველი ორი ასო-ნიშანი ჩვენ წაკითხული გვქონდა ,,გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის წაკითხვის შესახებ“ კვლევის იმ ტექსტში, რომელიც მდებარეობდა საკურთხევლის წინ, ჰორიზონტალურად, ხოლო, სტელაზე ჩვენი ვარაუდით ანბანური წარწერა არ იყო და ის წარმოადგენდა პიქტოგრამების ერთობლიობას, რომელიც ასევე წავიკითხეთ (იხილეთ პირველი კვლევა) ლარნაკი დაახლოებით ძვ.წ. მე-10 საუკუნით თარიღდება.ხოლო საკურთხევლის წარწერა ძვ.წ. მე-11 საუკუნის ბოლო პერიოდით, ორივე წარწერა თითქმის ერთმანეთის თანადროულია.
მაშასადამე, პირველი ორი ასო-ნიშანი ლარნაკზე არის ,,ქ“ და ,,რ“. ანუ ,,ქრ“ ე.ი. ქ(ე)რ. ქ (ე) რ (ი). შემდეგ მოდის ორი ვერტიკალური ჯოხი, წონის ორი ერთეულის აღმნიშვნელი და შედეგ კიდევ ორი ასო-ნიშანი.
,,ქრ“ -ეს წარწერა, ჩვენი აზრით, არის ქერის უძველესი დასახელება, მათ ძირი ერთი აქვთ, თანაც ეს ყველაფერი მარტივი ასახსნელიცაა, უძველეს დროში (საკვლევ ეპოქაში) სავარაუდოდ სიტყვები მხოლოდ თანხმოვნებითაც გამოითქმებოდა. გავიხსენოთ, ზოგიერთ ანბანში ხმოვნები საერთოდ არ გვხვდებოდა.
შეიძლება ამ სიტყვის ასო-ნიშნები ,,ქ“ და ,,რ“ გამოითქმებოდა უფრო მოკლედ, ვიდრე თანამედროვე დროში. ასო-ნიშნის ,,რ“-ს გაგრძელებით, ვთქვათ ქრ(რ). ეს მხოლოდ ვარაუდია, ლირიული გადახვევა.
რაც შეეხება ბოლო ორ ასო-ნიშანს, ერთმანეთის ქვეშ მიწერილს, ისინი სხვა ტებსტებში, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, არ გვხვდება, სავარაუდოდ ის წარმოადგენს ,,იბერიული მინის“ საზომი ერთეულის დასახელებას ან სასწორს.
მაგალითად: ქერი ორი ერთეული მინა ან ქერი ორი ერთეული, რასაც აწონის სასწორი. ამ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის გარემოებაც, რომ ბერძნულად სასწორი არის ლიბრა. ,,ლ“ და ,,ბ“.
რატომ ბერძნული ასო-ნიშნები და რატომ ლიბრა? ... დავიწყოთ უკანასკნელით: ლიბრა იყო თანავარსკვლავედიც, რომელსაც უძველესი ადამიანები არჩევდნენ ცის თაღზე. ხოლო, რაც შეეხება ბერძნულ ანბანურ დამწერლობას, ის წარმოშობილია ფინიკიურიდან (ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დამოუკიდებლად შექმნეს) და უფრო ,,ახალგაზრდაა, ვიდრე გრაკლიანის ყველა წარწერა.
ბერძნები უკვე ძვ. წ. მე-12 საუკუნიდან ჩანან საქართველოს ტერიტორიაზე, თუ მანამდეც არა. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, არგონავტები ძვ.წ. მე-12 საუკუნეში შემოსულან დასავლეთ საქართველოში. მათ შეხვდა მამასახლისი აიეტი, მცხეთის მამასახლისის დაქვემდებარებაში მყოფი. ამის გარდა არსებობს უამრავი ფაქტი და აღმოჩენა, რომლითაც დასტურდება ქართველთა და ბერძენთა მჭიდრო ურთიერთობაადრეანტიკურ ხანაში და შესაძლებელია, კიდევ უფრო წარსულის სიღრმეშიც (გავიხსენოთ მინოსური კულტურა). დავიწყოთ უშუალოდ ტექსტის წაკითხვა. ქვემოთ წარმოგდგენთ გრაფიკულ გამოსახულებას ამ წარწერისას და ასო-ნიშანთა შესაბამისობას სხვა ანბანურ ნიშნებთან.
ქერ 2 ერთეული ლიბრა ან როგორც სასწორის შემთხვევაში. ქრ - შემოკლებული ფორმაა ქ(ე)რ-ის, თანამედროვე სახელწოდებაა ქერი. ორი ვერტიკალური ხაზი რაოდენობის აღმნიშვნელი 2 (ორი). (ლბ) შემოკლებული ფორმაა (ლიბრა)-სი. წონა (329g) ან (327g)
განმარტება წონის ერთეულ ლიბრასთვის:
ლიბრა, წონის ძირითადი რომაული ერთეული; ძვ.წ 268 წლის შემდეგ ეს იყო დაახლოებით 5076 ინგლისური მარცვალი ან ტოლი 0,722 ფუნტის. avoirdupois (0,329 კგ). ეს ფუნტი მიიტანეს ბრიტანეთში და სხვა პროვინციებში, სადაც იგი გახდა ოქროსა და ვერცხლის აწონვის ე.წ. ეტალონი და ყველა კომერციულ გარიგებაში გამოსაყენებელი. ფუნტის დღევანდელი აბრევიატურა - lb, ალბათ მომდინარეობს ლიბრადან.
განმარტება სასწორისთვის ლიბრა ძველი ბერძნული სახელია სასწორისა, აგრეთვე, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სახელწოდებაა ერთ-ერთი თანავარსკვლავედისა.
დასკვნა:
I ვარიანტი - ქრ 2 ერთეული ლბ (ლიბრა); II ვარიანტი - ქრ 2 ერთეული, იმდენი, რამდენსაც აწონის სასწორი; ლიბრა საბერძნეთიდან შევიდა რომში, იქიდან ბრიტანეთში ფუნტის სახელით და მისი თანამედროვე აბრევიატურაც ასეთივეა LB. ეს აქამდე ყველას უკვირდა: თუ ფუნტი, რატომ LB ? ... უკვე გასაგებია. - - - - - - - - - - - - - - - - - - - შენიშვნა: დაწვრილებითი ინფორმაცია ასო-ნიშანთა მსგავსების შესახებ განხილული გვაქვს ,,გრაკლიანის წარწერის“ პირველ კვლევაში.
ინფორმაცია ქერის განმარტებისთვის
ქერი უძველესი ქართული მცენარეული კულტურაა. ველურად იზრდებოდა კავკასიაში. ბერძნულად (κρῑθή), ლათინურად (Hordeum L.). სულხან-საბა - ქრთილი;
თანამედროვე მეცნიერთა შორის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი ქერის კულტურასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი თვლის, რომ გაზაფხულის ნათესია ქერი, ხოლო შემოდგომისა კი ქრთილი, თუმცა ივ. ჯავახიშვილი ამ აზრს არ ემხრობოდა და, თვლიდა მათ ერთ სახეობად. მას არგუმენტად მიჰყავდა ლათინური hordeum და ბერძნული (κρῑθή) კრი - კრითე ანუ ქართული გამოთქმით - ქრი (ქრითე). დასახელებები. ამ ენებში ქერი ერთი სახელითაა ცნობილი.
აქვე გავუსვამთ ხაზს იმ გარემოებას, რომ ბერძნულ ენაში არ არსებობდა ასო-ნიშანი ,,ქ“ და ის, როგორც ,,კ“ ისე გამოითქმებოდა.
ო. კახაძის აზრით კი ,,ქრთილი“ შედგენილია ორი - ,,ქრ“ (ქერ) და ,,თილ“ სიტყვისაგან, რომელიც სახეცვლილი ერთ-ერთი პურის ჯიში - დოლია ((კახაძე ო. გამოც. 1987 გვ. 48). მაშასადამე, ,,გრაკლიანის ლარნაკზე“, სარწმუნოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს წარწერა მართლაც ქერს აღნიშნავს და მოცემულია მისი საწყაულებრივი, ანუ განზომილებითი ინფორმაციაც. ამასთან, ძვ.წ. მე-10 საუკუნეში ქერს ალბათ მართლაც ,,ქრ“ ერქვა და მას არ ჰქონდა კომპოზიტი ,,თილ“.
ქერთან ერთად თილ-ის ანუ დოლ-ის შერწყმა და ერთ სიტყვად - ,,ქრთილ“-ად ჩამოყალიბება, სავარაუდოდ მოხდა მოგვიანებით, როცა ჩვენმა წინაპრებმა გამოიყვანეს ხორბლის ეს ჯიში - დოლი ან დაიწყეს მასთან ერთად ქერის დათესვაც. ე.ი. ქრთილს თესავდნენ დოლის ხორბალთან ერთად, ანუ იმ პერიოდში, როცა ითესებოდა ქერიც. და ამგვარად არჩევდნენ ქერის ერთ სახეობას მეორისაგან, რა თქმა უნდა, თუკი ასეთი არსებობდა ან შესაძლებელია დოლის ხორბალს სხვა ხორბალისაგან, თუმცა, როგორადაც უნდა ყოფილიყო. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ქერს ჩვენი უძველესი წინაპრები უწოდებდნენ ,,ქრ“ -ს, ე.ი. ქ(ე)რ-ს; ხოლო, ძველი ბერძნები კი ,,კრი“ - კრითე -ქრი - ქრითე -ქრთი(ლ)ე - ქრთილი.
ქართლოსიანები ამ ლარნაკს ალბათ ქერის გასაყიდად მოიხმარდნენ და მათთან სავაჭროდ ჩასულ ძველ ბერძნებს, ამგვარად უსწორებდნენ ანგარიშს. ამიტომ, ზემოთ გამოთქმულ ვარაუდს შეგვიძლია კიდევ ერთი დავუმატოთ და ვთქვათ, რომ ლარნაკზე დატანილი წარწერა ასე უნდა გავიგოთ:
- ქერი, ტოლი ორი ერთეული ბერძნული ლიბრისა, ეტევა ამ ლარნაკში; ძველმა ბერძნებმა, რომლებიც ჩვენთან იძენდნენ ქერს, იცოდნენ, რომ წარწერიანი ლარნაკი იყო საწყაო ქერისა და ცვლიდა სასწორს, თანაც ლარნაკით ქერი უფრო სწრაფად ,,მიიწონებოდა“.
თუმცა ყველაფერი ეს, არაფერშუაშია მთავარ საკითხთან, მას მხოლოდ ავსებს. ,,გრაკლიანის წარწერის“ ჩვენს მიერ გაშიფრული ე.წ. პირველი ტექსტის ,,ქართოშ(ს)ინ“-ის პირველი და მესამე ასო-ნიშნები დაემთხვა ლარნაკის წარწერისას, რაც ჩვენი კვლევების ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აღარ აყენებს, სარწმუნოს ხდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ფოტოსა და გრაფიკული გამოსახულების აქ დადებას, რადგან კვლევაში ისინი ვორდის ფაილით მაქვს.
ყველა კვლევა არის სოც ქსელებში და აქვს კარგი გამოხმაურება. აგრეთვე გაგზავნილია სხვადასხვა დაწესებულებებში. შემდეგსაც მალე გამოვაქვეყნებ, რომელიც შეეხება საბეჭდავებს.
სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ფოტოსა და გრაფიკული გამოსახულების აქ დადებას, რადგან კვლევაში ისინი ვორდის ფაილით მაქვს.
ყველა კვლევა არის სოც ქსელებში და აქვს კარგი გამოხმაურება. აგრეთვე გაგზავნილია სხვადასხვა დაწესებულებებში. შემდეგსაც მალე გამოვაქვეყნებ, რომელიც შეეხება საბეჭდავებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|